
მსახიობი ასმათ ტყაბლაძე ზუგდიდში ბანკზე მომხდარი თავდასხმის ინციდენტზე საუბრობს. მსახიობი მიიჩნევს, რომ თავდამსხმელი ჩვეულებრივი მოქალაქე არ იყო, არც შემთხვევით ეცვა სამხედრო ფორმა. რაც შეეხება მის გაშვებას, ტყაბლაძე თვლის, რომ ეს შეცდომა იყო, ის საზღვართან უნდა დაეჭირათ, ან სნაიპერს უნდა დაეჭრა.
ასმათ ტყაბლაძე: – მძარცველი სპეცნაზელი იყო, ასე მგონია. სხვანაირად გამორიცხულია. გამოცდილი სამხედროა. გუშინ რომ ფორმას ჩაიცვამენ და იარაღს დაიჭერენ, ეგეთი არ არის. ამ საქმეში განსწავლულია.
გაჭიმული როგორ დადიოდა, თითქოს მას უნდა დაეჭირა ვინმე. როგორც სპორტსმენს ეტყობა აღნაგობაზე, რომ სპორტსმენია, ისე ეტყობა სამხედრო პირსაც.
მისმა მანერებმა, აღჭურვილობამ და საქციელმა გაყიდა. არ დაილაპარაკა, სხვა ალაპარაკა, რომ ხმა არ დაემახსოვრებინათ და მისი ინდენტიფიცირება არ მომხდარიყო.
და მერე კიდე – აფხაზეთის საზღვართან უნდა ჩასაფრებოდნენ და უნდა დაეჭირათ. უნდა გაეგოთ ვინ არის, საიდან არის?
ტერორისტი საქართველოში არც აქამდე ყოფილა და არც დღეს უნდა არსებობდეს. ერთი პატარა, “კურკლი” ქვეყანა გვაქვს და ტერორისტები გვინდა? ეს უბედური ხალხი დააყაჩაღოს და შერჩეს? დაადო თავი და წავიდა. კვალი არ იციან. გასაგები იყო, რომ აფხაზეთისკენ წავიდოდა, აბა, თბილისში ხომ არ წამოვიდოდა? უნდა გაჰყოლოდნენ, ჩასაფრებოდნენ.
ყველა ქვეყანაში ასეა, სნაიპერს ჩამოსვამდნენ სადმე და ის გააგორებდა. რამდენი მომენტი იყო, რომ ზურგიდან ესროლათ. სნაიპერი ქვეყანას უნდა ჰყავდეს.
ისიც უნდა ღვნიშნო, რომ კარგად მოიქცნენ, რომ არ გააღიზიანეს და ცუდი საქციელი არ ჩაადენინეს. არავინ არ არის დაზღვეული ასეთ დროს. ვინ რას ჩაიდენს, ვერ განსაზღვრავ. შეიძლება მთავრობაზე გაბრაზებული ხარ, მაგრამ ხალხმა რა დააშავა?! ხომ შეიძლებოდა ვიღაცას შიშით გული გახეთქვოდა?
დაუსჯელობა ძალიან ცუდია. ეს ამგვარი საქციელების წახალისებაა. მეც ავდგები და ასე მოვიქცევი, იფიქრებს ვიღაცა. დასჯა არა, სასამართლო თავის დონეზე არ არის და აბა, რა მოხდება, წარმოგიდგენიათ?…
მომეწონა სამხარეო პოლიციის უფროსის საქციელი. არავინ იცოდა, რომ ავთო გალდავა უვნებელი დააღწევდა თავს. ამ პოლიციელმა თავი გაწირა. თავის იმედი ექნებოდა, რომ დაელაპარაკებოდა და ვა-ბანკზე წავიდა.
მე მგონია, რომ შემიძლია ასეთ დროს ადამიანის მოთვინიერება და საღ აზრზე დაყენება. რატომ ვფიქრობ ასე, არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ ბანკში მოლაპარაკებას ვაწარმოებდი, რომ ოპერაცია მშვიდობიანად დასრულებულიყო.
წესით, სამძებრო სამუშაო უნდა გრძელდებოდეს, თუ არადა, თავდამსხმელს მფარველი ჰყოლია და ეგ არის.
























