03:03 | 2020-04-17 ავტორი: თამარ ბუჩუკური

„იმიტომ, რომ ვარ მორწმუნე, ტაძარში არ მივდივარ!“ – თინათინ მაღალაშვილი

„იმიტომ, რომ ვარ მორწმუნე, ტაძარში არ მივდივარ!“ – თინათინ მაღალაშვილი

როცა მსოფლიო პანდემიას ებრძვის, იკრძალება ადამიანების თავშეყრა. აკრძალვა ეხება ასევე, ეკლესიას.

 

საზოგადოების ნაწილი მათ გაუფრთხილებლობასა და პანდემიის შესაძლო გავრცელებაში ადანაშაულებს. ნაწილი – მართლმადიდებელთა შევიწროებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეკლესიას კორონავირუსის სახელით ებრძვიან.

 

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა საზოგადოებისთვის ცნობილი, აღმსარებელი და მაზიარებელი ადამიანები, აღდგომის დღესასწაულს ტაძრებში შეხვდებიან თუ არა. ამაზე სასაუბროდ დიზაინერ თინათინ მაღალაშვილს დავუკავშირდით.

 

როგორც თინათინ მაღალაშვილმა განაცხადა, ის სახლში რჩება, რათა ეკლესია ტალახის მსროლელთაგან დაიცვას.

 

„იმიტომ, რომ ვარ მორწმუნე, ტაძარში არ მივდივარ, ამით ვიცავ ჩემს ეკლესიას და ვრჩები სახლში. შესაძლოა, მრევლში იყოს ინფიცირებული, რომელსაც სიმპტომები გამოვლენილი არ აქვს და გავრცელდეს ვირუსი. ეს ასე რომ მოხდეს, ეკლესია დიდ დარტყმას მიიღებს და ტალახს ესვრიან. ეს ყველა მორწმუნემ უნდა გაითავისოს.

 

პანდემია როცა აქტიურ ფაზაში იყო შესული და იმ დროს მე იტალიიდან დავბრუნდი, თვითიზოლაციის ვადის გასვლისთანავე ეკლესიაში ოჯახთან ერთად მოსალოცად წავედი, რათა მადლობა გადამეხადა უფლისთვის, რომ ამ პანდემიას ამაცილა.

 

მღვდლები ამბობენ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხია წავალთ თუ არა ეკლესიაში.

 

ყველა ადამიანი პასუხისმგებელია თავის ქცევაზე. არავინ გვთხოვს ფრონტის წინა ხაზზე დგომას. ეს არის ომი, რომელიც სახლში დარჩენით უნდა მოვიგოთ. ეს ყველა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს.“ – ამბობს თინათინ მაღალაშვილი.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X