
უკვე 178 დღეა, რაც „რიონის ხეობის მცველი” ვარლამ გოლეთიანი ფართო საზოგადოებაში გამოჩნდა. მის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, რადგან პირად ცხოვრებაზე საუბარს მუდმივად გაურბის.
ვარლამ გოლეთიანი გადაცემაში „სთორი“ ამბობს, რომ ასოციალურია და ხალხმრავლობაში გამოჩენა არ უყვარს.
„აქციაზე არასდროს წავსულვარ. ამ მხრივ ასოციალური ვარ. ხალხის თავშეყრის ადგილები და კამერები ჩემი გატაცების სფერო არ არის. ახლა რა მდგომარეობაშიც ვარ, არც ეს არის ჩემთვის კომფორტი“, – ამბობს გოლეთიანი.
ახალგაზრდა აქტივისტს სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ პერსონაჟს, ჯონ სნოუს – ჩრდილოეთის კარიბჭის მცველს ადარებენ. სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ფოტოები, რომელშიც ორი სხავადასხვა რეალობის ამსახველი კადრებია გაერთიანებული. გარდა ამისა, „რიონის ჰესის მცველები“ ამ ცნობილი სერიალის მსახიობებსაც კი შეადარეს, მსგავსება მართლაც დიდია.
ვარლამის თქმით, ხუმრობა კარგია, თუმცა, მთავარი თემის ამით გადაფარვა არ სურს.
„ამ ამბით რომც არ დავინტერესებულიყავი, თვალში მომხვდა. ამ პროტესტში ვინც არიან ჩაბმულები, ბევრი დააკავშირეს „სამეფო კარის თამაშების“ პერსონაჟებთან და მართლაც მსგავსება დიდია.
რა თქმა უნდა, გვეცინება, როდესაც ამას სოციალურ ქსელში ვხედავთ, მაგრამ პრობლემა აქვს ამ ყველაფერს ის, რომ გართობის ნაწილმა არ უნდა გადაფაროს ამ პროცესის სერიოზულობა. ეს საშიშია. სხვა თემა უნდა იყოს ყოველთვის პირველ ფლანგზე და ამის შემდეგ შეიძლება სხვა რაღაცებზე ვიხუმროთ. ამ პროცესში ისე ვართ ჩაბმულები, ხალხის სხვა ინტერესებს არ ვაკვირდებით“, – ამბობს გოლეთიანი „სთორიში“.
























