17:18 | 2020-06-09 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ეს არის დრო, როდესაც ყველა ერთად უნდა დავდგეთ – გიგა მაქარაშვილი 20 ივნისის აქციის დეტალებზე

ეს არის დრო, როდესაც ყველა ერთად უნდა დავდგეთ – გიგა მაქარაშვილი 20 ივნისის აქციის დეტალებზე

რამდენიმე დღეში ე.წ. გავრილოვის ღამიდან ერთი წელი გადის. სამოქალაქო აქტივისტები 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავენ.

 

როგორც პრაიმტაიმთან საუბრისას გიგა მაქარაშვილი  აცხადებს, თბილისის მერიაში დღეს განცხადება შეიტანეს და დახმარება სთხოვეს, რომ აქცია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების გავითვალისწინებით ჩატარდეს.

 

 

სახელმწიფომ ახალი რეგულაციების გამარტივებით მოგვცა შეკრების შესაძლებლობა. თქვენ ხედავთ, რამდენი ადამიანი იკრიბება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მოედნებსა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

 

ჩვენ ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს ქალაქის მერიასთან, იმისთვის, რომ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები გავითვალისწინოთ.

 

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია უკვე მეექვსე თვეა შემოღობილია და ფიზიკურად ვერ ვდგებით შესაბამისად, გვიწევს გზის სავალ ნაწილზე გადასვლა.

 

20 ივნისს აქცია გაიმართება - მერიას გზის გადაკეტვის მოთხოვნით მიმართეს
2020-06-0920 ივნისს აქცია გაიმართება - მერიას გზის გადაკეტვის მოთხოვნით მიმართეს

 

ამიტომ მერიას ვთხოვეთ, რომ დღის სამ საათიდან გადაგვიკეტონ რუსთაველის გამზირი, რადგან ორგანიზატორებმა შეძლონ დისტანციისთვის საჭირო ნიშნულების გაკეთება.

 

მაგალითად, სხვადასხვა ბარიერების გაკეთება იმისთვის, რომ ადამიანები ვინც მოვლენ, პირბადე გაიკეთონ. შესაბამისად, შემოწმდნენ…

 

თუ ამ თხოვნას მერია არ შეასრულებს ფიზიკურად ადამინების მატებასთან ერთად უბრალოდ ვეღარ დავეტევით. ხელისუფლება თუ დაგვეხმარება ისე, როგორც ნორმალურ ქვეყანაში კარგი იქნება.

 

მთავარი მესიჯი

 

ბოლო გადამწყვეტი ბრძოლაა ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების. იმ ნაწილისთვის, ვინც ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს არ ემხრობა. ამ ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.

 

20 ივნისს ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ ეს არის დრო, როდესაც ყველა ერთად უნდა დავდგეთ ერთის წინააღმდეგ. ჩვენი აქცია მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი იქნება, როგორც გამაერთიანებელი გახლეჩილი საზოგადოების. იმიტომ, რომ ახლა, როგორც არასდროს მთელ ერს ერთიანობა გვჭირდება.

 

ძირითადი მოთხოვნები 

 

ამ წუთებში ჩვენ გარკვეული სახის კოორდინაცია გვაქვს. ზოგიერთ ოპოზიციურ ჯგუფთან მუდმივად გვაქვს კონტაქტი. შესაბამისად, ჩვენი სცენა დაეთმობა ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას თუ გაერთიანებას, რომლებიც ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში არიან ჩართულები.

 

ეს იქნება უფრო სამოქალაქო საზოგადოების აქცია, სადაც ასევე იქნებიან პოლიტიკოსები. ზუსტად ერთი წლის თავზე, ისევ არ არის შესრულებული ჩვენი მოთხოვნები.

 

ერთი წლის წინ, დავაყენეთ ის მოთხოვნები, რომლებიც ამ წუთასაც რეველანტურია​. ვხედავთ, არათუ გადააყენეს გიორგი გახარია, არამედ პრემიერ-მინისტრადაც დანიშნეს. ახლა უკვე მთელი „ქართული ოცნებაა“ რეალურად ქვეყნის განვითარების მტერია.

 

შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნები ფაქტობრივად უცვლელია თავისუფლება პოლიტპატიმრებს. აუცილებელია პროპორციული არჩევნები და მასთან ძალიან მიახლოვებული პროპორციული სისტემის გაფორმება. ეს ბოლომდეა მისაყვანი.

 

მესამე და აუცილებელი – უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელმაც უფლებამოსილებას გადაამეტა 20 ივნისის ღამეს.

 

20 ივნისის შემდეგ

 

ყველა 20 ივნისზე ვართ ორიენტირებულები. ყველა ის მესიჯი და ადეკვატური მოთხოვნა, რომელიც „სირცხვილიას“ და მის გარშემო შემოკრებილ საზოგადოებას აქვს გავაჟღერებთ. მთავარი დღე ეს იქნება.

 

სხვადასხვა ჯგუფებში ძალიან დიდი რაოდენობით პროტესტია დაგროვებული. ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ ვეღარ დამალავს და ეს ჯგუფები სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას თავის პროტესტს გამოხატავენ.

 

სად ვიქნებით და სად არა, ამის თქმა ზუსტად ძნელია. მაგრამ სადაც ადეკვატური და სამართლიანი იქნება მოთხოვნები აუცილებლად ვიქნებით.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X