
15 მარტი – 00:29 წუთი. „საშინელი გაზის სუნია, არ ვიცით რა ხდება, გვიშველეთ!” – აღელვებული ხმით დარეკეს თბილისი ენერჯის ცხელ ხაზზე დიდი დიღმიდან, – ამის შესახებ „თბილისი ენერჯი“ წერს და მოსალოდნელი ტრაგედიის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
„სწრაფი რეაგირების ჯგუფი სასწრაფოდ გავიდა ადგილზე. ძლიერი გაზის სუნი აპარატურის გარეშეც იგრძნობოდა. შემოწმების შედეგად კი აი რა აღმოჩნდა – იოანე პეტრიწის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის დაკეტილი ბინა დამლაგებელს დაულაგებია. როგორ და რანაირად არავინ იცის, მაგრამ გაზქურის ონკანები გახსნილ მდგომარეობაში დაუტოვებია და სახლი დაუკეტავს. გაზი კი მთელი საღამოს გამავლობაში ჟონავდა დაკეტილ ბინაში.
თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების 114-ის ჯგუფმა გაზი გადაკეტა და საფრთხეც აღმოიფხვრა, თუმცა რომ არა მეზობლების ყურადღება და დიდი პასუხისმგებლობა ეს ამბავი დიდი ალბათობით, ძალიან ცუდად დასრულდებოდა დამლაგებლის უპასუხისმგებლობის გამო. კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. იყავით ფრთხილად, ყურადღებით და მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინეთ.
თითოეული ადამიანის არასწორმა ქმედებამ შესაძლოა ადამიანების სიცოცხლე შეიწიროს. მადლობა მოქალაქეებს, რომლებმაც საფრთხის შესახებ დროულად შეგვატყობინეს ცხელ ხაზზე. დარეკეთ 114-ზე ნებისმიერ დროს, როცა გაზის სუნს იგრძნობთ!“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.























