16:50 | 2020-01-27 ავტორი: Prime Time

ერთ წელიწადში 481 გარდაცვლილი – ავტოავარიებში დაღუპულთა რაოდენობა საგანგაშოდ გაზრდილია

ერთ წელიწადში 481 გარდაცვლილი – ავტოავარიებში დაღუპულთა რაოდენობა საგანგაშოდ გაზრდილია

სოფელ ქვიშხეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა – მათ შორის სამი ბავშვია.

 

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ველისციხე-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე. შემთხვევის შედეგად, 24 წლის ახალგაზრდა და მისი 3 წლის შვილი დაიღუპნენ, 25 წლამდე ახალგაზრდამ კი სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

 

ეს ბოლო პერიოდში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევათა არასრული ჩამონათვალია. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა სტატისტიკა წლიდან წლამდე იზრდება.

 

როგორია ავტოსაგზაო შემთხვევების 2019 წლის სტატისტიკა

 

ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინფორმაციით, საქართველოში 2019 წლის განმავლობაში 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 კი დაშავდა.

 

ორგანიზაციის ცნობით, 2019 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში დაღუპულ პირთა რაოდენობა 5 %-ით გაიზარდა, ხოლო საგზაო შემთხვევები 9,5%-ით, დაშავებულობა კი 12 %-ით შემცირდა.

 

2019 წელს წინა წელთან შედარებით, საქართველოს გზებზე 22 ადამიანით მეტია დაღუპული.

 

„ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ქვეყანაში ავარიების შემცირების მიზნით, კონკრეტული და მიზანმიმართული ქმედებები ხორციელდებოდეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყოველწლიურად მოსალოდნელია გზებზე ვითარება კვლავ გაუარესდეს“,- განაცხადა „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა.

 

რა იწვევს და რატომ ვერ ხერხდება ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირება

 

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევათა სიღრმისეული შესწავლა არ ხდება, რაც სრული სურათის შექმნას უშლის ხელს. შესაბამისად, პრობლების ზუსტი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.

 

„სამწუხარო რეალობა გვქვს. საგზაო შემთხვევების გამომწვევ მხოლოდ 18 მიზეზს ვიკვლევთ. ეს  ყველა მიზეზი ადამიანური ფაქტორითაა გამოწვეული. არადა, მათ გარდა კიდევ არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორიცაა ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, ტრანსპორტის მდგომარეობა და ა.შ. შესაბამისად, ვერ ხერხდება სრული სურათის შექმნა- რასთან გვაქვს საქმე. ამის ცოდნა საჭიროა იმისთვის, რომ გამომწვევ ფაქტორებს ვებრძოლოთ“,-აღნიშნა ლალიაშვილმა.

 

მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ ყველაზე ხშირ მიზეზთა შორისაა – საპირისპირო ზოლში გადასვლა, სიჩქარის გადაჭარბება და მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვა.

 

ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობის ზრდის მიზეზს „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე ზედაპირული, ფრაგმენტულ, სტრატეგიიდან ამოვარდნილ ღონისძიებებში ხედავს.

 

„წინა წელთან შედარებით, სამწუხაროდ, კვლავ იზრდება სტატისტიკა,  გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას არასწორი პრიორიტეტები აქვს. აღმასრულებელ ხელისუფლებას საგზაო უსაფრთხოებისადმი გულგრილი და ზედაპირული დამოკიდებულება აქვს. მთავარი პრობლემა სწორედ ესაა. არ ვიცით რა იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევებს. არ ვიცით იმიტომ, რომ შსს და მთლიანად ხელისუფლება ავტოსაგზაო შემთხვევების აღწერას არ ახდენს. ითვლის  გარდაცვლილი, დაშავებული ადამიანების რაოდენობას, ბრალეულობას მხოლოდ მძღოლთან  მიმართებაში და საფუძვლიანი ანალიზი და შესწავლა კი არ ხდება.

 

სტატისტიკაც კი ამას გვეუბნება. მხოლოდ სიმთვრალე, სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრი. გვაქვს ზედაპირული, ფრაგმენტული, სტრატეგიიდან ამოვარდნილი ღონისძიებები. ზოგ შემთხვევაში ეს მხოლოდ  ჯარიმების გაზრდით, მონიტორინგის არეალისა და ხარისხის ამაღლებით შემოიფარგლება. არ აქვს პრევენციული ხასიათი.

 

თითოეული ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევისას იღუპება, ეკისრება ხელისუფლებას. სამწუხაროდ, დღემდე  ჩვენ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობით ევროპის მასშტაბით ლიდერი სახელმწიფო ვართ. ეს სახელმწიფოებრიობასაც დიდ პრობლემას უქმნის“,- განაცხადა ურუშაძემ.

 

ურუშაძის თქმით, 2015 წელს რეგიონალური განვითარების სამინისტრომ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც საგზაო უსაფრთხოების კამპანიის სახელმძღვანელო უნდა ყოფილიყო. თუმცა, ეს გეგმა 5 წელია, რაც ეკონომიკის სამინისტროში თაროზეა შემოდებული.

 

„ყველას გვახსოვს, რომ 2015 წელს რეგიონალური განვითარების სამინისტრომ მსოფლიო ბანკის დაფინანასებით,  საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც  ინფრასტრუქტურის სამინისტრომ პირდაპირ დაიწუნა. ამიტომ ის აღსასრულებლად ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა, რომელიც დღემდე თეორიულად მუშაობს  იმისთვის,  რომ ეს სტრატეგია მოქმედებაში მოიყვანოს, რომელიც რეალურად საგზაო უსაფრთხოების ღონისძიების, გეგმებისა და კამპანიის სახელმძღვანელო უნდა იყოს.

 

თუმცა, ეს გეგმა ეკონომიკის სამინისტროში თითქმის 5 წელია თაროზეა შემოდებული. არ გვყავს არცერთი პოლიტიკური პირი, რომელიც ამ სტრატეგიის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას აიღებდა, წარადგენდა ანგარიშს, გეგმას რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, რა შედეგებზე უნდა გავიდეთ და როგორი უნდა იყოს მოლოდინები. ჩვენ გვაქვს ზედაპირული განცხადებები, თუმცა არა შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა“,- განაცხადა ურუშაძემ.

 

რა უნდა გაკეთდეს საგზაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად – რეკომენდაციები

 

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირებისთვის აუცილებელია ხელისუფლებამ  ავარიების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და სიღრმისეული შესწავლა მოახდინოს.

 

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე დადგა დრო, როდესაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს და შექმნას ის წამყვანი უწყება, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა იმ ფუნქციით და ექნება ის უფლებამოსილება, რაც ევროპულ ქვეყნებშია. ისეთ ქვეყნებში, რომლებიც ყოველწლიურად ფატალური შემთხვევების შემცირების კუთხით პროგრესს აღწევენ.

 

როცა ვსაუბრობთ საგზაო უსაფრთხოების ამაღლებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია საგზაო შემთხვევების კონკრეტულად შესწავლა მოხდეს, საუბარია იმ ფაქტორებზე, თუ რის გამო ხდება ავტოავარიები. გვინდა ხელისუფლებამ მეტი ყურადღება მიაქციოს იმ მიმართულებებს, რაც გზებზე სიკვდილიანობას იწვევს.

 

საგზაო უსაფრთხოება თავისით ვერ მოგვარდება თუ მასში ინვესტიცია და ადამიანური რესურსი არ ჩაიდო. მას უნდა ჰყავდეს ის კადრები, რომლებიც საგზაო შემთხვევების შემცირებაზე იმუშავებენ“,- განაცხადა ლალიაშვილმა.

 

მისი თქმით, საგზაო უსაფრთხოება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმე არაა და პრობლემის მოგვარებაში ყველა სამინისტრო ერთდროულად უნდა ჩაერთოს.

 

„როცა საგზაო შემთხვევა ხდება ეგრევე პოლიციას მივმართავთ და მისკენ ვიშვერთ ხელს, არადა ეს არ არის მხოლოდ პოლიციის საქმე. საგზაო უსაფრთხოება არ არის მხოლოდ შსს-ს შესასრულებელი ფუნქცია. აქ სხვადასხვა უწყება უნდა იყოს ჩართული.

 

პრევენციული ზომების გატარება არის როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განათლების  სამინისტროს (ცნობიერების ამაღლების მიზნით), ეკონომიკის სამინისტროს, (ტრანსპორტის გამართულობა), მუნიციპალიტეტების (ადგილობრივ გზებზე არიან პასუხისმგებლები), ჯანდაცვის სამინსიტროს და ა.შ.

 

როცა სახელმწიფო საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე  ზრუნავს, ყოველ წელს ისეთი ზომების გატარება ხდება, რომელიც  დადებითად აისახება სტატისტიკაზე. მე მინდა გაგახსენოთ 2017 წელი, როცა ყველა მაჩვენებელი 10 პროცენტით დაკლებული იყო. ეს ყველაფერი კი 2016 წელს გაწეული მნიშვნელოვანი ღონისძიებების შედეგი იყო“,- განაცხადა ლალიაშვილმა.

 

ვასო ურუშაძის თქმით, ცალკეული და ერთიანი სისტემიდან ამოვარდნილი ღონისძიებები დადებით შედეგამდე ვერ მიგვიყვანს.

 

„მხოლოდ სავარძლებით ან უკონტაქტო პატრულირების დანერგვით ან რაიმე სხვა, ერთიანი სტრატეგიიდან ამოვარდნილი ღონისძიებებით, ჩვენ ამ პრობლემას ვერ მოვაგვარეთ. სწორედ  ეს არის მთავარი პრობლემა –  მუდმივად ვხედავთ არათანმიმდევრულ დამოკიდებულებასა და პოლიტიკას, რომელსაც შედეგზე ვერ გავყავართ“, – განაცხადა ურუშაძემ.

ავტორი: Prime Time

X