
ორივე ელისაბედი, ორივე უცხოელი, ორივე ქველმოქმედი, ორივე ადამიანის უფლების დაცვის სფეროში მოღვაწე, ორივე პოლიტიკურ ასპარეზზე მებრძოლი ქალი საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ცხოვრების თანამგზავრები არიან – ჰოლანდიელი სანდრა (ელისაბედ) რულოვსი სააკაშვილის ყოფილი ცოლია, ხოლო უკრაინელი ლიზა (ელისაბედ) იასკო ყოფილი პრეზიდენტის მოქმედი მეუღლეა.
რა საერთო აქვს სააკაშვილის ორ ცოლს და რა პარალელები იკვეთება მათი ბიოგრაფიებიდან – ამით “პრაიმტაიმი” დაინტერესდა და ამ ორ ქალბატონზე გავრცელებული საჯარო ინფორმაციებიდან საინტერესო დეტალები შეკრიბა.
სააკაშვილის პირველი ლედი მეუღლე, სანდრა რულოვსი ნიდერლანდებში 1968 წელს დაიბადა. განათლება ჯერ მშობლიურ ქვეყანაში, შემდეგ ევროპაში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში და ბოლოს ამერიკაში მიიღო.
საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობით დაკავდა და დააფუძნა საქველმოქმედო ორგანიზაცია “სოკო”.

სანდრა რულოვსი ხელოვნებისა და კულტურის დიდი თაყვანისმცემელია, ამიტომ მან მთელს კავკასიაში პირველი კლასიკური მუსიკის რადიოსადგური დააფუძნა – რადიო “მუზა”. გარდა ამისა, ის ავტორია ავტობიოგრაფიული წიგნისა “იდეალისტის ისტორია”.
სანდრა რულოვსმა აქტიურ პოლიტიკაში ჩართვა სცადა, 2019 წელს ზუგდიდში ადგილობრივ არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობის კანდიდატი იყო, სადაც მეორე ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება ექსპრეზიდენტის მეორე ცოლს ლიზა იასკოს ის კიევში 1990 წელს დაიბადა. რულოვსის მსგავსად, ლიზამაც უმაღლესი განათლება ჯერ მშობლიურ ქვეყანაში, მერე ინგლისში მიიღო. სხვა სფეროების გარდა, იასკო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აქტიურად მუშაობს.

ლიზაც დაკავებულია ქველმოქმედებით, მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლის მსურველებისთვის საჭირო თანხას აგროვებს. რულოვსი კლასიკური მუსიკის მოყვარულია, ხოლო ლიზა – კინოსი. ის ფილმის “ყირიმი: რუსეთის ბინძური საიდუმლო”-ს პროდიუსერია.
სანდრა რულოვსს ჰქონდა პოლიტიკაში მოსვლის წარუმატებელი მცდელობა, მისგან განსხვავებით კი იასკო აქტიურ პოლიტიკაშია და ის უკრაინის უმაღლეს რადაში დეპუტატის მანდატით სარგებლობს. ის რადას საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის წევრი, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელია (2019-2021).
ექსპრეზიდენტს სანდრასთან 2 შვილი ჰყავს, ვაჟები, ლიზასთან კი ჯერ შვილები არ ჰყავს.






















