
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყველას ერთნაირად გვახარებს და შინაგანი განწყობით გვაერთიანებს. თუმცა, ჩემს ერთ-ერთ რესპონდენტს, რეჟისორ გიორგი ოვაშვილს დავეთანხმები, 26 მაისი მაინც სიმბოლური დატვირთვის არის ჩვენთვის. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპისთვის და მას უფრო ღრმა გააზრებით არ ვზეიმობთ. სახალხო ზეიმად არ გვაქვს ქცეული.
ალბათ, იმიტომ, რომ სახელმწიფოდ ჯერ კიდევ ვერ ჩამოვყალიბდით, 30 წელი არ აღმოჩნდა საკმარისი დამოუკიდებლობის ხელახლა გაცნობიერებისთვის.
და თუ ამას დრო კიდევ სჭირდება, მაინც რამდენი, საინტერესოა?!..
ეთერ თათარაიძე, ფოლკლორისტი: – თავისუფლება ვის არ უყვარს. ჩემს ქვეყანას სრულფასოვან გათავისუფლებას ვუსურვებდი, წინსვლას ვუსურვებდი…
ახლა ამ დღესთან დაკავშირებით სევდიანი განწყობა მაქვს. ამის საბაბს ყველაფერი მაძლევს. მინდა მთელი საქართველო გამოდიოდეს და ნაღდ თავისუფლებას აღნიშნავდეს და რაც მთავარია, შეგნებულად აღნიშნავდეს.
ახლა ჩვენს სახლზე თვითმფრინავებმა გადაიქროლეს და გული გადმომვარდა. თავიდან შევშინდი, ვინმე ხომ არ დაგვესხა თავს-მეთქი. ჩვენ ხომ ამას ვართ მიჩვეული. მერე გამახსენდა, რომ 26 მაისია. გუშინაც იყო ამგვარი შხუილი, აღლუმის რეპეტიცია იყო. შევშინდი, ავკანკალდი.
მოკლედ, ისეთი საზეიმო განწყობა გვქონოდეს, რომ მხოლოდ აღლუმების ხმა გვესმოდეს და არანაირი სხვა ხმაური და განგაში.
დღეს ორ წიგნზე შრომაში უნდა გავატარო. ერთს მეგობარი აკეთებს, მეორეს – მე… ზეიმი საქმის კეთებაა…
გიორგი ოვაშვილი, რეჟისორი: – ეს დღე სიმბოლურია და ახლის დასაწყისს ნიშნავს. ჩვენთვის განსაკუთრებით, როცა ამდენი ხანი დამოუკიდებლობის გარეშე ვცხოვრობდით. ყოველ წელს ახალი იმედის მომცემი დღეა. თუმცა, რაღაცნაირად, 26 მაისს მოვალეობის მოხდის დონეზე აღვნიშნავთ. მე ვისურვებდი, რომ ეს დღე ისეთივე სახალხო ზეიმი იყოს, როგორც ამერიკელებისთვის არის 4 ივლისი. ერში მინდა იყოს ამის განცდა. აი, ეს გვაკლია ჩვენს დღეს.
– და რატომ არ გვაქვს ეს განცდა?
– ალბათ, რადგან ჯერ 30 წელია, რაც ეს დამოუკიდებლობა მივიღეთ. მგონია, რომ დღემდე ვერ გავაცნობიერეთ, რას ნიშნავს დამოუკიდებლობა სახელმწიფოსთვის. ალბათ, კიდევ იმიტომ, რომ თვითონ სახელმწიფო ვერ ჩამოყალიბდა დღემდე. მუდმივი ღელვა, ჩამოყალიბების და დუღილის პროცესში ვართ.
ნახეთ, ამ 30 წლის მანძილზე, მთელი ჩვენი ენერგია საით წარიმართა – ქვეყნის და სახელმწიფოს განვითარება-ჩამოყალიბებისკენ კი არა, ერთმანეთთან ბრძოლაში. ერის ენერგია ერთმანეთთან ქიშპობაში, კინკლაობაში მიდის.
ალბათ, ეს ახალგაზრდა სახელმწიფოების ჩამოყალიბების ტიპიური გზაა, მაგრამ 30 წელი საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ ეს პერიოდი არ დავხარჯოთ კინკლაობაში. მგონია, რაღაც ჩვენი, ეროვნული გვიშვლის ხელს, რომ დავმშვიდდეთ და ჩამოვყალიბდეთ, გავერთიანდეთ და ხვალინდელ დღეზე ვიფიქროთ.
მოკლედ, ვისურვებდი, რომ ამ დღეს რეალური დატვირთვა მიეცეს და არ იყოს მხოლოდ სიმბოლური.
თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი: – ეს არის ქვეყნის დაბადების დღე, დამოუკიდებლობის აღნიშვნის და ზეიმის დღე. ეს არის დღესასწაული და ასევე დღე, რომელიც უნდა დაიცვა. თავისუფლებას ყოველდღიური დაცვა სჭირდება.
26 მაისი განსაკუთრებულ მნიშვლეობას იძენს, როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული და შექმნილი. დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილების თაობას კიდევ დიდ ხანს მოუწევს შრომა. ამიტომ 26 მაისი მხოლოდ ზეიმი და დღესასწაული არ არის. ეს არის მუდმივი ფიქრი ჩვენს მონაპოვარზე. ჩვენ გავქვს სამშობლო, მაგრამ სახელმწიფოდ, ვფიქრობ, ჯერ კიდევ არ შემდგარა.
ამ დღეს ვცდილობ მეგობრებთან ერთად შევიკრიბო და აღვნიშნო. ხშირად ვიკრიბებით ახალი თაობის მწერლები, ფოლკლორისტები, მუსიკოსები. დღესაც გვინდა შეკრება, მაგრამ არა იმისთვის, რომ ჭიქები ვუჭახუნოთ ერთმანეთს. იქ იქნება განსჯა, ანალიზი, სად ვართ და საით მივდივართ. ყველა პროფესიის ადამიანმა, ამ აღმშენებლობის გზაზე, თავისი საქმით უნდა დადოს თითო აგური.

























