16:48 | 2020-11-14 ავტორი: Prime Time

„ექთნები ახდენენ ცვლილებებს“ – 14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა

„ექთნები ახდენენ ცვლილებებს“ – 14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა

დღეს თბილისში დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დიაბეტის ცნობიერების ამაღლების აქცია ჩატარდა. აღნიშნული აქტივობა პროექტის „დიაბეტის გართულებების ადრეული პრევენციის და მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობა“ ფარგლებში გაიმართა.

 

პროექტს მხარს უჭერს,,დიაბეტის მსოფლიო ფონდი“ და ,,ლაიონს ქლაბს ინთერნეიშენელი“, ხოლო პროექტს ახორციელებს „ველფეარ ფაუნდეიშენი“ და „ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო“.

 

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ნინო კარანაძის თქმით, დღევანდელ დღეს საქართველოს უერთდება, რათა კიდევ ერთხელ შეახსენონ მოსახლეობას, რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი.

 

„დღეს დიაბეტის მსოფლიო დღეა, რომელსაც 1 მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს. ეს დღე მთელ მსოფლიოში ტარდება. ჩვენც საქართველოში ვუერთდებით, რათა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მოსახლეობას რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი. ასევე დიაბეტიანი პაციენტების სწორი მართვა. ჩვენი ორგანიზაცია ამ პროექტს 2019 წლიდან ახორციელებს,“- ამბობს ნინო კარანაძე.

 

 

მიმდინარე წელს დიაბეტის მსოფლიო დღის აღნიშვნა კორონავირუსის გლობალური პანდემიის პირობებში ხდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ამ თემაზე მომზადებული ანგარიშის მიხედვით, დიაბეტის მქონე პირები ერთ-ერთი მოწყვლადია იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც განსაკუთრებით გლობალური პანდემიის შედეგად დაზარალდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში დიაბეტთან დაკავშირებული ჯანდაცვის სერვისების მიწოდება პანდემიის ზეგავლენით თითქმის განახევრდა. ამავე დროს, ადგილი აქვს ექთნების მწვავე დეფიციტს.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლის დიაბეტის მსოფლიო დღე მიზნად ისახავს ექთნების როლის წამოწევას დიაბეტის მართვისა და მკურნალობის საქმეში. ამ დღის სლოგანია:

ექთნები ცვლილებებს ახდენენ“.

 

 

როგორ შეუძლიათ დიაბეტის მქონდე პირებს შეამცირონ კორონავირუსით ინფიცირების რისკი

 

ის პირები, რომლებსაც აქვთ არამდგრადი ქრონიკული დაავადებები, მათ შორის, შაქრიანი დიაბეტი, მაღალი რისკი აქვთ, რომ კორონავირუსით მძიმედ დაავადდნენ. ჯანსაღი ცხოვრების წესი ხელს უწყობს ორგანიზმის სწორ და გამართულ ფუნქციონირებას. ჯანსაღი კვება, რომელიც მოიცავს ბევრი ხილისა და ბოსტნეულის მიღებას, ფიზიკურ აქტივობას, მოწევის შეწყვეტას, ალკოჰოლის მიღების შეზღუდვას ან თავის დანებებას და საკმარისი ძილს, ჯანსაღი ცხოვრების წესის მთავარი კომპონენტებია.

 

  • კარგად აკონტროლეთ თქვენი შაქრიანი დიაბეტი;

 

  • აკონტროლეთ სისხლში შაქრის დონე და სისხლის წნევა, როგორც ეს რეკომენდებული გაქვთ ჯანდაცვის მომსახურეობის პროვაიდერის მიერ და აწარმოეთ მათი აღრიცხვა;

 

  • იქონიეთ საკმარისი რაოდენობის მედიკამენტები და სხვა მარაგები;

 

  • დაიცავით სოციალური დისტანცია და ნიღბის ტარებასთან, ხელების დაბანასთან და პირადი ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მითითებები;

 

  • თავი შეიკავეთ კლინიკებში არასაჭირო ვიზიტებისგან;

 

  • ავადმყოფობის პირველივე ნიშნებისთანავე, როგორიცაა სიცხე, ხველა, გაციება, ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვა, დაღლილობის შეგრძნება ან სუნთქვის გაძნელება, დაუკავშირდით შესაბამის ჯანდაცვის მომსახურეობის პროვაიდერს;

 

  • აცნობეთ ჯანდაცვის მომსახურეობის პროვაიდერს, რომ თქვენ გაქვთ დიაბეტი და ასევე აჩვენეთ ის მედიკამენტები, რომლებსაც იღებთ. ასევე თქვენი ჯანმრთელობის ისტორიის ჩანაწერები.

 

მსოფლიოში „დიაბეტის მსოფლიო დღე“ 1991 წლიდან, ხოლო საქართველოში კი, 1992 წლიდან აღინიშნება.

 

ავტორი: Prime Time

X