
ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
ცოტა ხნის წინ გამოვიდა შეხვედრიდან „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. მისი თქმით, კარლ ჰარცელთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებს.
„დღევანდელი შეხვედრა იყო არჩევნებთან დაკავშირებით, იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ შევეჯახეთ. ვერ ვუწოდებ ამ არჩევნებს ვერც თავისუფალს და ვერც სამართლიანს. პირდაპირი მცდელობაა როგორმე არ მისცენ ოპოზიციას საშუალება დამსახურებული მანდატები მოვიპოვოთ. ბათუმში, სადაც იმარჯვებდა ლელოს მაჟორიტარული კანდიდატი 950 ბიულეტენია გაბათილებული, თითქმის 10%. მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, რომ გადათვლილიყო მთლიანად ოლქი, აიღეს მხოლოდ ორი უბანი, სადაც გადათვალეს ბიულეტენების რაოდენობა და არა ის, თუ რატომ იყო გაბათილებული.
ჩვენი ყველა საჩივარი იყო უარყოფილი, მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“, რომ აუცილებელია მოხდეს ოლქების გადათვლა. ყველგან სადაც კი უბანი გაიხსნა, „ლელოს“ აკლია ხმები, რაც პირდაპირ მიუთითებს დავალებაზე, რომ მოეპარათ ხმები. საბურთალოზე მთლიანად უნდა იყოს ოლქი გადათვლილი, თბილისში ოპოზიციას მიღებული აქვს გაცილებით მეტი ხმა, ვიდრე დღეს დაუწერეს. ამიტომ, ცხადია, უნდა ვიბრძოლოთ და ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს ვთხოვეთ, ჩაერთონ ისინიც.
მთავარია არ დავუტოვოთ მათ მოპარული ხმები, რომელიც რეალურად გამოვლინდა ყველა უბანზე და ეს არის აუცილებელი, რომ მოქალაქეებს ჰქონდეს რწმენა, რომ მეორე ტურში შევძლებთ დავიცვათ ხმები. ისინი აბსოლუტურად ინფორმირებულები არიან, ველოდებით მათგან ჩართულობას. ზედმიწევნით ადევნებენ თვალს ყველა საჩივარს, მოპყრობას და ნაბიჯს, რომელსაც დგამს ცესკო. ამიტომ, გვჭირდება მობილიზაცია, რომ დავიცვათ ხმები და მოვემზადოთ მეორე ტურებისათვის.“ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ნახეთ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციები ⇓






















