
„ეს კადრები, პირველ რიგში, მოთხოვნილი იყო თქვენი, ჟურნალისტების მხრიდან და შესაბამისმა სამსახურმა გაავრცელა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში შესახლების კარების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ადამიანს აქვს პროტესტის სხვადასხვა გზით გამოხატვის უფლება, მაგრამ გადაცდომის შემთხვევაში პროცესს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„აქვთ შესაძლებლობა, რომ პროტესტი გამოხატონ სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მთავარია, ეს ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში. როგორც კი გადაცდომა იქნება, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. დესტრუქციული პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობს, ყოველთვის დესტრუქცია შემოიტანოს ქვეყანაში, არეულობის მცდელობა და ა.შ. ეს ხომ პირველი და სიახლე არაა. ამას მიჩვეული და შეგუებული ვართ. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და მათ აქვთ უფლება, გამოიყენონ პროტესტის სხვადასხვა ფორმა და ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის კადრები, სადაც ჩანს, რომ ის ციხეში ძალის გამოყენებით შეიყვანეს.






















