
ექიმი, რომელმაც 27 წლის ექთანს, მეგი ბაქრაძეს პირველი დახმარება აღმოუჩინა მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.
„მშვენივრად იყო, ინტერვიუც ჩაწერა. სადღაც 20-25 წუთში შეუძლოდ გახდა, ზოგადი სისუსტე და რაღაც ქავილი მაქვსო, მაშინვე გამზადებული შპრიცი ბარძაყზე გაკეთდა (ადრენალინი). შემდეგ რეანიმატოლოგმა დაიწყო კათეტერიზაცია.
შეგვეშინდა, ვერ ვიტყვი, რომ ისე ცუდად იყო, რომ აუვილებლად რაღაც სჭირდებოდა, მაგრამ რომ დაგვეზღვია თავი გავუკეთეთ კათეტერიზაცია და ჩაუტარდა კიდევ სენსიბილიზაციის პრეპარატები.
რაღაც 5 წუთში უკეთესად იგრძნო თავი, თითქოს დამშვიდდა, დაწყნარდა. უცბად იგრძნო ძლიერი თავის ტკივილი, ეგრე დავუძახე რეანიმატოლოგს, წამებში გაჩნდა ჩვენთან. რეანიმატოლოგი, რომ გამოჩნდა, ღებინება დაეწყო და კრუნჩხვაში ჩავარდა“, – ამბობს ექიმი.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.
ცნობისთვის, მეგი ბაქრაძე 24 მარტს 28 წლის გახდებოდა.






















