18:59 | 2021-05-06 ავტორი: თამარ გონგაძე

“ეს ბიჭები დამნაშავეები არიან. მაგრამ ასეთი სასოწარკვეთილი ნაბიჯი გადადგეს იმის გამო, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ” – დათო ტურაშვილი თვითმფრინავის ბიჭებზე

“ეს ბიჭები დამნაშავეები არიან. მაგრამ ასეთი სასოწარკვეთილი ნაბიჯი გადადგეს იმის გამო, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ” – დათო ტურაშვილი თვითმფრინავის ბიჭებზე

“თვითმფრინავის ბიჭები” – მუდმივად საინტერესო და ამოუწურავი თემა. რამდენი ითქვა, დაიწერა, დაიდგა, გადაღებულა… თუმცა მაინც სულ ინტერესდები ამ სამაგალითოდ დასჯილი სასოწარკვეთილი ბიჭების შესახებ.

 

და მაინც – ვინ იყვნენ ისინი, ტერორისტები თუ გმირები, რომლებიც საბჭოთა იდეოლოგიას დაუპირისპირდნენ? კითხვა გადაცემა “გროსმაისტერმა” “ჯინსების თაობის” ავტორს, დათო ტურაშვილს დაუსვა.

 

დათო ტურაშვილი: – თვითმფრინავის გატაცების ფაქტი ტერორისტული აქტია, გინდა ცუდი საბჭოთა კავშირიდან გაიტაცე და გინდა გადასარევი იაპონიიდან. მაგრამ მე არც ცხოვრებას და არც ლიტერატურას ისე არ ვუყურებ, რომ ასე მარტივად დავყო – ან ტერორისტია ან გმირი. მე მათ ვუყურებ როგორც მსხვერპლს. ამ ადამიანებმა ასეთი სასოწარკვეთილი ნაბიჯი გადადგეს იმის გამო, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ. ის, რაც მოვისმინე, როგორ არ ჰქონდათ სხვა გზაო, სულ ყველაფერი საბჭოთა ხელისუფლების შეთხზულია. მათზე გადაიღეს სიუჟეტი “ბანდიტები”, რომ თითქოს ამ ბანდიტებს თითქოს სხვა გზაც ჰქონდათ. იგივე, ვიზებით წასულიყვნენ საზღვარგარეთო. ვის შეეძლო იმ დროს ვიზით სადმე გაღწევა?

 

ამ წიგნის წერა რომ დავიწყე, რამდენი კვლევა მქონდა ჩატარებული… ეს აღმოჩნდა 45-ე შემთხვევა. წარმოგიდგენიათ, რამდენი ადამიანი იყო, ვისაც საბჭოთა კავშირიდან გაქცევა და თვითმფრინავის გატაცება უნდოდა. ამათ წინ ლიტველებმა გაიტაცეს თბილისიდან ბათუმში და ბათუმიდან თურქეთში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დაჯდა თვითმფრინავი. გადარჩნენ, გამოუვიდათ. ბიჭებმაც იმიტომ გარისკეს რომ ჩათვალეს, რომ წინამორბედების მსგავსად მათაც გამოუვიდოდათ.

 

ნახეთ ვიდეო

 

 

 

ეს წიგნი ჰოლანდიაში, გერმანიაში, კანადაშიც არის გამოცემული. დასავლეთის მკითხველისთვის (თარგმნილი გამოცემებისთვის) სპეციალური თავი დამაწერინეს, რადგან გაეგოთ, რატომ შეიძლებოდა ეს ხალხი ისეთი გამწარებული ყოფილიყო, რომ ქვეყნიდან გაქცევა მოსდომებოდათ.

 

როდესაც იტაცებენ თვითმფრინავს, ძირითად შემთხვევაში მოთხოვნები აქვთ, პოლიტიკური თუ სხვა. მაგრამ ის, რომ ქვეყნიდან გაქცევას ირჩევენ, ეს ძალიან სასოწარკვეთილი გზაა. ძალიან ახლოს თვითმკვლელობასთან და ტრაგედიასთან. მოკლედ, ის დამატებული თავი იმაზეა, თუ რა საშინელი იყო საბჭოთა კავშირი, რამდენ ადამიანს უნდოდა გაქცევა…

 

ეს ბიჭები დამნაშავეები არიან და მათ ოჯახის წევრებს და ახლობლებს არსად არ უთქვამთ, რომ დამნაშავეები არ არიან. არასოდეს… უბრალოდ, არაადეკვატური იყო სახელმწიფო. ძალიან სწრაფარად დახვრიტეს, თვენახევარში. ასეთი რამ საერთოდ არ ხდებოდა საბჭოთა კავშირში. გასაჩივრება გრძელი პროცესი იყო. მაგრამ ეს ხომ სასამართლო არ იყო. სამაგალითო დასჯა იყო, რომ შემდეგ აღარავის გაებედა. და ვერც ვერავინ გაბედა. სინამდვილეში ამიტომ დახვრიტეს. არ შეიძლება სახელმწიფო ასეთი სასტიკი იყოს როგორი შეცდომილიც არ უნდა იყოს მისი მოქალაქე.

 

გეგა კობახიძის დაჭერის შემდეგ თბილისში აგორდა ჭორი, რომ თენგიზ აბულაძესაც დაიჭერდნენ - რეჟისორის გარდაცვალებიდან 26 წელი გავიდა
2021-03-06გეგა კობახიძის დაჭერის შემდეგ თბილისში აგორდა ჭორი, რომ თენგიზ აბულაძესაც დაიჭერდნენ - რეჟისორის გარდაცვალებიდან 26 წელი გავიდა
ავტორი: თამარ გონგაძე

X