
ბათუმის რიგით მეთოთხმეტე ჯაზფესტივალი ხვალ, 21 აგვისტოს, ბათუმის კორტებზე, ნინო ქათამაძის კონცერტით იხსნება. იუბილარი მუსიკოსი თავის რეპერტუარს ახლებური ჟღერადობით წარუდგენს მსმენელს. “პრაიმტაიმთან” ამბობს, რომ ბედნიერია, დაბადების დღეს კონცერტს ტრადიციულად რომ ბათუმში ატარებს.
ნინო ქათამაძე: – ფანტასტიკურ განწყობაზე ვარ. მეგობრების დახმარებით, სარეპეტიციოდ მივდივარ ბათუმის ხელოვნების ცენტრში. ყველა მუსიკოსი საფესტივალო ხასიათზეა. დიდი კომპლიმენტი მივიღე, მითხრეს, გვიხარია, რომ არასდროს ივიწყებ ბათუმს და დაბადების დღეს რომ ჩვენს ქალაქში აღნიშნავო. ვაშა!
სამყარომ ადამიანებისგან რომ დაისვენა, ყველაფერი თავის ადგილას დადგა. ჯაზფესტივალზე ქართველების მონაწილეობა ძალიან სასიხარულოა. ერთი ქართველი მონაწილე ყოველთვის იყო ამ ფესტივალში, არაჩვეულებრივი არტისტების მასპინძლად ვგრძნობდით თავს.
ორგანიზატორები არაფერს აკლებენ, რომ ჯაზფესტივალი საუკეთესო იყოს. ჩვენც უნდა ვუპასუხით იმით, რომ ვაჩვენოთ – საქართველოშიც არიან ძალიან კარგი მუსიკოსები. ერთად უკეთესი იქნებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენს ქართველ მსმენელს ზუსტად იმ სიყვარულს მივცემთ, რა სიყვარულითაც ერთმანეთს ვიცნობთ. ამ რთული პანდემიის დროს ერთმანეთს მონატრებული გულები უნდა გავათბოთ.
სპეციალურად ამ კონცერტისთვის იუბილარ მუსიკოსს სამი კოსტიუმი შეუკერა დიზაინერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ. ნინო კონცერტამდე არ ამხელს, რა ფერის კაბით წარსდგება ჯაზფესტივალის მსმენელის წინაშე.

ნინო: – დიდი სცენაა და სხვა ფერი და შლეიფი სჭირდება. ავთანდილმა უზუსტესად იცის, რა სჭირდება სცენას და მუსიკას. სცენას სხვა სპეციფიკა აქვს და განსაკუთრებით – ჩემს შემთხვევაში, რომ უნდა ვირბინო, დავხტუნავდე და არ მაწუხებდეს, თან ლამაზი იყოს. ბევრი ტექნიკური დეტალია და ამას ითვალისწინებს. ეს ჩემთვის დიდი საჩუქარია.
რამდენჯერმე სპეციალურად ჩემთვის ჩამოიტანა ქსოვილი, შექმნა… ჩემი სასცენო კოსტიუმები და ზოგადად, ყოველდღიურიც ავთანდილის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ერთხელაც რომ ჩემგან დასვენება გადაწყვიტოს, მერე რა მეშველება, არ ვიცი.
არ გეტყვით, რა ფერის კაბა მეცმევა ხვალ! პრინციპში, სამი კოსტიუმიდან რომელს ავარჩევ, თვითონაც არ ვიცი.
ტრადიცია ის მაქვს, რომ კონცერტის წინ და შემდეგაც, ყველას ვეხუტები და ვეუბნები, რომ ჩემი იმედი არიან. მათი განწყობით იკვრება საუკეთესო კონცერტი, მარტო მე არავინ ვარ სცენაზე. ერთიანობაა ეს ტრადიცია.
ხვალ მზე ყველაზე ძალიან მჭირდება, ვინაიდან კონცერტი კორტებზეა. წვიმას უნდა შევუთანხმდეთ, რომ ხვალ, ზეგ და მასზეგ დაისვენოს და მერე ერთად ვიბანაოთ ზაფხულის წვიმაში…























