18:06 | 2021-06-18 ავტორი: თეონა აბესაძე

„ექვსი მიცვალებული გავიდა ჩვენი სახლიდან, აბა რა მიხაროდეს“, – ორწლიანი დუმილი საზარელი მკვლელობის საქმეზე, გამყრელიძეების ოჯახმა, „პრაიმტაიმთან“დაარღვია

„ექვსი მიცვალებული გავიდა ჩვენი სახლიდან, აბა რა მიხაროდეს“, – ორწლიანი დუმილი საზარელი მკვლელობის საქმეზე, გამყრელიძეების ოჯახმა, „პრაიმტაიმთან“დაარღვია

კახეთში, ბოლო ათწლეულების ყველაზე მძიმე მკვლელობის საქმე დღეს, ბრალზე უარის თქმით დასრულდა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ბრალდების მხარემ, 24 წლის ომარ გამყრელიძის მიმართ წარდგენილ ბრალზე უარი განაცხადა.

 

საქმის პროკურორმა, ვლადიმერ ბექიშვილმა დღეს, თელავის რაიონულ სასამართლოში გამართული, საქმის არსებითი განხილვის ბოლო სხდომაზე განმარტა, რომ გამოძიების პროცესში, ომარ გამყრელიძის უდანაშაულობის დამამტკიცებელი გარემოებები გამოვლინდა. უმცროს ომარ გამყრელიძეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, რაც იარღის უკანონო შეძენა- შენახვას და ტარებას გულისხმობს.

 

გამყრელიძეების ოჯახის ადვოკატის, გილერ ენდელაძის განმარტებით, ის საქმეზე გამამართლებელ განაჩენს ელოდა.

 

„მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ომარი უდანაშაულოა და ველოდი გამამართლებელ განაჩენს. ბრალზე უარის თქმაც სწორია, რადგან თავიდანვე ცხადი იყო, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, დანაშაული ვერ დაუმტკიცდებოდა“, – განაცხადა ენდელაძემ.

 

საქმის ბრალზე უარის თქმით დასრულების შემდეგ, თითქმის ორწლიანი დუმილი, გამყრელიძეებმაც დაარღვიეს. პირველი კომენტარები, მათ, „პრაიმტაიმთან“ გააკეთეს. ომარ გამყრელიძე უმცროსის განმარტებით, ის გამართლებაში დარწმუნებული იყო.

 

„განრიდებაც შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან ჩემს სიმართლეში დარწმუნებული. ვიყავი. გული მწყდება, რომ პაპა ვერ მოესწრო ამ ამბავს და დასრულებამდე გარდაიცვალა. მადლიერი ვართ მოსამართლის, რომელმაც ის ციხეში არ დატოვა და სახლში ყოფნის შესაძლებლობა მისცა. ბოლომდე არ მჯერა, რომ ხუთი ადამიანის მკვლელობა მამაჩემმა ჩაიდინა, ყვებოდა ორ პირზე, რომლებიც საქმესთან კავშირში უნდა ყოფილიყვნენ, რატომ არ მიაქცია ყურადღება, ვერ გეტყვით. გასაჩივრებული გვაქვს სააპელაციო სასამართლოში განაჩენი, რომლითაც მას ოცი წელი მიუსაჯეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

ორწლიანი ჯოჯოხეთის დასასრული უწოდა, დღევანდელ სასამართლო სხდომას, ანა გამყრელიძემ.

 

„სიხარული გრძნობა არ მაქვს, ეს არის ორწლიანი ჯოჯოხეთის დასასრული, რომელმაც მე ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები დამიტოვა. ხუთი მიცვალებული გავასვენეთ, მეექვსე მამაჩემი, ჩემი ძმა ოცი წლითაა ციხეში, აბა, რა მიხაროდეს. ეს ერთადერთი ბავშვი დაგვრჩა და მიხარია, რომ სიძულვილი არ გვაქვს არავისი და მაინც ფეხზე ვდგავართ. დღემდე მგონია, რომ ეს ამბავი, ჩვენს თავს არ იყო. სიცოცხლის ორი წელი. გამოვტოვეთ“, –  ამბობს ანა.

 

ოთხი ადამიანის მკვლელობის ფაქტი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანადაურაში, 2019 წლის 3 მაისს, გამყრელიძეების ოჯახში მოხდა. შემთხვევის დროს, დაიჭრა ოჯახის დიასახლისიც, რომელიც ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

სამართალდამცავებმა, განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 85 წლის ომარ გამყრელიძე დააკავეს. პოლიციამ დააპატიმრა, მისი შვილიშვილიც და ასევე ძებნა გამოაცხადა, გამყრელიძის 51 წლის ვაჟზე. მოგვიანებით, მოხუცი გამყრელიძის მიმართ წაყენებული ბრალი გადაკვალიფიცირდა და მას, მკვლელობაში დახმარება ბრალდებოდა.

 

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა, ხანდაზმული მამაკაცი, გირაოთი გაათავისუფლა.ერთი თვის შემდეგ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გირაოთი დატოვა საპატიმრო, უმცროსმა გამყრელიძემაც.

 

ერთწლიანი ძებნის შემდეგ, სამართალდამცავებმა, 51 წლის ნოდარ გამყრელიძე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. სასამართლომ ის ოთხი ადამიანის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

საქმის განხილვის დასრულებამდე, 86 წლის ასაკში, ომარ გამყრელიძე გარდაიცვალა და ბრალდების მხარემ, მის მიმართ, სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა. როდის გაიმართება სხდომა, სააპელაციო სასამართლოში, სადაც ოჯახმა, ნოდარ გამყრელიძის განაჩენი გაასაჩივრა, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

 

ასევე დაგაინტერესებთ

გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხანდაზმული მამაკაცი რეალური მკვლელის გასამართლებამდე გარდაიცვალა

ოჯახის წევრების მკვლელობაში დახმარების გამო ბრალდებულის მიმართ საქმე შეწყდა – ყანდაურას საქმე

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: თეონა აბესაძე

X