
ეს ერთ დროს ხალისიანი, მაყვლისთვალება და ზაფხულობით შოკოლადისფერი გოგო, ახლა, სიმსივნეს ებრძვის. ახლა კი არა, უკვე რამდენიმე წელია.
არც ვიცი, როგორ მოგიყვეთ ლეიკოზე. ან საიდან დავიწყო. სულით ახლობელზე წერა ძნელია, რამდენი ოცწლიანი გამოცდილებაც არ უნდა გამძიმებდეს. თუმცა ყოველთვის მარტივად ჯობს, უბრალოდ, რადგან ჭეშმარიტებაც უბრალოებაშია.
ხშირად ვფიქრობ, იმაზე, თუ რატომ შეიძლება ადამიანს მოევლინოს განსაცდელი. მით უმეტეს, ლეიკოს მსგავს ადამიანს, ისედაც რომ ცხელი გულის ფორმა აქვს და თვალდახუჭული მიენდობი. იმისთვის, რომ სწორად (ან როგორია სწორად ცხოვრება?) ცხოვრება დაიწყო და ღმერთს დაუახლოვდე? ან პრიორიტეტები გადაანაწილო, გადააფასო, გადმოაფასო, ყოველი დღით დატკბე?…
ეს ფიქრები კოვიდის გასტუმრებისთანავე დამეუფლა. ნერვულ სისტემას ხომ აზიანებს და კიდევ იცით, როგორი ვირუსი მგონია?! შიშს რომ თესს. დაგივლის და უჯრედებში შიშის მარცვლებს გითესავს, ჩუმად, დაუკითხავად. უიმედობისა და ჩამოყრილი მხრების მდგომარებაში გტოვებს. მის “შემქმნელებსაც”, ალბათ, ეს გათვლა ჰქონდათ. სასოწარკვეთას და აპათიას მისცემოდა თანამედროვე სამყარო. ეს კი რას ნიშნავს, რწმენა გერყევა და შორდები შემოქმედს. ჰოდა, სანამ მე ასეთი განწყობა მიტევდა, ვერაგ სენთან მებრძოლი ჩემი მეგობარი ლეიკო, ჩემგან განსხვავებით, ისეთი აქტიური, მებრძოლი, მზისსხივებჩამდგარი და იმედიანი მეჩვენებოდა, შემრცხვა! ჰოდა, ავდექი და შერცხვენილმა გადავაფასე! პირობა დავდე, ზემოთ, იმ ჭეშმარიტებასთან, რომ ყოველდღე უმიზეზოდ ბედნიერი ვიქნებოდი, ოღონდ ახლა გამოვმძვრალიყავი…

განსაცდელი უფალს გვაახლოვებს. მასთან ახლოს დგომა კი იმხელა ძალას გვმატებს, მართლა მთების გადადგმაზე შეგვიძლია გაწევა, ისე, რომ საკუთარ ძალაში ეჭვიც არ შეგვეპარება… ჰოდა, ასეთი ძალა იგრძნობა ჩემს მეგობარში. “სხვა” ძალა, “სხვა” იმედი. და, როგორც ჩანს, მას ეს ძალა უნდა მისცემოდა. ამიტომაც “ჩააბეს” ამ ბრძოლაში…
ჩემით ვერასდროს გავუბედავდი, მოდი, შენზე დავწეროთ, რომ სხვებს, ავსენთან მებრძოლ ადამიანებს, სტიმულად ექცეს შენი სამაგალითო ცხოვრება-მეთქი. რამდენიმე წლიანი გადახარშვა-გადაფასების შემდეგ, თვითონვე მოუნდა, რომ საკუთარი გამოცდილებები გაეზიარებინა.
სამი შვილი ჰყავს. საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. თავგადაკლული დედა და მასწავლებელია. ამ სიტყვის მნიშვნელობა თუ გინდათ ზუსტად გაიგოთ, ლეიკოს უნდა იცნობდეთ. ამ პერიოდში დაიწყო ძერწვა, სარეაბილიტაციოდ და ისე დახელოვნდა, რომ ლეიკო მასწის მოსწავლეებს, მისი გამოძერწილი ლიტერატურული გმირების გარეშე, გაკვეთილი ვეღარ წარმოუდგენიათ. ორშაბათობით ლექსების დღე გვაქვს, ბავშვები ლექსში რომ “შევიდნენ”, ვახატინებო. მერე ეს გაცოცხლებული ნაწარმოებები ისე უჯდებათ ბავშვურ მეხსიერებაში, რომ შემდეგ, სამყაროსაც, ასეთივე ლამაზ ფერებში აღიქვამენ.

არავის უგრძვნია, რომ საკუთარი პრობლემის გამო, რაიმე დააკლო ან ოჯახს, ან საყვარელ საქმეს. ბოლო დროს ხშირად წერს სოციალურ ქსელში, ნელ-ნელა უფრო და უფრო იხსნება.
” ბავშვობაში ჩემი ოცნება იყო კარგი შვილი, დედმამიშვილი, კარგი მეგობარი, მერე უკვე ცოლი და დედა ვყოფილიყავი. ვცდილობდი… რასაც გულით ნატრობ, ყოველთვის ხდება, თუმცა ეშმაკს არ სძინავს, გეჯიბრება, უნდა რწმენა შეგირყიოს და გაჩვენოს, რომ შეუძლია ეჭვი ჩაგისახლოს და გათქმევინოს, ერთხელ მაინც წამოგაცდინოს – “რატომ???” ჰგონია, რომ გაიმარჯვა… თუმცა, ვფიქრობ, რომ პირიქით თავად დაეცა და ღმერთთან მისასვლელი გზა კვლავ დამანახა.
მადლობა უფალს, ყოველი წლისთვის, რომელიც სითბოსა და სიყვარულში გავატარე. ყველაზე მეტად დედაჩემს ვატკინე. დედა ვარ და ვგრძნობ, დედისთვის ეს როგორი ტკივილია. დედმამიშვილებს, მეგობრებს, რომლებიც ყოველთვის მანებივრებდნენ. იკაზე, აღარაფერს ვიტყვი, სიტყვები, რომელიც ძალას მაძლევს, თურმე ახლა უფრო ლამაზი ვარ. შვილები…
არადა, საუკეთესო მინდოდა ვყოფილიყავი…
უფლის მადლით ბევრი ლამაზი წელი წინ მელოდება ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად.
საკმარისია… არ მაქვს უფლება უფრო გატკინოთ… თქვენ ჩემი ძალა და იმედი ხართ, რაც მაძლიერებს… მ ი ყ ვ ა რ ხ არ თ” – წერს ლეილა თვალაბეიშვილი “ფეისბუქზე”.

მეტეხს ვუახლოვდებოდი ლეიკომ რომ მომწერა – “გუშინ, ქიმიის გადასხმის დროს, ისეთ სიტუაციას შევესწარი, დაწერა მომინდა. ჩაგიგდო?” “გინდა, გამოვაქვეყნო? – ვკითხე. “კი, დადე…”
მივხვდი, რომ ჩემი მეგობარი უკვე ისე ძლიერად და მხნედ გრძნობს თავს, რომ უკვე სხვების გაძლიერებაც შეუძლია.
ლეილა თვალაბეიშვილი: – ადამიანური ურთიერთობაა ის, რაც ყოველგვარ ბარიერს ამსხვრევს. “ადამიანი, ადამიანის წამალიაო” – ტყუილად არ უთქვამთ.
გუშინდელი შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ. დიდი მადლობა “ჯანმრთელობის სახლის ” მამოლოგიის გუნდს, რომელიც შეშინებულ, დამფრთხალ, ცხოვრებაზე გულდაწტყვეტილ, რწმენაშელახულ ადამიანებს უფლის მადლსა და სიტყვის ძალას ისევ უნერგავს. სიტყვაა თავად ღმერთი. ეს კი დღევანდელ რეალობაში იშვიათია. სიტყვას შეუძლია მოგკლას და სიტყვას შეუძლია გიმკურნალოს. რატომღაც ისეა მიჩვეული დღეს ექიმების უმეტესობა ამ დაავადებას, ჰგონიათ, რომ პაციენტებისთვისაც ეს ბუნებრივი უნდა იყოს… ისე მოგახლის ზოგიერთი… ვითომ აქ არც არაფერია… ავიწყდებათ “ენა ტკბილი, ენა მწარე, ენა ქვეყნის ამომგდები”.

პირველად, როცა ამ დაავადებასთან შებრძოლება მომიხდა, ჩემი საუკეთესოთა შორის საუკეთესო ექიმის, კახაბერ ბარამიძის სიტყვები ახლაც ყურში ჩამესმის: “ლეიკო, როგორც შემოუშვი შენს ცხოვრებაში ეს დაავადება, ისე უნდა გავუშვათ, ოღონდ გახსოვდეს, მე მარტო ვერაფერს გავხდები. მჭირდება შენი უფლის მიმართ რწმენა და შემდეგ ჩემი უკვე, ჩემი, როგორც ექიმის რწმენა, რადგან პაციენტი ექიმს უნდა ენდობოდეს… ჩვენ მხოლოდ ასე შევძლებთ ყველაფერთან გამკლავებას.”
ღიმილითა და სიყვარულით ნათქვამი ეს სიტყვები გაძლევს ძალას და საერთოდაც არ ფიქრობ, რომ რაღაც სასწაული გჭირს, რადგან უფლის მადლი სადაცაა, იქ ყველაფერი მარტივდება.
გუშინ თვითმხილველი გავხდი იმ ფაქტისა, რასაც მხოლოდ მე არ განვიცდი… ქიმიას ვისხამ, შემოდის ასაკით ნამდვილად არ არის პატარა, მაგრამ პატარა ბავშვი პირველად რომ დედას დაკარგავს და მისთვის მთელი სამყარო ჩამოიქქცევა, ისე გამოიყურება. ხან მე შემომხედავს, ხან სხვას… ერთი სიტყვაც და ალბათ, თავქუდმოგლეჯილი გაიქცევა… თვალებში შიში აქვს ჩასახლებული… მოათავსეს სავარძელში… გაიმართა დიალოგი: – გამიჭირდება? მართლა ისეთი ძნელია? მართლა ცუდად გავხდები? ამდენი გვერდითი მოვლენა აქვს??? ჩვენი უთბილესი იაკო ერთვება საუბარში: – საიდან მოიტანე?! ვინ გითხრა?! არაფერიც არ გექნებათ, ეს ,”ჩვეულებრივი” გადასხმაა, რომელიც არაჩვეულებრივ შედეგს გვაძლევს…
მთავარი თქვენი განწყობაა, ვიდრე იმ შიშს, რასაც თქვენს თვალებში ვხედავ, არ გაქრება, მე არ მოგეკარებით. პირველად დავმშვიდდეთ, ნურავის საუბარს ნუ უსმენთ, რადგან ყველაფერი ინდივიდუალურია, ვიღაცისთვის მარწყვი ტკბილია, ვიღაცისთვის ალერგიული… არასოდეს უყუროთ სხვებს, მხოლოდ უფალს მიენდეთ და ყველაფერი მარტივი გახდება…
პაუზის შემეგ თვალები თითქოს ეცვლება. თქვენი სახელი? – ეკითხება ქიმიოთერაპეტს. – იაკო. პასუხის მოსმენა და ვერ წარმოიდგენთ მის მადლიერ სახეს… თითქოს უკვე განიკურნა. დაიწყო პირჯვრის წერა… მადლობა უფალო, რომ თქვენთან მოვხვდი, რადგან ვიდრე წამოვიდოდი, მეუბნებოდნენ, თუკი, იაკოსთან მოხვდები, ჩათვალე, რომ ქიმიებს არ იკეთებ, ვერც კი ხვდები ისე გავა დროო…
უნდა აღვნიშნო, რომ ეს სულ სხვა კლინიკაში უთხრეს… ვერ წარმოიდგენთ, მხოლოდ სახელის გაგონებით, როგორ ჩაქრა ის შიში, რაც დედის დაკარგვას შევადარე… ადამიანის ვინაობა მისი სახელია… იაკო უყურებს განცვიფრებული, თვალები ცრემლით ევსება და ამბობს, მადლობა უფალო…

ლეიკოს მოსწავლეების მშობლებს რომ ვუსმენდი, სიამაყის განცდის მიღმა, ვფიქრობდი, საიდან აქვს ამდენი ძალა, ნერვები, ნებისყოფა, რომ მის მდგომარეობაში ასე ჩაუჯდეს ბავშვებს და გულდასმით აუხსნას, განუმარტოს, აზიაროს მშობლიურ ლიტერატურას, შეაყვაროს გრამატიკა! სწორად ავირჩიე პროფესიაო, ამბობს. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ როგორი პიროვნებაც ხარ, ისეთი ხარ ნებისმიერ პროფესიაში. ლეიკო ასეთივე გულიანი იყო, როდესაც ერთ ჟურნალზე ვმუშაობდით. იგივენაირი სიყვარულით ეშვებოდა საქმეში. ასე რომ, პროფესიებს მერე ვირგებთ, თორემ შიგნით ის ვართ, რისგანაც თავიდანვე გამოვიძერწეთ.
ეკა ყიფშიძე: – აბსოლუტურად გულწრფელი ვარ. მკურნალობის პროცესშია და ამის მიუხედავად, მართლა თავდადებული მასწავლებელია. იშვიათად მინახავს მსგავსი პედაგოგი. ბავშვებისთვის განათლების მიცემაში გულსა და სულს დებს. გრამატიკასაც და ლიტერატურასაც სიღრმისეულად ასწავლის. სახელმძღვანელო თავებად არის დაყოფილი და თითოეული თავის შესწავლას დიდ ყურადღებას აქცვევს. ყოველი თავის დამთავრების შემდეგ ატარებს შემაჯამებელ გაკვეთილს თავისი სპექტაკლებით. ნაწარმოებების მოქმედ გმირებს ძერწავს და ხატავს უნიკალურად. ღია გაკვეთილს ილუსტრაციებით აწყობს. ბავშვები თანაბრად აქტიურად ებმებიან გაკვეთილში.

ჩემი შვილი მეხუთეკლასელია და ლეიკოსგან იმდენი რამ იცის, რომ ვოცდები. მინდა ჯანმრთელად იყოს და სულ გვყავდეს. ამხელა პრობლემა აქვს და მართლა არ იმჩნევს. შეუძლებელს აკეთებს. მეც იგივე პრობლემაგამოვლილი ვარ და ვიცი, რა ენერგია მიაქვს ამ დაავადებას და ამის ფონზე, რომ მოსწავლეებისადმი ლეიკოს თავდადებას ვხედავ, აღფრთოვანებას ვერ ვმალავ. ძალიან ძლიერია! თბილი ადამიანია და ჩვენი შვილების მეორე დედაა. ბავშვებს ისე უყვართ, რომ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ დაურეკონ და ესაუბრონ. არასდროს არც ერთს არ აგრძნობინებს, რომ ან არ შეუძლია საუბარი, ან არ სცალია… იმდენად გაშინაურებულია და იმდენად უყვარს ჩემს შვილს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია დაურეკოს… განსხვავებული მასწავლებელია. იშვიათად მეგულება ყველა გაგებით ასეთი სრულყოფილი პედაგოგი.

ნატო უჩიძე: – ღირსეულ და ადამიანურ პედაგოგებს შორის ლეიკო მასწი არის პირველი! საოცარი ადამიანია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მის შრომისუნარიანობასა და ბავშვებისადმი დამოკიდებულებაზე, არ აისახება. ეს ადამიანი მსოფლიო მასწავლებლების დაჯილდოებაზე უნდა იყოს წარდგენილი. სხვა სამყაროში ახვედრებს ბავშვებს, ფრენის საშუალებას აძლევს, ცხოვრებას ასწავლის. ონლაინ გაკვეთილებს რომ ატარებს, მშობლებიც დიდი სიამოვნებით ვუსმენთ მის გაკვეთილებს. ბავშვების გულში შედის. მოსწავლეებიც პროგრამას წინ უსწრებენ. ბევრს ასწავლის. ყოველი გაკვეთილი შემეცნებითია. მშობლის თვალით ვაკვირდები ყველას, ასეთი ემოციით ვერც ერთ სხვა მასწავლებელზე ვერ ვისაუბრებ. ძალიან გამიხარდა, რომ მასზე წერთ და სხვებსაც აცნობთ ლეიკოს. დიდი მადლობა ამისთვის.

ნინო ბუჩუკური: – ლეიკო ჩვენი სული და გულია. ჩემს შვილს პირველი კლასიდან ასწავლის. დამირეკავს ხოლმე, ილიამ რაღაც გრამატიკაში ვერ გაიგოო და უნდა, რომ ტელეფონით პერსონალურად აუხსნას. ვგიჟდები, მის მდგომარეობაში როგორ შეუძლია თითოეულს ამდენი ყურადღება დაუთმოს. არ ვიცი, ასეთი როგორ დაიბადა. სულ ვფიქრობ, ასეთი ადამიანი ამგვარი განსაცდელის წინაშე რატომ არის. რომ არ ვიცოდეთ, რომ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ვერც იგრძნობ მისგან. ვერც მოსწავლეები გრძნობენ ამას, ვერც – ჩვენ. ბავშვები გიჟდებიან ლეიკო მასწავლებელზე. მაქსიმალისტია და მოსწავლეებისგანაც ასე ითხოვს. განათლებასაც და სიყვარულსაც ისე აწვდის, რომ იგივენაირი სითბოთი და მონდომებით უბრუნებენ ბავშვებიც.
მის ონლაინ გაკვეთილს მშობლებიც ველოდებით, რომ ლექციასავით მოვისმინოთ.
ქიმიის გადასხმაზე რომ მიდის, ჩასაფრებული ველოდებით, როდის მოგვწერს როგორ ჩაიარა პროცედურამ. დროს გამონახავს და ამაზეც გვწერს. ძალიან საყვარელი პიროვნებაა… ადამიანი საოცრებაა.

ამბობს, რომ სხვაგავარად ყოფნის უფლება არ აქვს. მას ხომ ბავშვების აღზრდა აბარია.
ლეილა თვალაბეიშვილი: – მადლობას ვუხდი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორს, ქალბატონ ლალი მელივას. ჩემი მდგომარეობის გაგების დღიდან გვერდით დამიდგა და ხელი შემიწყო, რომ არ დამეტოვებინა ჩემი საქმე და მთელი არსებით ისევ ისეთივე შემართებით გამეგრძელებინა, რადგან ვთვლი, რომ მასწავლებელს, როცა ამდენი ბავშვი სიყვარულით შემოგცქერის, არა გაქვს უფლება იმედი გაუცრუო. უფრო მეტად იმაზე ვფიქრობ, რომ ჩემი მდგომარეობით არაფერი დავაკლო-მეთქი. ვცდილობდი, არ ეგრძნოთ განსხვავება, რომ ლეიკო ისეთი აღარ არის, მისმა გაკვეთილებმა ინტერესი დაკარგა… ბავშვებს ხომ ვერაფერს გამოაპარებ. ისინი, როგორც მცლიან, ისე მავსებენ და ძალას მაძლევენ. მათი სიყვარულით ყველაფრის დამარცხებაა შესაძლებელი.
ჩვენი სკოლის ფსიქოლოგს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. ქალბატონი ელენე-ლელა არღვლიანის სიტყვებმა (ლეიკო, განსაცდელი უფლის მადლით მიიღე და ნახავ, როგორი მარტივი იქნება ყველაფერი) სულ სხვა ძალა მომცა… ისევ ღმერთთან მიმიყვანა…
თითოეული თანამშრომლის ლოცვა, სიყვარული არ მაძლევს მოდუნების საშუალებას… სულაც ვერ ვიქნებოდი ძლიერი, რომ არა ღმერთი, ოჯახი, დედა , შვილები, მეგობრები, თქვენ, თითოეული…

პანდემიის გამო, ონლაინ გაკვეთილებზე გადავედი… დღის მეორე განაკვეთში 97-ე ბაგა-ბაღის აღმზრდელიც ვარ. დიდი მადლობა ბაღის საუკეთესო დირექტორს, მარინა შენგელიას და თითოეულ თანამშრომელს გვერდში დგომისთვის.
წმინდა მამები, როცა განსაცდელი არ ჰქონდათ, უფალს ეკითხებოდნენ, რატომ დაგვტოვე, უფალოო?! დავდივარ ჯანმრთელობის პარაკლისებზე, შაბათ-კვირას ტაძარში… ვეზიარები…
ლოცვისა და უფლის მადლით დაცულად ვგრძნობ თავს… ყოველი ქიმიის დასრულება გამარჯვებასთან მაახლოებს… ესეც გაივლის. მთავარია, ხვალინდელი დღის რწმენა არ დაკარგოს ადამიანმა, სასოწარკვეთაში არ უნდა ჩავარდე, ამის უფლება არ გაქვს, რადგან ამით საკუთარ თავსაც ჰკარგავ და ღმერთსაც სცილდები… ასე კი, ჯანმრთელადაც რომ იყო, უკვე ყველაფერი იკარგება. აღდგომის შემდეგ უფლის პირველი სიტყვებიც ეს იყო: მშვიდობა თქვენდა… ღმერთმა მოგვმადლის სულიერი სიმშვიდე. მიყვარხართ…

მე ისევ მეტეხთან ვარ. მესენჯერის ხმაა. ლეიკო მწერს – “კარგი გამოვა?” “ნახე, სად ვარ ისევ?” ვწერ და ტრანსპორტის ფანჯრიდან გადაღებულ ტაძრის ფოტოს ვუგდებ. “სასწაულია” – მწერს…
უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს მეგობარს უფალი ეწევა.






















