
საქართველოში ონლაინ სწავლების დაწყებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. საზოგადოების დიდი ნაწილი გააღიზიანა მთავრობის გადაწყვეტილებამ.
ბავშვები სკოლაში წასასვლელად ემზადებოდნენ. მშობლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ პანდემიის შემდეგ, შვილები სრულფასოვანი მოსწავლის ცხოვრებას დაუბრუნდებოდნენ.
დაიდო სტატისტიკა, რომ ონლაინ სწავლებამ ჩინეთში, მოზარდებში, სუიციდისაკენ მიდრეკილება გაზარდა.
რა ხდება იტალიაში, რომელიც ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც კოვიდმა ძალზედ დიდი მსხვერპლი მოუტანა. აღმოჩნდა, რომ იტალიის სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა, ბუნებრივია, რეგულაციების დაცვითა და სახეცვლილებით, თუმცა – მაინც!
“პრაიმტაიმი” ფლორენციაში მცხოვრებ მეთერთმეტე კლასელ გოგონას დაუკავშირდა. ქეთა ჯაფარიძე რამდენიმე წელია იტალიაში ცხოვრობს და მისთვის ეს ქვეყანა, როგორც ამბობს, უკვე მეორე სამშობლოდ აღიქმება. აი, რას გვიყვება ქეთა იტალიის ამ ლამაზი ქალაქის ერთ სკოლაზე.

ქეთა ჯაფარიძე: – ფლორენციის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ვსწავლობ, High school-ში. მეთერთმეტე კლასში გადავედი. წელს კლასში არავინ ჩარჩენილა. ძირითადად კლასიდან 2-3 ბავშვი კლასში რჩება ხოლმე, რთულია სწავლა, მაგრამ წელს კოვიდმა ყველაფერი გაგვიადვილა. მასწავლებლები ბევრს ვერაფერს ვერ მოითხოვდნენ ჩვენგან, ამიტომაც გადაწყვიტეს ყველანი გადავეყვანეთ.
რეგულაციებს რაც შეეხება: დისტანციის დაცვით დავიწყებ, რაც შეუძლებელი ხდება, რადგან, 2000 მოსწავლეს + მასწავლებლები, ფიზიკურად შეუძლებელია, მინიმუმ 1 მეტრიანი დისტანციის დაცვა. ნიღბები სავალდებულოა სკოლის შესასვლელიდან კლასის მერხამდე. როგორც კი მერხს მივუჯდებით, შეგვიძლია ჩამოვიწიოთ.
დღეს სკოლამ სამედიცინო ნიღბები დაგვირიგა მთელს სკოლას, თითო მოსწავლეს 10 პირბადე შეგვხვდა. ერთმანეთის შეხება გვეკრძალება, არ შეგვიძლია ნივთები გადავცეთ, ვათხოვოთ ერთმანეთს.
მოსწავლეებს ძალიან გვიჭირს ახალი წესებით ცხოვრება. დღეს, მაგალითად, ოქმი შეუდგინეს ჩემს კლასელს იმის გამო, რომ მეორე კლასელის რვეული აიღო და დამალა, რაც ნორმალური ამბავი იყო შარშან. წესებში წერია, რომ ერთმანეთის ნივთებს არ უნდა შევეხოთ.
საათებიც შეამცირეს, ძირითადად, 5-6 საათი გვქონდა გაკვეთილები, ახლა 4 საათია ყოველ დღე (კვირის გარდა). ამას გარდა, კლასები გადაანაწილეს, ყველა კლასს კვირაში მინიმუმ 1 დღე ონლაინ სწავლა გვექნება.
მოსწავლეებს მოგვეთხოვება, 10 წუთით ადრე ვიყოთ სკოლის წინ, ვიდრე შენობაში შეგვიშვებენ, რადგან ასე შესვლისას თავიდან იცილებენ ზედახორას. დავალებებს ჯერ-ჯერობით ისევ ონლაინ ვაგზავნით, რადგან მასწავლებლებს არ შეუძლიათ ჩვენი ნივთების (ამ შემთხვევაში რვეულების ან ფურცლების) შეხება. გვითხრეს, ტესტებს კლასში გაგაკეთებინებთო.
ამ ტესტებსაც თავის წესები აქვს: გვირიგებენ დეზინფექცირებულ ფურცლებს და როდესაც ჩაბარების დრო მოვა, მასწავლებელი ხელთათმანებით იღებს ჩვენს ნაშრობს, დებს სპეციალურ პარკში და ინახავს 2 კვირით. მოკლედ რომ ვთქვათ, ტესტებს “კარანტინი” უწევთ.
გვითხრეს, რომ (თუ ძალიან არ გვიჭირს) საპირფარეშოში გაკვეთილის მიმდინარეობის დროს გავიდეთ, რადგან შესვენებაზე მასწავლებლებს სჭირდებათ. კლასში მოსწავლეებს შორის მინიმალური დისტანცია 1 მეტრია, მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის 2.
მასწავლებლებისთვის პირბადეები სავალდებულოა ყოველთვის, არც ოდნავ ჩამოწევა შეუძლიათ. თუმცა უნდა “ჩავუშვა”, პირბადით ზოგიერთი მასწავლებელი ვერ ლაპარკობს, ვერც ნორმალურად სუნთქავს, ამიტომ წესების დარღვევა უწევთ…
მასწავლებლებიც იგივე წესებს გვიმეორებენ, რაც დირექციამ დაგვიწესა და ზემოდან აყოლებენ ხოლმე: “და ბავშვებო, იცოდეთ! დაიმახსოვრეთ! ყველა წესი დაიცავით და ფრთხილად იყავით.”
ვფიქრობ, ყველაფერი შეცვალა კოვიდმა – ხალხის დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, ვისწავლეთ, რომ ერთმანეთზე ძვირფასი არაფერია, გავხდით უფრო ფრთხილნი. ჩემთვის კი დიდად არაფერი შეცვლილა. რომ გითხრათ, ძალიან ფრთხილად ვარ-მეთქი, მოგატყუებთ. როგორც ყველა ახალგაზრდა, მეც ისე ვარ, მაგრამ ვცდილობ დავემორჩილო წესებს. უბრალოდ, მართლა ფიზიკურად შეუძლებელია ყველაფრის დაცვა, ისე როგორც დაგვიწესეს.

ეს ქვეყანა ჩემი მეორე სახლი გახდა და მეც ისევე მტკიოდა იტალიის ასეთ მდგომარეობაში ნახვა, როგორც ყველა დანარჩენ იტალიელს. ფლორენცია ცხოვრებას აგრძელებს – ბარები ღიაა, უბრალოდ იქაც დისტანციის დაცვით უნდა შეხვიდეთ და დაჯდეთ განკუთვნილ ადგილას. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ პირბადის მოხსნა. დისკოთეკები გახსნილი იყო, მაგრამ ისევ დაკეტეს. საღამოს 6 საათიდან დილის 6 საათამდე, გარეთ, თავშეყრის ადგილებში, სავალდებულო გახადეს პირბადეებით ყოფნა.
ქუჩაშიც ჩვეულებრივად დადის ხალხი, ერთმანეთს ძალიან არ ერიდებიან, მაგრამ ტრანსპორტში თუ შეამჩნეს, რომ ვინმეს ჩამოწეული აქვს ან არ უკეთია პირბადე, მაშინვე ჩხუბს იწყებენ. მართლებიც არიან, ჩემი აზრით; მე თუ მიკეთია და ვიტანჯები პირბადეში, ხომ არ მეხალისება, არა? მათაც ისევე მოეთხოვებათ როგორც მე, თქვენ და ყველა დანარჩენს…

























