20:09 | 2021-07-30 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ერთმა დღემ შეცვალა ყველაფერი, როცა ჩემმა დამ წვეულება გააკეთა – წარმატებული ქართველი ბიზნესლედი, ამერიკაში

ერთმა დღემ შეცვალა ყველაფერი, როცა ჩემმა დამ წვეულება გააკეთა – წარმატებული ქართველი ბიზნესლედი, ამერიკაში

ლელა ვაშაკიძე ერთ-ერთია იმ ემიგრანტთა შორის, ვინც უცხოეთში წარმატებას მიაღწია და თავისი ძლიერი ხასიათისა და საქმისადმი სწორი მიდგომის შედეგად, წარმატებული ბიზნესლედი გახდა, რამდენიმე სოლიდური კომაპნია დააარსა და ხელმძღვანელობს.

რა გზა გაიარა მან, ვიდრე ასეთ წარმატებას მიაღწევდა და როგორ არხერხებს, მუდმივად დროის მაჯისცემაზე ედოს ხელი, „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში თავად მოგვიყვება:

 

 

პირველი წარმატება

 

– დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში. ერთმა დღემ შეცვალა ყველაფერი, ჩემს ცხოვრებაში. ჩემმა უფროსმა დამ ჩემს სახლში წვეულება გააკეთა. ჩემი უფროსი და, ნატალია ვაშაკიძე, გახლავთ პროფესორი, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტმა მიიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ ერთი წლითაა უფროსი, ჩემზე ყოველთვის მშობელივით ზრუნავდა. მან ქუთაისის მერიის თანამშრომლები დაპატიჟა სტუმრად, მე მაშინ პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი და წავიკითხე ჩემი ლექსი და ერთ-ერთ სტუმარს, ლელა ქართველიშვილს, რომელიც ახალგაზრდა ხელოვანთა გაერთიანება „მაგმას“ პრეზიდენტი იყო, ძალიან მოეწონა. მიმიწვია თავის ორგანიზაციაში. ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული ამ ორგანიზაციას. მე მაშინ ახალბედა ჟურნალისტი ვიყავი და სწორედ „მაგმას“ ვუმადლი, რომ როცა ჟურნალისტები მიიწვიეს იუნესკოს ეგიდით საფრანგეთში,  ამ სიაში მოვხვდი და ეს იყო უდიდესი შთაბეჭდილებები და გამოცდილება.

18 წლისამ დავაარსე ქუთაისში ფერადი გაზეთი – „პორტრეტი“. მისი მთავარი რედაქტორი ვიყავი, რედაქტორი კი ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე გახლდათ.

პირველი მწარე ტყუილი, ღალატი და წინააღმდეგობაც სწორედ მაშინ ვიწვნიე, მაგრამ ამ ყველაფერს ძალზე მშვიდად და გაწონასწორებულად შევხვდი და ამან გადამარჩინა. ეს თვისება ყოველთვის მშველის. მაშინ ენთუზიაზმზე ვმუშაობდით, მოგეხსენებათ, რადგან 90-იანი წლები იყო და ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებიც კი არ გვქონდა. გაზეთის მაკეტზე მუშაობაში ღამეებს ვათენებდით. ჩემი ჩანაფიქრი იყო, რომ უნდა გამოსულიყო საუკეთესო გაზეთი. როცა გაზეთი უკვე მზად იყო დსაბეჭდად, ერთმა კოლეგამ, რომელიც თავადაც გაზეთის რედაქტორი იყო, მითხრა, რომ მას ჰქონდა გაზეთის დასაბეჭდი ქაღალდი და მისგან შემეძინა. დავთანხმდი. გაზეთი რომ დაიბეჭდა, ელდა მეცა. ისეთი ცუდი ხარისხის ქაღალდი იყო, რომ კარდონზე დაბეჭდილს ჰგავდა. ამას ვერსად გამოვაჩენდი, რა თქმა უნდა. მთელი ტირაჟი სოფელში წავიღე და იქ დავტოვე. მე კი მამასთან ერთად თურქეთში გავემგზავრე, იქაურ სტამბაში რომ დამებეჭდა გაზეთი. მართლაც საუკეთესო გამოვიდა და დღემდე ვამაყობ. ეს იყო ჩემი პირველი წარმატება ჟურნალისტურ კარიერაში.

მინდა, საფრანგეთში ვიზიტის შესახებაც მოგიყვეთ: ლევილში გავიცანი ნოე ჟორდანიას ქალიშვილი, რომელმაც მიამბო მამისა და თავისი ცხოვრების შესახებ. ჩემი ბაბუა ნოე ჟორდანიასთან დაახლოებული პირი იყო და ემიგრაციაში მასთან ერთად წავიდა. მისი საფლავი გახლავთ საფრანგეთში. საქართველოდან წავიღე მიწა, რომელიც პირველმა მოვაბნიე ბაბუას საფლავზე. მაშინ არ ვიცოდი, რომ რამდენიმე წელიწადში მეც ემიგრანტი გავხდებოდი. მთელი გზა, ვიდრე საფრანგეთში ჩავიდოდი, ბებუას წერილებს ვკითხულობდი, რომელსაც თავის დას უგზავნიდა. საოცრად შთამბეჭდავი იყო…

 

 

ემიგრანტი დედის წვიმიანი “იავნანა“

 

 

– 24 წლისას მომიწია ემიგრაციაში წასვლა. ამ თემაზე ლაპარაკი არ მიყვარს, უდიდეს ტკივილს მაყენებს, რადგან შვილები საქართველოში დავტოვე. შემდეგ იყო შვილების გაუცხოება… როცა შვილებიც ჩამოვიყვანე ამერიკაში, რაღაც პერიოდი დაგვჭირდა, ეს გაუცხოების გრძნობა რომ გადაგველახა. ძალიან რთული იყო. უმცროსი შვილი 2 წლის იყო, როცა დედის გარეშე დარჩა. ერთ დღეს ქარიან და წვიმიან ამინდში დამირეკეს საქართველოდან და ნინამ (უმცროსი გოგონა) მთხოვა, მისთვის იავნანა მემღერა. მოვიკრიბე ძალა და ვუმღერე, თან ვცდილობდი, შეუმჩნეველი დარჩენილიყო, რომ ვტიროდი. არ მინდოდა, ბავშვს ეგრძნო, როგორ განვიცდიდი იმ წუთებში. მანქანების სიგნალის ხმამ გამომაფხიზლა – თურმე სიმღერის დროს გამიჩერებია მანქანა შუა გზაზე და თავი საჭეზე დამიდია.

ერთ დღეს სამსახურიდან დაღლილი მოვედი და საქართველოში დავრეკე. ვეუბნები – ფეხი მაწუხებს კოჭთან, არ მტკივა, მაგრამ მგონია, რომ ჭრილობა მაქვს-მეთქი. – ვერ გეუბნებოდი, მაგრამ ანუკიმ (უფროსი გოგონა) ფეხი დაიზიანა კოჭთან, გაუმიზეზდა და დღეს ქირურგიული ჩარევა დასჭირდაო, – მამამ მითხრა. მიუხედავად იმისა, რომ შორს ვიყავი, ყოველთვის ვგრძნობდი ჩემი შვილების მდგომარეობას – როდის იყვნენ ბედნიერები, როდის – ცუდ განწყობაზე, როდის რა სტკიოდათ.

ამერიკაში ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, მიმტანად მომიწია მუშაობა. როდესაც ბავშვებს ვხედავდი, ვტიროდი და ამის გამო სამსახურიდან გამომიშვეს – არავის სჭირდებოდა ჩემი მოღუშული და ცრემლიანი სახის დანახვა. დედა ჩემზე 4 წლით ადრე ჩამოვიდა ამერიკაში და შემდეგ, მე რომ ჩამოვედი და ხედავდა, როგორ განვიცდიდი, მეუბნებოდა ხოლმე – ხანდახან შეიძლება წაიქცე, მაგრამ ისე უნდა ადგე, რომ სხვამ ვერ გაიგოსო. ბრძენი ადამიანია დედაჩემი, ძალიან შემართებული და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს მე ვარ ძლიერი, შემდგარი ადამიანი და ბიზნესლედი.

 

 

ბიზნესლედი

 

 

– ამერიკა ისეთი ქვეყანაა, სადაც, თუ ოდნავ ალღო გაქვს, აუცილებლად გამოგივა ბიზნესი. სანამ აქამდე მივიდოდი, მანამდე გავიარე ის გზა, რასაც ემიგრანტები გადიან. ეს ძალიან გეხმარება, რადგან დიდ გამოცდილებას იძენ.

 

 

ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ეს ჩემი პროფესიიდან გამომდინარეა, ალბათ, რადგან ჟურნალისტს ეს თვისება აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ადამიანებთან კონტაქტი, კავშირები დამეხმარა ბიზნესის წამოწყებასა და წარმატებულად განვითარებაში. ასევე, ჩემი წარმატება განსაზღვრა იმან, რომ მუდმივად ახალ იდეებს ვეძებ და სიახლეებს ვთავაზობ კლიენტს.

 

 

ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ქველმოქმედება. როდესაც ღმერთი გაძლევს შანსს, რომ იყო წარმატებული ბიზნესლედი, ის ამით გაკისრებს იმ მისიასაც, რომ აუცილებლად დათესო სიკეთე. როდესაც ბიზნესს ვიწყებდი ჩემს ბანგლადეშელ პარტნიორთან ერთად, ჯერ არც კი ვიყავით გახსნილი, რომ პირველი ქველმოქმედება გავაკეთეთ ქუთაისის მოხუცთა სახლისთვის.

 

 

ბიზნესის კეთება ამერიკაში არის უფრო მარტივი, ვიდრე მისი მართვა. სახელმწიფო ყველანაირ საშუალებას გაძლევს, რომ ბიზნესი აწარმოო, შენ კი გონიერება უნდა გეყოს, მისი მართვისთვის. მთავარია, კანონი არ დაარღვიო და ყველაფერი გააკეთო კანონიერად. მაშინ იქნები წარმატებული.

 

 

ოჯახი

 

 

თავიდან ძალიან მიჭირდა ბიზნესისა და ოჯახის შეთავსება. ეს რომ გამომესწორებინა, დიდი როლი ჩემს ცხოვრებაში ითამაშა ერთმა საინტერესო ადამიანმა. სამწუხაროდ, ის კოვიდმა იმსხვერპლა. ბატონი მოსე 80 წლის გახლდათ და იყო ბრძენი ადამიანი. ერთ დღეს კაფეში ვისხედით და მკითხა – თუ იცი, ეს ქუჩა, სკვერი, ხელოვნების ცენტრის შენობა ვისი სახელობისააო? ვუთხარი, რომ მხოლოდ გვარი მქონდა გაგონილი ამ ადამიანის, მის შესახებ კი არაფერი ვიცოდი.

 

 

მან მითხრა, რომ ეს ადამიანი იყო მისი კლასელი და უმდიდრესი ადამიანი და საბოლოოდ დარჩა მარტო, რადგან საქმეების გადამკიდეს, ოჯახისთვის დრო არ რჩებოდა. – მხოლოდ წარმატებული ბიზნესი არ ნიშნავს ბედნიერებას, ისე უნდა გადაანაწილო დრო, რომ ოჯახისთვისაც მოიცალო. გიყურებ, რომ უამრავი საქმიანი ზარი შემოდის შენს ტელეფონზე და პასუხობ, მაგრამ არც ისე ხშირად გირეკავენ ოჯახის წევრებიო. მაჩუქა ლამაზი რვეული და მითხრა – ამ რვეულში არ ჩაწერო არც ერთი საქმიანი, ბიზნესთან დაკავშირებული გეგმა, მხოლოდ ოჯახის გეგმები ჩაწერეო. თვითონ კვირაში ერთხელ აკეთებდა სუფ-ფართებს. თავისი ხელით ამზადებდა სუფს და ეპატიჟებოდა შვილებს. ოჯახის წევრები ერთად იყრიდნენ თავს და ერთმანეთს უზიარებდნენ კვირის განმავლობაში მომხდარ ამბებსა დე ემოციებს, რაც მათ ძალიან აახლოებდა.

 

 

 

ისე მომეწონა მისი ნათქვამი, რომ მეორე დღესვე გავაუქმე რამდენიმე საქმიანი შეხვედრა და უნივერსიტეტში მივაკითხე შვილებს, ლანჩის დროს და უნივერსიტეტის კაფეტერიაში შევხვდი, მათთან გავატარე რამდენიმე საათი და კმაყოფილი წამოვედი. ბატონი მოსეს ნაჩუქარი რვეული დღემდე მაქვს და მასში ოჯახთან დაკავშირებულ გეგმებს ვწერ.

 

 

ჩემი მშობლები ჩემგან ნახევარი საათის სავალზე ცხოვრობენ და ხშირად ვურთიერთობ მათთან. დედამ ძალიან ბევრ ქარტეხილს გაუძლო და მეც დამეხმარა, რომ ძლიერ და წარმატებულ ადამიანად ჩამოვყალიბებულიყავი. ძალიან პოზიტიური, დადებითი ადამიანია და შვილებსაც გვაძლიერებს.

 

 

 

ძალიან თბილად მახსენდება ჩემი ბებია-ბაბუა და ვცდილობ, ჩემს შვილიშვილსაც ისეთი სამსახური გავუწიო, როგორც მათ გამიწიეს. დიდ ჯიხაიში ცხოვრობდნენ.

 

სადაც უნდა ვიყო, ბაბუას რჩევები მახსენდება. ვერც ერთი ქვეყანა ვერ შემიცვლის ჩემს სამშობლოს (ტირის)… სადაც უნდა ვიყო, ჩემი ბებია-ბაბუას სიყვარული თან დამყვება. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი, რაც მაქვს, მათი საფლავებია. ბავშვობაში ბებიას კალთაში თავს ჩავუდებდი ხოლმე, თმაში თითებს შემიცურებდა და მეფერებოდა. ახლა, როცა მიჭირს ან და როცა დაღლილი ვარ, თვალებს მივლულავ და წარმოვიდგენ ჩემს თმაში მის თითებს და ძალიან მამშვიდებს.

 

 

ყველაზე კარგი თერაპია ის გახლავთ, რომ ადამიანმა ყოველდღე იპოვოს თავისი წილი, თუნდაც მცირე ბედნიერება. პატარ-პატარა ბედნიერებით შედგება ჩვენი ყოველდღიურობა. გადაღლილი  როცა ვარ, ბედნიერებას მანიჭებს ბუნებასთან ურთიერთობა. გავაჩერებ მანქანას და გადავდივარ ბუნებაში. ეს ძალზე მშველის. იყო პერიოდი, როცა გადატვირთული გრაფიკის გამო ამას ვერ ვახერხებდი და ქოთნის ყვავილი ვიყიდე, რომელსაც მანქანით დავატარებდი. ეს ძალიან მამშვიდებდა.

 

 

ძლიერი ფალავანი

 

 

– დილით 7 საათზე ვდგები, გავდივარ 1 საათით სასეირნოდ, შემდეგ ვბრუნდები, ვსვამ ყავას, მივდივარ სამსახურში, მთელი დღე ვმუშაობ, გავდივარ შეხვედრებზე და ვცდილობ, 5 საათზე დავასრულო მუშაობა და საღამო ჩემს შვილიშვილთან, ელენესთან ერთად გავატარო.

პარასკევს, დღის 3 საათიდან ორშაბათის დილის 8 საათამდე აუცილებლად ვისვენებ, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. საღამოობით ვწერ. წიგნზე ვმუშაობ და ყოველ საღამოს ვცდილობ, რაღაც მივამატო. ეს წიგნი მალე იხილავს დღის სინათლეს.

 

ერთფეროვნება არ მიყვარს, მოსაწყენია და ჩემს შვილებსაც მაგას ვეუბნები, რომ ერთი დღე მეორეს არ უნდა ჰგავდეს.

 

ქართველი ქალის, ემიგრანტი ქალების ძეგლი უნდა დაიდგას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, რადგან ქართველი ემიგრანტი ქალები არიან ძლიერების სიმბოლო. თუმცა, ვინც სამშობლოში დარჩა და გასაჭირს უძლებს, ისინი არანაკლებ ძლიერები არიან.

 

 

როცა ბიზნესი წამოვიწყე, პირველი, რაც გავითვალისწინე, იყო ჩემი გამოცდილება, რაც სხვა კომპანიებში მუშაობისას მივიღე. ის, რაც არ მომწონდა, ჩემთან გამოვასწორე, ხოლო რაც მომწონდა, გავითვალისწინე. ჩემი კომპანიის თანამშრომელი უნდა იყოს ბედნიერი, თუ მინდა, რომ ბიზნესი იყოს წარმატებული. ჩემს ოფისში დასაქმებულთა უმეტესობა ახალგაზრდაა, რადგან მინდა, მივცე მათ განვითარებისა და კრეატიული იდეების განხორციელების საშუალება.

 

წარმატებისთვის ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს გაწონასწორებულ ხასიათსა და პოზიტივს. როცა პოზიტიური ადამიანი ხარ, ყველას სურს შენთან ურთიერთობა.

 

ცხოვრება ძლიერი ფალავანია, რომელსაც უნდა შეეჭიდო და ყოფის მთელი არსი ამაშია. თავმდაბლობითა და პოზიტიურობითაა შესაძლებელი ამ ფალავანის დამარცხება.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X