
„ეს უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენ და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები ვართ და მინიმუმ უხერხულობას ქმნის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში სამივე ინსტანციის მიერ გასამართლებულ ადამიანს კონკრეტულ თანამდებობას აძლევ“.
ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება ექნება. პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა კომუნიკაცია მის კოლეგასთან და ოფიციალური წერილიც გაიგზავნა.
ასევე, პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტსაც ექნებათ კომუნიკაცია. ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს – გვახსოვს, რა შედეგით დასრულდა პოროშენკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ასე რომ, დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა კალაძემ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხელ სააკაშვილს, მინისტრთა კაბინეტში თანამდებობა შესთავაზა.
არსებული ინფორმაციით, სააკაშვილს რეფორმების საკითხებში, ვიცე-პრემიერ მინისტრის თანამდებობა შესთავაზეს და ეს საკითხი ამ კვირის ბოლოს გადაწყდება.
ასევე არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი რეფორმების გატარებას უზრუნველყოფს.






















