17:38 | 2020-04-22 ავტორი: ნინი ტაველიძე

„ერთად ქართველებისთვის“ – ფონდმა „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ კამპანია დაიწყო

„ერთად ქართველებისთვის“ – ფონდმა „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ კამპანია დაიწყო

ქვეყნის ფარგლებს გარეთ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად, ფონდმა „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ კამპანია დაიწყო.

 

კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყნის ფარგლებს გარეთ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ სამუშაოსთვის და საცხოვრებლად იმყოფებიან, უკიდურესად რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ.

 

მათ დაკარგეს სამსახური, რომელიც მათთვის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა.

 

ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ დამფუძნებლის, თიკა სვანიძე – ვენკოს თქმით, გაერთიანებისა და ურთიერთთანამშრომლობის დრო სწორედ ახლაა.

 

„დიასპორულ ორგანიზაციებს შეუძლიათ ამ პროცესში დიდი როლი ითამაშონ. იყვნენ მობილურები და საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ემიგრანტების წინაშე მდგარ მწვავე სოციალურ გამოწვევებზე მყისიერი რეაგირება მოახდიონ.

 

სწორედ ამიტომ ჩვენ კამპანია – „ერთად ქართველებისთვის“ დავიწყეთ.

 

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ფონდი იტალიაში, ბელგიაში, ავსტრიაში გერმანიასა და ნიდერლანდებში ქართველებსა და სამრევლოებს აქტიურად ეხმარება“,- აღნიშნა თიკა სვანიძე – ვენკომ.

 

მიუხედევად იმისა, რომ ამ კამპანიის ფარგლებში, პირველ რიგში, კონცენტრირება იტალიაზე ხდება, „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ დამფუძნებელი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სხვა ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებსაც დაეხმარება.

 

აღსანიშნავია, რომ ფონდის ინიციატივით, საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად შეიქმნა გვერდი Gofundme-ი.

 

ვებ-გვერდზე VISA ან Mastercard-ის საბანკო ბარათის გამოყენებით, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ და ამით რთულ ვითარებაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დაეხმაროთ.

 

CoVid-19-ით დაზარალებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. შესაბამისად, ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა სულ უფრო და უფრო რთულდება.

 

ამ მხრივ განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იტალიაშია.

 

სწორედ ამიტომ კამპანიის პირველი სამიზნე სწორედ იტალია გახადა.

 

ჩვენ ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პარტნიორი ასოციაციის „ნინა ჯორჯიას“ დირექტორს, ნინო ლაფაჩიძეს ვესაუბრეთ

 

 

მისი თქმით, იტალიაში, უფრო ზუსტად კი ნეაპოლში, არიან ქართველები, რომელთაც სურსათისა და პირველადი მოხმარების ნივთებზე ხელი არ მიუწვდებათ.

 

„მესმის, რომ მდგომარეობა ყველა ქვეყანაში რთულია. ნუ დავივიწყებთ ჩვენს ქართველებს, ჩვენი ქვეყნის შვილებს, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ“,- განაცხადა ლაფაჩიძემ.

 

მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე რთული მდგომარეობაა 5 ოჯახში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები არიან.

 

აღსანიშნავია, რომ ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ მის პარტნიორ ასოციაციასთან, „ნინა ჯორჯიასთან“ ერთად რამდენიმე ოჯახს უკვე დაეხმარა და ისინი საკვებით და პირველადი საჭიროების ნივთებით მოამარაგა.

 

ასევე, იტალიიდან საქართველოში დაბრუნების ხარჯები ერთ-ერთ ქალბატონს, თიკა სვანიძე-ვენკომ თავად დაუფარა.

 

ასევე, ფლორენციის წმინდა ნინოს სამრევლოსთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის მეშვეობით, ფონდი სამ ოჯახს დაეხმარა:

 

„ერთ-ერთი მათგანი ფლორენციაში მცხოვრები ოჯახი იყო. ნაწილობრივ შევძელით, რომ მათთვის ბინის ქირა დაგვეფარა. ასევე, საკვებისა და პირველადი საჭიროების ნივთებისთვის თანხა იტალიის ქ. პიზასა და ქ. ემპოლში მცხოვრებ ოჯახებს გადავურიცხეთ“.

 

 

ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ დამფუძნებლის, თიკა სვანიძე – ვენკოს თქმით, იტალიაში საქართველოს მოქალაქეების დახმარების პროცესში საქართველოს საელჩო და ნეაპოლის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლო აქტიურადაა ჩართული.

 

ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და მისი პარტნიორი ასოციაციის „ნინა ჯორჯიას“ მიერ უკვე გაწეული დახმარებების მიუხედავად, ვითარება ამ დრომდე კრიტიკულია.

 

ამიტომ, საზოგადოების ჩართულობა უცხოეთში მყოფი მოქალაქეების დასახმარებლად, ძალიან მნიშვნელოვანია.

 

ნებისმიერი თქვენი ნაბიჯი, თუნდაც ინფორმაციის გაზიარება ან მცირედი შენატანი ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

 

ეწვიეთ, Gofundme-ის გვერდს და შეიტანეთ წვლილი ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაში.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X