
დღეს ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაცია დაიწყო და 2021 წლის 15 მარტი ამ ფაქტით იქნება მნიშვნელოვანი. “ასტრაზენეკას” იმუნიზაციის პირველი დოზები მედპერსონალს უკეთდება.
ქვეყანაში ბევრია ანტივაქსერი, ვინც ცალსახად არ აპირებს იმუნიზაციას. ამაზე დისკუსია მიდის ყველგან, სოციალურ ქსელსა თუ პირად საუბრებში.
“ჩემი ცოლის დაქალების” სცენარის ავტორი, ქეთი დევდარიანი ანტივაქსერების თემას ეხმიანება. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ექიმები ამ ისტერიის ჩაცხრობით და ვაქცინის სიკეთის პროპაგანდით უნდა იყვნენ დაკავებულნი.
ქეთი დევდარიანი: – კორონა მორჩება (ოდესმე), მაგრამ ექიმების, განსაკუთრებით კი პედიატრების ანტივაქსერობა (თან ბევრი ყოფილა ასეთი) ძალიან ცუდი ნიშანია და საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს მოქალაქეების მედიცინის ხარჯზე სიცოცხლის გახანგრძლივების შესაძლებლობას.
ექიმის ანტივაქსერობა მის უვიცობაზე და არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს.
ეს იგივეა, მძღოლს რომ უძრავოდ დაქოქილი მანქანის სჯეროდეს, რადგან მამა შალვა კეკელიამ თქვა, არის ასეთი შემთხვევებიცო.
ჩვენც სწორედ ეგ გვიკვირს, რომ ვაქცინაციის სიკეთეზე ინფორმაციაზე ხელი რომ მიგვიწვდება უვიცებს, ამ ექიმებს რა ჭირთ და რა აკავებთ, რომ ვირუსზე, ბაქტერიებზე და ვაქცინებზე თითო-ოროლა ღერი რამე წაიკითხონ.
გართულება ყველაფერს აქვს. მაგრამ ამის გამო არც ოპერაციები, არც წამლები და არც აცრები არავის გაუუქმებია.
ექიმები ახლა ამ ისტერიის გაღვივებით კი არა, ჩაცხრობით უნდა იყვნენ დაკავებულები და არაექიმი კი არ უნდა წერდეს ვაქცინაციის სიკეთეზე, არამედ თქვენ, ექიმები.






















