
13 ივნისს საქართველოში, კორონავირუსით მე-14 პაციენტი გარდაიცვალა. 65 წლის, პროფესიით ინჟინერი მამაკაცი ეროვნული ბანკის თანამშრომელი იყო და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა მამაკაცის დაავადების სიმძიმე განმარტა და აღნიშნა, რომ პაციენტი 4 აპრილს, მათთან სეფსისი ცენტრიდან გადაიყვანეს.
რატიანის განმარტებით, მამაკაცს ორმხრივი მწვავე პნევმონია, ასევე სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
გარდაცვლილის ქალიშვილი სოფო ქაშაკაშვილი ამბობს, რომ მამამისს ქრონიკული დაავადებები არ ჰქონია.
მისი თქმით, დაინფიცირების მიუხედავად, 65 წლის მამაკაცი სიცხიანი მაინც დადიოდა სამსახურში.
„პრაიმტაიმი“ ეროვნული ბანკის პრეს-სამსახურს დაუკავშირდა.
– გარდაცვლილის ოჯახის წევრის განცხადებით, დაინფიცირებულ მამაკაცს ეროვნული ბანკი დასვენების უფლებასაც არ აძლევდა, მეტიც, როდესაც მას კორონავირუსი დაუდასტურდა მაინც იძახებდით სამსახურში, ასე იყო?
– უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ კორონავირუსის ინფექციის შედეგად საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს.
მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ოჯახის წევრთა ემოციურ განცხადებებზე კომენტარი არ მიგვაჩნია მართებულად. გვერწმუნეთ, ეს ამბავი ეროვნული ბანკის თითოეული თანამშრომლისთვისაც უმძიმესია.
რაც შეეხება ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად.
ამავე დროს, ჩვენი თითოეული ნაბიჯი სრულდებოდა ჯანდაცვის პროფესიონალებთან შეთანხმებითა და მათი რეკომენდაციების სრული დაცვით, რის შესახებაც ინფორმაცია საზოგადოებასაც არაერთხელ მივაწოდეთ:























