
„ველოდებით მეორე უარყოფით პასუხს პაციენტზე, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო, გახარებული ვართ, რადგან ასეთი რთული პაციენტების გამოჯანმრთელებაც შესაძლებელია“,- ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა.
საუბარია ბელგიიდან ჩამოსულ ქალზე, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო.
„რაც შეეხება ერთ პაციენტს, რომელსაც გუშინ ავუღეთ ტესტი და იყო უარყოფითი, პირველად შემოყვანილი, 15-ში შემოყვანილი პაციენტია, ძალიან გვიხარია.
დღეს ავიღეთ მეორე ტესტი და პასუხს ველოდებით საღამოს. ბელგიიდან ჩამოსულია, ასეთი ისტორია აქვს მას. იყო უმძიმეს მდგომარეობაში მორბიდული სიმსუქნით, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობით, არტერიული ჰიპერტენზიით, შაქრიანი დიაბეტით, ისე, რომ თითქმის იმედი არ იყო, მაგრამ ძალიან გახარებულები ვართ, რადგან ასეთი რთული პაციენტების გამოჯანმრთელებაც შესაძლებელია. ველოდებით მეორე უარყოფით პასუხს“, – აღნიშნა ლალი ტურძელაძემ.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევა დადასტურდა.
- 31 მარტის მდგომარეობით გამოჯანმრთელდა 21 ადამიანი.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















