
ფემიციდის კიდევ ერთი საზარელი შემთხვევა, რომლის შედეგად დაზარალებული გოგო საავადმყოფოში მოხვდა და ახლა მისი მდგომარეობა მძიმეა.
ამ გახმაურებულ შემთხვევაზე სასაუბროდ „პრაიმტაიმი“ ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელს ბაია პატარაიას დაუკავშირდა.
ქალთა უფლებადამცველი აცხადებს, რომ ფემიციდის გაშუქების სტანდარტის დაცვა მედიის ვალდებულებაა, რათა ძალადობის შემთხვევების წახალისება არ მოხდეს.
„ვთვლი, რომ ასეთი შემთხვევები არ უნდა გაშუქდეს, ან თუ გაშუქდება, ძალადობის მეთოდზე აქცენტი არ უნდა გაკეთდეს, რადგან ფემიციდს ტალღურობა ახასიათებს.
ერთმანეთს ბაძავენ, ხშირად ერთდროულად ხდება ასეთი შემთხვევები. მედიას მოვუწოდებ, მეთოდების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავონ, რათა ფემიციდის მიმბაძველობა არ წახალისდეს.
გაითვალისწინონ, რომ ეს ის ქვეყანაა, სადაც ლეღვის ნახარშით ყოველ წელს დაზარალებულები გვყავს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელს, მედიკოსები ამის გამოყენებისგან თავშეკავებას ურჩევენ.
ფემიციდი ძალიან მშრალად უნდა შუქდებოდეს და ცხადია, ამ შემთხვევის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. გამოვაქვეყნეთ ფემიციდის გაშუქების სტანდარტი და ყველას ვთხოვთ, გაითვალისწინონ.“ – ამბობს ბაია პატარაია.
შეგახსენებთ, დღეს, სამართალდამცველებმა ახალგაზრდა მამაკაცი შეყვარებულ გოგონაზე თავდასხმის გამო დააკავეს.























