
ექიმ გიორგი ღოღობერიძის კრიტიკას „იმედის“ ერთ-ერთ გადაცემაში საზოგადოების მხრიდან სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა. ფაქტს არაერთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, თუ ცნობილი სახე გამოეხმაურა. ნაწილი ფიქრობდა, რომ გიორგი ღოღობერიძემ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობა აიღო, ნაწილი კი, ამბობდა, რომ ის პანდემიის პიკის დროს „მთავარი იმედი“ იყო. მეტიც, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ახალი ინიციატივა გაჩნდა. ქართველ ემიგრანტებს სურთ გიორგი ღოღბერიძეს კლინიკა აუშენონ.
საკითხთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ ემიგრანტებს წარმომადგენელს შოთო სიხარულიძეს ესაუბრა, რომლის თქმითაც, კლინიკის აშენების იდეა რამდენიმე თვის წინ გაჩნდა და ემიგრანტებს სხვადასხვა ქვეყნიდან აქვთ სურვილი, რომ შეიქმნას სპეციალური საბანკო ანგარიში, სადაც ყოველთვიურად გარკვეულ თანხას ჩარიცხავენ.
„რამდენიმე ხნის წინ, გიორგი ღოღობერიძემ გამოთქვა სურვილი, რომ კლინიკა ჰქონოდა. შემდეგ იყო რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც გიორგი გააკრიტიკეს. სწორედ, ამ ამბის მერე მითხრეს ემიგრანტებმა, რომ მათი სახელით რაიმე განცხადება გამეკეთებინა. მანამდე მე გიორგის შესახებ არანირი ინფორმაცია არ მქონია გავრცელებული. ბოლო გადაცემის შემდეგ, რომელიც ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა, ემიგრანტებისგან უამრავი შეტყობინება მომივიდა, რომ გიორგის შესახებ რაიმე განცხადება გამეკეთებინა და მეთქვა, რომ ემიგრანტებს მისთვის (გიორგი ღოღობერიძისთვის) კლინიკის გახსნა სურდათ.
ეს ჩვენ იდეის დონეზე, ადრე გვქონდა. ძალიან ბევრი გაბოროტებული ადამიანია და ამას ცუდად გაიგებდნენ. გამიკვირდა გიორგის შესახებ, რომ წერდნენ, თაღლითიაო. ემიგრანტების მოთხოვნა იყო რომ გაიხსნას კლინიკა. დალი პარკაძე და ციალა გოკაძე პირველები დამიკავშირდნენ. მე ემიგრანტების მოთხოვნა გავასაჯაროვე. მათ სურთ გაიხსნას „ემიგრანტების კლინიკა“. გიორგიმაც გააკეთა განცხადება, რომ თუ რომელიმე ჯგუფში მოითხოვდნენ თანხის ჩარიცხვას და ანგარიში იქნებოდა მითითებული, პოლიციისთვის მიემართათ. მე ამაში ვეთანხმები გიორგის, რომ სოციალურ ქსელში უამრავი ჯგუფია, სადაც გიორგი ღოღობერიძის სახელით წერენ და ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ,“ – ამბობს შოთო სიხარულიძე.
როგორც შოთო სიხარულიძე „პრაიმტაიმს“ უყვება ემიგრანტებისთვის გიორგი ღოღობერიძე ნამდვილი გმირი და იმედია. ის პანდემიის დროს, მაშინ, როცა უცხო მიწაზე იყვნენ მათ უანგაროდ ეხმარებოდა.
„სხვადასხვა ქვეყნიდან ემიგრანტები მწერენ, რომ მათ გიორგის დახმარება სურთ. ის ნამდვილი გმირია. მთელი დღეები სხვის გაჭირვებაზეა მორგებული. ეს ადამიანი საუკეთესოა ემიგრანტებისთვის. ის ყველას უანგაროდ ეხმარება. მე სოლიდარობას ვუცხადებ მას და დიდ მადლობას ვუცხადებ ყველა ემიგრანტის სახელით. დალი პარკაძეს და ციალა გოკაძეს გუშინაც ვესაუბრე, მათ აქვთ სურვილი, რომ აშენდეს „ემიგრანტის კლინიკა“. გვინდა, რომ ანგარიში დაიდოს და ეტაპობრივად თანხის შეგროვება დაიწყოს.
რამდნეიმე დღის წინ, საქართველოდან პენსიონერი ქალბატონი დამიკავშირდა. მითხრა, რომ გიორგისთვის და ამ კლინიკისთვის ერთი თვის პენსიას გადარიცხავს, ეს ძალიან ამაღელვებელი იყო. ყველას აქვს ამის სურვილი,“- ამბობს შოთო სიხარულიძე.
კითხვაზე, აქვთ თუ არა კომუნიკაცია უკვე გიორგი ღოღობერიძესთან და რას ფიქრობს თავად ექიმი „ემიგრანტების კლინიკაზე“, გვპასუხობს, რომ ამ საკითხზე ჯერჯერობით გიორგისთან არ უსაუბრიათ.
„მიმდინარე მოვლენების გამო გიორგი დათრგუნულია და ჯერჯერობით ამ საკითხზე არ გვისაუბრია. კონტაქტზე არ გამოსულა. აპრილშივე გიორგის სურვილი იყო, რომ მას კლინიკა ჰქონოდა. ემიგრანტებს ამის განხორცილება სურთ. მათ უნდათ, რომ ეს მრავალპროფილური კლინიკა იყოს, სადაც შეეძლებათ სასურველი სამედიცინო მომსახურეობის მიღება. გიორგიმ არა მხოლოდ ქართველი ემიგრანტები გადაარჩინა, არამედ ისინიც, ვისაც ექიმთან მისვლის საშუალება არ ჰქონდათ. მსგავსი კლინიკის აშენება საშვილიშვილო საქმე იქნება. ჩვენ ყველანაირად გვერდით დავუდგებით გიორგის,“ – ამბობს შოთო სიხარულიძე.
























