23:38 | 2021-05-12 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ეს ხალხი პანიკაში არასდროსაა. არავინ წუწუნებს შვილებზე, რომლებიც იბრძვიან, დარდობენ მხოლოდ ისრაელის სახელმწიფოზე – ქართველი, რომელიც დაბომბვაში მოყვა

ეს ხალხი პანიკაში არასდროსაა. არავინ წუწუნებს შვილებზე, რომლებიც იბრძვიან, დარდობენ მხოლოდ ისრაელის სახელმწიფოზე – ქართველი, რომელიც დაბომბვაში მოყვა

“პრაიმტაიმი” ისრაელში მცხოვრებ ქართველს ქრისტი ბუჩუკურს ესაუბრა, რომელიც გუშინ, თელ-ავივის დაბომბვისას ქუჩაში იმყოფებოდა და მის თავზე ახმაურდა ჯერ განგაშის სიგნალი, მერე – რაკეტები. ამბობს, რომ ცხოვრების პერიოდში, ასე არასდროს შეშინებიათ, ეშინიათ მხოლოდ მას და დანარჩენ ემიგრანტებს.

 

რაც შეეხება ადგილობრივებს, მტკიცედ ელიან ისრაელის სახელმწიფოს გამარჯვებას. იგერიებენ მათი მისამართით წამოსულ რაკეტებს და ეძებენ ქვეყანაში შეპარულ ტერორისტებს. მიიღეს აეროპორტების აფეთქების მუქარა…

 

“გუშინ, საღამოს დაახლოებით, 21:00 საათზე სამსახურში მივდიოდი, როცა თელ-ავივის დაბომბვა დაიწყო, ეს კოშმარი 30 წუთი გრძელდებოდა. ავტობუსი გაჩერდა საგანგაშო სიგნალის ჩართვისთანავე, ნაწილი გავიქეცით და თავი სავაჭრო ცენტრს “აზრიელს” შევაფარეთ.

 

ქუჩაში ტაქსები აღარ დადიოდნენ, ამიტომ ვერ გავაჩერე და სახლში უკან ავტობუსით დავბრუნდი. ასეთი სიმძაფრით ცხოვრებაში პირველად შემეშინდა, თან სახლიდან შორს ვიყავი, თან მარტო… შემდეგი დაბომბვა 03:00 საათზე დაიწყო, ერთი საათი გრძელდებოდა და პერიოდულად ღამის განმავლობაში მუდმივად იბომბებოდა ისრაელი, შემდეგი შეტევა 07:00 საათზე იყო ამ დილას.

 

როცა ჩაწყნარდა სიტუაცია ყველა სამსახურებში წავედით, ქუჩებში ვერ იგრძნობ, რომ ქვეყანაში ომია, არავითარი პანიკა არაა, ყველა ამაყობს, რომ ისრაელელები არიან და იერუსალიმს იცავენ. ახლა, სამსახურში ვარ, როცა ავტობუსით მოვდიოდი, სამხედროები და პოლიციელები ამოვიდნენ, შეგვამოწმეს. ყველა კუთხე-კუნჭულს ამოწმებენ, რადგან აქვთ ინფორმაცია, რომ ისრაელის ტერიტორიაზე ტერორისტები არიან შემოპარულები და შეიძლება, ტერორისტული აქტებიც მოხდეს.

 

შეშინებულები ისრაელში ჩამოსულები ვართ, ადგილობრივებს არაფრის ეშინიათ. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისრაელის სახელწმიფოს შეწირონ თავი და საომარი მოქმედებები მათთვის ტრაგედია არ არის. დილას სამსახურში მოსულმა რომ ვთქვი, მთელი ღამე არ მიძინია, სულ რომ ვიბომბებოდით-მეთქი, ადგილობრივებს გაეცინათ. მიუჩვეველი ხარო, მითხრეს.

 

ისრაელელები ისეთი სიმტკიცით არიან, გაოცებული ვარ. მათთვის სამშობლოსთვის თავგანწირვა ყველაფერია, იცავენ იერუსალიმს და ამ იდეისთვის ცოცხლობენ. ასეთი იდეოლოგიით ზრდიან შვილებს. როცა საგანგაშო სიგნალი ირთვება, ახალ აშენებულ კოსრპუსებში მცხოვრებლები სპეციალურ დაცულ ოთახებში შედიან. ძველ კორპუსებს კი ასეთი არ აქვთ ჯერჯერობით.

 

ისრაელელებს როგორც უხარიათ შვილის შეძენა, ისე უხარიათ ჯარში მათი გაწვევის ცნობის მიღებაც. ძველი ებრაული გამონათქვამებით ცხოვრობენ, რომ ვინც თავს იერუსალიმს არ შეწირავს წყეული იქნებაო. საზღვარგარეთ იცით, რომ ბომბები ისრაელის ტერიტორიაზე ჩამოცვივდა, მაგრამ არ იცით ამის მიზეზი…

 

თუ ბომბი დაუსახლებელ პუნქტში ვარდება, ამაზე არ ცდებიან და ატარებენ, სარაკეტო სისტემა ყოველთვის მოქმედებს, როცა თავდასხმის სამიზნე დასახლებული პუნქტია. აქაური მედიის ცნობით, 1 100 რაკეტა ისროლეს და დასახლებულ პუნქტში არ ჩამოვარდნილა.

 

რაც შეეხება აალებულ ავტობუსს, რომლის ფოტომაც მსოფლიო შეძრა, ცარიელი იყო, დაშავდა ახლო-მახლო მდებარე მაღაზიებში მყოფი ხალხი. არ ვიცი რა იქნება სულ რამდენიმე წუთშიც კი, ახლა სამსახურში ვარ, მერე რა მოხდება, არავინ იცის.

 

ხალხი იმედიანადაა და ამბობენ, რომ ეს მათი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ უნდა გაუძლონ იმისთვის, რომ სიცოცხლე მშვიდად გაგრძელდეს, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის განმავლობაში, ასეთი მასშტაბის თავდასხმები ჯერ არ ყოფილა და ამას საგარეო პოლიტიკურ ფაქტორებს უკავშირებენ. კერძოდ: ტრამპისა და ბაიდენის პოლიტიკას. ტრამპის პერიოდში, პალესტინა მეტად თავშეკავებული იყო, ბაიდენის ლიბერალური პოლიტიკით კი, ახლა პალესტინელებს ერთგვარი მწვანე შუქი აენთოთ.

 

რაც შეეხება ცხოვრების ტემპს, ყველაფერი ჩვეულებრივ მიდის, ცხელ წერტილებში დახურულია საბავშვო ბაღები და სკოლები, აეროპორტები. სხვა დაწესებულებები ჩვეულებრივ ფუნქციონირებს და საერთოდ არ იგრძნობა დაძაბულობა ისრაელში, ეს ხალხი პანიკაში არასდროსაა. არავინ წუწუნებს შვილებზე, რომლებიც იბრძვიან, დარდობენ მხოლოდ ისრაელის სახელმწიფოზე და სჯერათ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებენ.” – ამბობს ქრისტი ბუჩუკური.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X