
50 წლის ექიმ-რადიოლოგ-რენტგენოლოგი შოთიკო პეტრედისი უკვე ოთხ წელზე მეტია აფხაზ კოლეგასთან ერთად გალის საავადმყოფოში მუშაობს. სანამ ადმინისტრაციული საზღვარი ჩაიკეტებოდა ზუგდიდიდან გალში ენგურის ცენტრალური ხიდით თითქმის ყოველდღე გადადიოდა და საღამოს ზუგდიდში ბრუნდებოდა, დღეს კი მოცემულობიდან გამომდინარე ზუგდიდში ვეღარ გადმოდის. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ექიმის შვილმა, ბლოგერმა დუტა პედრედისმა განუცხადა.

„მამას, როგორც ექიმს სპეციალური საშვი აქვს, მაგრამ რაც ე.წ. საზღვარი ჩაიკეტა, მას მერე გალშია. მაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია სოციალური ქსელით. ამ ოთხი თვის განმავლობაში იყო ისეთი პერიოდებიც, მამა სამი თვეც არ გადმოსულა.. უკვე შეგუებულნი ვართ მის ასეთ რეჟიმს. მამა ახლა მარტო მუშაობს თავის კოლეგებთან გალში, მისი მეგობარი კი – სოხუმის საავადმყოფოში. ამბობს, რომ იქ ჯერ სიმშვიდეა, საავადმყოფოს ეზოში საველე ჰოსპიტალია მოწყობილი და პაციენტებს იღებენ. დედა ცირა ქაძანაია კი საზღვრისპირა სოფელ რიყეში, ამბულატორიაში მუშაობს და იქ არის“,- ამბობს დუტა „პრაიმტაიმთან”

ბლოგერი დუტა პეტრედისს, როგორც ექიმების შვილს საკუთარი წვლილი შეაქვს ახალი კორონავირუსის პრევენციის საქმეში.
„როგორც ბლოგერს მაქვს რამდენიმე გვერდი,სულ ძიებაში ვარ… კოვიდ-19-ზე ინფორმაციებს სულ ვაახლებ, როგორც ადგილობრივ ისე მსოფლიო სტატისტიკას. მე ჩემი საინფორმაციო ომი მაქვს მოსაგები, ჩემს მშობლებს კი თავიანთი“ , – გვითხრა დუტა პეტრედისმა.

ახალი კოვიდ ინფექციის 98 ფაქტი დადასტურდა საქართველოში, მათ შორის ერთი პაციენტი სამეგრელოდან სოფელ ზედა ეწერიდან არის.

ავტორი: თეა შონია






















