
დღეს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ბათუმშია და საჯაროდ, მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდეგ გამოჩნდება.
მან ასევე საზოგადოებას 3 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თუ 100 ათასი ადამიანი იქნება „ვერავინ ვეღარ დაგვამარცხებს“.
მმართველი გუნდი გამორიცხავს, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში იყოს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი, აცხადებენ, რომ მას სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
სად შეიძლება იყოს რეალურად მიხეილ სააკაშვილი და რა გავლენას იქონიებს საქართველოში მისი ჩამოსვლა პოლიტიკურ პროცესებზე – ამ კითხვით „პრაიმტაიმმა“ ექსპერტს პოლიტიკურ საკითხებში მამუკა არეშიძეს მიმართა, რომლის თქმითაც, თუ მართლა „შემოპარულია საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინ ესეც ფარსი და არასასიამოვნო ვითარებაა“.
„ერთის მხრივ, ეს არის ფარსი. მეორეს მხრივ ტრაგედია. ფარსი იმიტომ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის თუ არა საქართველოში მაინც, ფარსის ელემენტები აქვს ამას. თუ არ არის და თავისთვის „ერთობა“ ეს უარესი. ჩემი ინფორმაციით, ის უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება. თუ მართლა შემოპარულია საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინ ესეც ფარსი და არასაიამოვნო ვითარებაა. ეს ტრაგედიაცაა ხელისუფლებისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების კონკრეტული სტრუქტურები არ მუშაობს.
რომ გითხრათ ობიექტურობისთვის ეს მისი მომხრეების მობილიზებას უწყობს ხელს. მაგრამ, მეორე მხრივ, ის მოწინააღმდეგეებსაც აერთიანებს. განსაკუთრებით იმ ხალხისა, რომელიც გაუცხოებულია მმართველი ძალის მიმართ. ადამიანების კატეგორია ვიცი, რომელიც არ მიდიოდა არჩევნებზე, მაგრამ ახლა უკვე აპირებენ. ოღონდ არ იყოს მიშა სააკაშვილი და ყველას მისცემენ ხმას, “- განგვიცხადა მამუკა არეშიძემ.
ექსპერტმა კომენტარი ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ მელია მიშასგან დისტანცირებას ვერ ახდენს, რადგან ფული მას აქვს (მიხეილ სააკაშვილს).
„უბრალოდ, ვიცი, რომ ნიკა მელიასთვის სააკაშვილი ზედმეტი ტვირთია. მელია კომფორტულად გრძნობს თავს მაშინ, როცა იღებს ფულს სააკაშვილისგან. გასაგებიც არის. სააკაშვილი თავისი აქტიურობით, რომ აზიანებს ოპოზიციის მუშაობას ამის თაობაზე თვითონაც გამოუთქვამთ მოსაზრება. ნიკა მელიასთვის სააკაშვილი შემბოჭველია და უკან დამწევი. მიშასგან დისტანცირებას ვერ ახდენს, რადგან ფული მას აქვს. ასე, რომ თუ დაპირისპირებას დავარქმევთ იყოს დაპირისპირება. უბრალოდ, მიუღებლობა უფროა. თან უნდა და თან არა, “- განგვიცხადა მამუკა არეშიძემ.
ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები
























