
ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლ კაციამ, მამა ანდრია სარიას მიმართ საპატრიარქოს გადაწყვეტილება მედიასთან შეაფასა, რომლის თანახმადაც ინჩხურის ტაძრის ყოფილ წინამძღვარს მღვდელმსახურება შეუჩერდა და განმარტა, რომ საპატრიარქოს კომისიამ მამა ანდრია სარია გააფრთხილა, თუმცა მან არ გაითვალისწინა და მონასტერში რომლის წინამძღვარიც იყო არ დარჩა.
„მამა ანდრია სარიას სამჯერ ვთხოვე, თუმცა მან აირჩია ეს გზა, დატოვა ეპარქია. მას 15 წელია ვიცნობ. 3-ჯერ შევთავაზე დარჩენა. ის იყო წინამძღვარი ეკლესიის, თვითონ აირჩიე ეს გზა. დატოვა მეუფე პეტრესთან ერთად რეზიდენცია. მეუფე პეტრეს დავალებით მუშაობდა არქივზე, დადიოდა მასთან შიომღვიმის ეკლესიაში. ჩვენ მივეცით განტევების სიგელი და მერე არ გვინახავს. დაიბარეს კომისიაზე მისცეს ერთხელ გაფრთხილება, ორჯერ. ეს არ არის შურისძიების გაგრძელება, ეს კანონიკაა“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
მამა ანდრია სარია წაჩხურუს ტაძრის წინამძღვარი 2013 წლიდან იყო. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებით, მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმოქმედება 20 იანვრიდან აეკრძალა.






















