
ჩვეულებრივი ავიარეისის განხორციელება ევროპის ერთი ქალაქიდან თბილისში, უმარტივესი პროცედურაა და ეს ხალხი, ამ პოლიტიკური ჭორაობის გარდა არაფერს აკეთებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
ბათუმში ჟურნალისტებმა მას, ევროპიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებელი ავიარეისების დაფინანსების თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებასთან დაკავშირებით ჰკითხეს.
„რამდენიმე კვირაა, ჭორაობენ, სიტყვები არ მყოფნის უბრალოდ. ჩვეულებრივი ავიარეისის გაკეთება ევროპის ერთი ქალაქიდან თბილისში, უმარტივესი პროცედურაა და ეს ხალხი, პოლიტიკური ჭორაობის გარდა არაფერს აკეთებს. გამოდის, რომ რეისის ორგანიზების თავიც არ აქვთ და თუ თავი არ აქვთ, რეისისთვის რა ფულის დახარჯვასაც აპირებდნენ, გადარიცხონ ფონდში და ჩვენ სისტემურად მივხედავთ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც დღეს საზღვარგარეთ იმყოფება“, – აღნიშნა პრემიერმა.
ცნობისთვის, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ მას საკუთარი ხარჯებით უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება სურს, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამის უფლებას არ აძლევს.

























