12:08 | 2020-03-23 ავტორი: თეონა ყაჭიური

ექიმები მარნეულსა და ბოლნისში კარდაკარ ივლიან და მოქალაქეებს შეამოწმებენ

ექიმები მარნეულსა და ბოლნისში  კარდაკარ ივლიან და მოქალაქეებს შეამოწმებენ

„ჯანდაცვის ორგანოების წარმომადგენლები მარნეულსა და ბოლნისში დაიწყებენ კარდაკარ სიარულს იმისთვის, რომ გამოავლინონ მაღალი ტემპერატურის მქონე ადამიანები“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს ვირუსის გადაცემის რისკს შეამცირებს.

 

„ხვალ დილიდან ადგილობრივი ხელისუფლების, ჯანდაცვის ორგანოების წარმომადგენლები და ყველა ვისაც ეს ეხება, დაიწყებენ კარდაკარ სიარულს იმისთვის, რომ სწრაფად გამოავლინონ შესაძლო რისკის შემცველი მაღალი ტემპერატურის მქონე ადამიანები და შემდგომ სწრაფად მოხდეს მკურნალობა. ასევე დავალებული აქვთ, რეაგირება მოახდინონ მუნიციპალიტეტებში ოჯახების ნებისმიერ მოთხოვნილებაზე, ეს იქნება საკვები თუ მედიკამენტები“, – აღნიშნა გახარიამ.

 

ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა და მუნიციპალიტეტები ჩაიკეტა.

 

23 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ინფიცირებულია 54 ადამიანი.

 

ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზების პასუხით, განკურნებულია 8 პაციენტი.

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.

 

კორონავირუსისდასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება

 

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X