23:17 | 2020-07-14 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ეს კვერცხი საკვებად უვარგისი აღმოჩნდა – კომპანია მიზეზებს არკვევს

ეს კვერცხი საკვებად უვარგისი აღმოჩნდა – კომპანია მიზეზებს არკვევს

პრაიმტაიმისთვის კიდევ ერთი საკვებად უვარგისი პროდუქტის შესახებ გახდა ცნობილი.

 

მომხმარებელი, რომელმაც ამ წარმოების კვერცხი ორი დღის წინ, ერთ-ერთ მაღაზიათა ქსელში იყიდა, ამბობს, რომ შენახვის პირობები დაცული იყო და პროდუქციას ვარგისიანობის ვადაც ჰქონდა.

 

ის მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, ხოლო საწარმოს მიმართავს და ამბობს, რომ არ შეიძლება ადამიანებს მსგავსი რამ აჭამონ…

 

„პრაიმტაიმი“ თამთა დუნდუას ესაუბრა:

 

„ორი დღის წინ, ერთ-ერთ მაღაზიათა ქსელში „სავანეთის“ წარმოებული კვერცხი შევიძინე.

 

დღეს, საუზმე უნდა მომემზადებინა, ხარშვის პროცესში, მალევე საშინელი სუნი დადგა.

 

მივხვდი, რომ საკვებად უვარგისი იყო, მაგრამ ინტერესის გამო, გავტეხე და ყოვლად წარმოუდგენელი საშინელი სანახაობა დამხვდა.

 

 

ყიდვისას, ვარგისიანობის ვადა შევამოწმე და ამ მხრივ, ვარგისი უნდა ყოფილიყო. თანაც, სამაცივრე დანადგარიდან შევიძინე, ანუ ტემპერატურული რეჟიმიც დაცული იყო.

 

სავარაუდო, შენახვის პირობების დარღვევით გამოწვეული არ არის.

 

ერთი რამ ცხადია, მსგავსი პროდუქტი მომხმარებლებამდე არ უნდა მიდიოდეს. მინდა, ყველა ფრთხილად იყოს.“ – აცხადებს თამთა დუნდუა.

 

„პრაიმტაიმი“ კომპანია სავანეთს კითხვებით დაუკავშირდა:

 

– რა ზომები მიიღო კომპანიამ მას შემდეგ, რაც ეს შემთხვევა თქვენთვის გახდა ცნობილი?

 

– გავარკვიეთ კონკრეტული მაღაზია რომელშიც დაფიქსირდდა კონკრეტული ფაქტი და ასევე სადისტრიბუციო კომპანია, რომელმაც განახორციელა პროდუქტის ფერმიდან ამ მაღაზიამდე ტრანსპორტირება.

 

 – ამოღებულია თუ არა გაყიდვიდან კონკრეტული სერია?

 

– ამ წუთებში, ჩვენი ფერმის წარმომადგენლები მუშაობენ, რათა ჩამოწერონ კონკრეტული პარტია.

 

 – მომხმარებელი ამბობს, რომ სამაცივრე დანადგარიდან აიღო “სავანეთის” კვერცხი და პროდუქციას ვარგისიანობის ვადა ჯერ კიდევ აქვს, თუმცა საკვებად უვარგისი აღმოჩნდა.რამდენად შესაძლებელია, მიზეზი არ იყოს შენახვის პირობები?

 

– პროდუქტი, რომლის საწყობის ან დახლის ან ასევე სადისტრიბუციო ტრანსპორტის მაცივრის შენახვის ტემპერატურა იქნა დარღვეული, მით უმეტეს ზაფხულის ცხელ დღეებში იწვევს ამ პროდუქტის ავტომატურ გაფუჭებას.

 

ისე, რომ მას ზედაპირულად არ ეტყობა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა. შესაბამისად, ჩვენი წარმომადგენლები დაადგენენ შენახვის ტემპერატურის დარღვევა მაღაზიის საწყობში მოხდა თუ სადისტრიბუციო ტრანსპორტში.

 

დაბინძურებული საკვების შემზარავი ფოტოები ერთ-ერთ ცნობილ კაფეში
2020-06-14დაბინძურებული საკვების შემზარავი ფოტოები ერთ-ერთ ცნობილ კაფეში

 

– რას აპირებს კომპანია დაზარალებულ მომხმარებელთან მიმართებაში?

 

– ჩვენი ფერმა დაუკავშირდება ამ კონკრეტულ მომხმარებელს, გადაუხდის მადლობას მსგავსი კომუნიკაციისთვის, ვთავაზობთ, შეძენილი პროდუქტი ჩვენ ფერმამ ჩავუნაცვლოთ ახალი პროდუქციით, ამით მოგვცემს შესაძლებლობას ამ ფორმით გამოვხატოთ მის მიმართ მადლიერება ხარისხის კონტროლის მხრივ გაწეული დახმარებისთვის.

 

ჩვენ ფერმას აქვს პირადი კორპორატიული გვერდი გახსნილი ფეისბუქზე, შესაბამისად ძალიან გვიხარია, როცა ადამიანები გვწერენ შენიშვნებს, მოსაზრებებს, რჩევებს, რეკომენდაციებს, პოზიტიურ ემოციებს და ა.შ.

 

პატარა ფერმაა, შესაბამისად, მით უმეტეს ამ პანდემიის პირობებში, მსგავსი უკუკავშირი მათგან გვეხმარება იმ არაკეთილსინდისიერ სადისტრიბუციო კომპანიებსა თუ ობიექტებზე გავლენის მოხდენაზე, რომლების გავლითაც პროდუქცია ხვდება მომხმარებლამდე.

 

შესაბამისად, ნებისმიერი მსგავსი უკუკავშირი გულშემატკივრობის და პარტნიორობის ნიშანია, რაც მოტივაციას წარმოადგენს ჩვენთვის, გავაუმჯობესოთ პარტნიორებთან ურთიერთობა მომხმარებლების უფლებების დაცვისა და კმაყოფილების მიზნით.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X