20:55 | 2020-12-14 ავტორი: თამარ გონგაძე

“ერთადერთი შვილის გარდაცვალებისგან გამოწვეულ ტკივილს არ იმჩნევდა. ძლიერი იყო” – თემურ ქევხიშვილის ტრაგედია

“ერთადერთი შვილის გარდაცვალებისგან გამოწვეულ ტკივილს არ იმჩნევდა. ძლიერი იყო” – თემურ ქევხიშვილის ტრაგედია

ამ დღეებში ქართულ სიმღერაზე უზომოდ შეყვარებული კაცი დავკარგეთ. ეს “საუკუნის ხმა”, 80-იან წლებში, ტელეეკრანიდან ჩვენც წვეთ-წვეთად გვაყვარებდა ჩვენს ფოლკლორს. სადად, მკაცრად, მაგრამ სიყვარულით.

 

თემურ ქევხიშვილი ინსულტით გარდაიცვალა. საოცრებაა, რომ წინა დღით მისი მეუღლე ინფარქტით გარდაცვლილა. სიბერის წლები სევდიან-ტკივილიანი ჰქონდათ. დაახლოებით 15 წლის წინ, ავტოავარაიში დაეღუპათ ერთადერთი ვაჟი – გიორგი. ქევხიშვილებზე “პრაიმტაიმს” დათო არჩვაძე უყვება.

 

დათო ერთ-ერთია იმ ათასობით ვაჟთაგან, ვინც თემურ ქევხიშვილის ანსამბლ “დარიალში” ქართული სიმღერის სიყვარულსა და ფასს ითავისებდა.

 

დათო არჩვაძე: – ჩემს გარდა ათასობით ვაჟკაცი გაიზარდა ბატონი თემურის ოჯახურ გარემოში. მამასავით გვზრდიდა. ოჯახის შემდეგ იყო ერთ-ერთი, ვინც პირველად გვაზიარა ქართულ ტრადიციას, ზრდილობას, სიკეთის თესვას, ქართული სიმღერის ფასს. თუ რამე წმინდა და ქართულია, ყველაფერი მან შეგვაყვარა.

 

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 9 ადამიანი, ადამიანები სხედან, ადამიანები სცენაზე, კოსტუმი და შიგნით

 

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მისი გაზრდილი, მართლა დიდი ჯარი ვართ. ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს მის გაკვეთილზე ვიყავით და ყველაზე საინტერესო ბავშვობა გვქონდა. დატვირთული გასტროლებით, კონცერტებით, ფერადი დღეებით.

 

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ მასთან სიმღერის გაკვეთილებზე, ბევრი ცნობილი ადამიანი დადიოდა. მაგალითად, სერგი გვარჯალაძე, აჩიკო გულედანი. ბევრი ცნობილი მსახიობი და რეჟისორი… თავისი გული ჩადო და ნახევარ საქართველოს ჩაუნერგა ქართული სიმღერის სიყვარული, მისი გაკვეთილები ხომ  მთელ ქვეყანას და მსოფლიოს ახსოვს…

 

უსპეტაკესი კაცი იყო. ზედმეტად მკაცრი კი იყო, მაგრამ ამ სიმკაცრის მიღმა, პატარა და ალალი ბავშვი იმალებოდა. სიმღერის გაკვეთილებზე რამდენადაც მკაცრი, ქვა და კლდე იყო, საქართველოს საზღვრებს როგორც კი გავცდებოდით (თურქეთი იქნებოდა, საფრანგეთი თუ ამერიკა…), ხდებოდა პატარა ბავშვი, რომელიც ჩვენთან ერთად მოდიოდა ყველა გართობაზე. მხიარულობდა, აგვყვებოდა.

 

იყო დისციპლინის საოცრად მოყვარული და ეს მის გაზრდილ თაობებზე, ამ წარმატებულ ადამიანებზე აისახა კიდეც.

 

“დარიალში” მღეროდა ბატონი თემურის ერთადერთი ვაჟი – გიორგიც. ის სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავდა. სხვათა შორის, გიორგის როგორც ანსამბლის რიგით წევრს, ისე ექცეოდა, გამორჩეულ ყურადღებას არ უთმობდა. მის მიმართაც მკაცრი და მომთხოვნი იყო.

 

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 2 ადამიანი, ხალხი დგას და შიგნით

 

1991 წელს ჩვენ გასტროლით ვიყავით ამერიკაში. გიორგიც იყო.

 

სასწაულად წარმოსადეგი ქართველი ვაჟკაცი იყო, გინდ გარეგნობით და გინდ სიმღერით. პედაგოგები შვილებს სოლოს არ ამღერებენ, მაგრამ გიორგი იმდენად თვალშისაცემი და ნიჭიერი იყო, რომ “დარიალში” მამა სოლო პარტიას ამღერებდა.

 

სამწუხაროდ, გიორგი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. შვილის ასეთი ტრაგიკული და უეცარი გარდაცვალებით დიდი ტკივილი მიადგა ოჯახს. მაგრამ ბატონი თემური ისეთი ძლიერი პიროვნება იყო, რომ ამას გარეგნულად არ იტყობდა. მის გულში რა ცეცხლიც ტრიალებდა, ძნელი წარმოსადგენი არ არის.

 

ბიჭებს არასდროს შეგვიწყვეტია მასთან კონტაქტი. რა თქმა უნდა, იმ ძალიან მძიმე დღეებშიც გვერდით ვედექით ჩვენს გამზრდელ პედაგოგს.

 

სხვათა შორის, ქალბატონმა ჟუჟუნამ ერთხელ დამიბარა და გიორგის პირადი ნივთები გადმომცა. იმდენად ჩვენი შვილივით მიყვარხარ, მის ნივთებს გადმოგცემო.

 

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 6 ადამიანი

 

რადენიმე წლის წინ დამიბარა, დაჯდა და მამა-შვილირად მთელი ცხოვრება მომიყვა. რაღაცნაირად გადამიშალა გული. როგორც ჩანს, ჩემში წარმატებული ადამიანი დაინახა, რომელმაც, ფაქტობრივად, მისი გზა განაგრძო. მომიყვა ბევრი რამ, მოშურნეებზეც. ბევრი მტერი ჰყავდა, არ უყვარდათ იმიტომ, რომ უძლიერესი, ყველაზე მაგარი იყო. მაინც ბოლომდე ლელოსავით გაიტანა თავისი.

 

საქართველოში წარმატებული და ნიჭიერი ადამიანები არ უყვართ, ეს უკვე ვიცით. მაინცდამაინც რამე უნდა მოუვიდეს, რომ დავაფასოთ.

 

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 3 ადამიანი, ხალხი დგას, ზოლები, ბავშვი, ღია ცის ქვეშ და მოახლოვებული კადრი

 

ფოლკლორის გარდა თემურ ქევხიშვილი კომპოზიტორის ნაწარმოებებს პატრონობდა და ბევრი სიმღერის ქევხიშვილისეული ვერსია არსებობს. თავისებურად აკეთებდა ყველას ნაწარმოებებს – რევაზ ლაღიძიდან დაწყებული თანამედროვე კომპოზიტორებით დამთავრებული. გავიდა წლები და ჩემი საავტორო სიმღერაც გააკეთებინა თავის გუნდს და თვითონ შეასრულა. ეს რომ წლების წინ ვინმეს ეთქვა, არც დავიჯერებდი. დამირეკეს და სიურპრიზად რეპეტიციაზე მომასმენინეს. უბედნიერესი ვიყავი.

 

ბავშვებთან როდესაც ვმუშაობ, ხშირად მახსენდება თემური. ახლა ასე იტყოდა, ახლა ასე მოიქცეოდა-მეთქი. ხმას არ აუწევდა, მიმიკით აგვარებდა. ერთი გამოხედვით გვახვედრებდა, რა უნდოდა და რა უნდა გვექნა. რეპეტიციაზე ასი ბავშვი იჯდა, მაგრამ ისეთი სიჩუმე იყო, რომ ზედმეტად გაღიმების შანსი არავის გვქონდა. მხოლოდ ქართული სიმღერის სამსახურში ვიყავით. ბუნებრივია, იყო ხუმრობაც, გართობაც, მაგრამ თავისი დრო ჰქონდა ყველაფერს.საქმის დროს, მხოლოდ ქართული სიმღერის მოამაგე გახლდათ. ასეთი უნდა დაიბადო, ამას ვერ ისწავლი.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X