
ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის ნელი ტემპების გამო ჯანდაცვის სამინისტროში ამ წუთებში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში ცვლილებების შეტანაზე იმსჯელებენ.
იმუნიზაციის ექსპერტთა და ვაქცინაციის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის წევრები აცხადებენ, რომ პრიორიტეტული ჯგუფების კორექტირება მოხდება.
“იცით, რომ ეროვნული პროგრამის შესაბამისად პრიორიტეტული ჯგუფები განსაზღვრულია. პირველი ეს იყო სამედიცინო პერსონალი, შემდეგ ასაკისა და ქრონიკული დაავადებების მიხედვით. იმის გათვალისწინებით, რომ აქტიურობა მაღალი არ არის ჩვენ ალბათ ცვლილებებს შევიტანთ, კორექტირებებს შევიტანთ, პრიორიტეტული ჯგუფების განსაზღვრაში.”, – განაცხადა მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში “ასტრაზენეკას” ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 15-ში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. იმუნიზაცია ქვეყანაში ნელი ტემპებით მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს უტარდება და ერთი კვირის განმავლობაში, აიცრა მხოლოდ 3818 პირი. სურვილი ვაქცინაციაზე კი გამოთქვა 5246-მა ადამიანმა.
ქვეყანაში “ასტრაზენეკას” 43 ათასი დოზაა შემოტანილი.






















