
ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად კორონავირუსთან ერთად მოსახლეობაში გრიპის ვირუსიც იწყებს გააქტიურებას. სიმპტომებიდან გამომდინარე, მათი გარჩევა ადამიანებს ზოგჯერ უჭირთ.
ექიმი გიორგი ღოღობერიძე გვირჩევს, როგორ შეიძლება გავარჩიოთ ერთმანეთისგან კორონავირუსი და გაციება ტესტის გარეშე.
როგორც კოვიდს, ასევე გაციებას შეიძლება საერთო ნიშნები ჰქონდეს, რადგან ორივე ზედა სასუნთქ გზებს აზიანებს და ორივე შეიძლება გამოვლინდეს სიცხით, თან ახლდეს ხველა, შემაწუხებელი ყელის ტკივილი, დაღლილობა, სურდო, ძლიერი თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი. ბავშვების შემთხვევაში, ორივე შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოხატული გულისრევა, ღებინება, ფაღარათი. კლინიკურად კოვიდისა და გაციების განსხვავება ძალიან რთულია. თუ ყნოსვისა და გემოს დაქვეითება გაქვთ ან თითის დაბოლოებები გაგიწითლდათ, უფრო დიდი ალბათობითი, კოვიდი გექნებათ. თუმცა, ტესტის გარეშე ამ ორი ინფექციის ერთმანეთისგან განსხვავება შეუძლებელია.
ტესტიც უნდა გაიკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი გქონდათ. ტესტი კონტაქტიდან 3-5 დღეში უნდა გაკეთდეს. თუ მეორე-მესამე დღეს გაიკეთებთ, შეიძლება პასუხი უარყოფითი მოვიდეს. ამიტომაც, ზოგადად, სასურველია, რომ კორონავირუსის ტესტი ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტიდან 3-5 დღეში გაკეთდეს. შეიძლება ზოგჯერ მთელი კვირა გავიდეს და ტესტი უარყოფითი იყოს, კვირის ბოლოს კი დადებითი.
ერთი პატარა ეშმაკობაა, რომლითაც გაციება და კოვიდი შეგიძლიათ ერთმანეთისგან გამიჯნოთ ტესტის გარეშე. ეს არის დრო. მნიშვნელოვანია, რა დროში გამოგივლინდებათ ნიშნები. თუ ადამიანი გაციებულია და მასთან გქონდათ კომუნიკაცია, გაციება დაგეწყებათ კონტაქტიდან 1-2 დღეში, რადგანაც, როგორც წესი, გაციება კონტაქტიდან 1-2 დღეში ვლინდება. ძალიან იშვიათია, რომ 3-4 დღეში გამოვლინდეს. მაგრამ, თუ ჩვენ გვქონდა კონტაქტი და გასულია საშუალოდ 5 დღე, ამის შემდეგ რომ დაიწყება სიმპტომები, დიდი ალბათობით, კორონავირუსია. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ კოვიდი შეიძლება მეორე დღესაც გამოვლინდეს. დროის ჩარჩო ორიენტაციაში გვეხმარება, მაგრამ ის ზუსტი არ არის. ყველაზე ზუსტი მაინც ტესტის ჩატარებაა. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტესტი კონტაქტიდან მე-3-მე-5 დღეს გაკეთდეს და არა უფრო ადრე.
თუ ადამიანი გაციებულია, როგორც წესი, დაავადება ძალიან მალე, 1-2 დღეში დაიწყება და მაქსიმუმ 3-4 დღე გაგრძელდება. იშვიათად, ერთი კვირა გაგრძელდეს. თუ ეს კოვიდია, ამ შემთხვევაში დაავადება შეიძლება 10 დღეც გაგრძელდეს. თუ დაავადება დაგვეწყო და 10 დღე გავიდა, კოვიდის შემთხვევაში იზოლაცია აღარ გვჭირდება“,- ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























