14:51 | 2020-05-19 ავტორი: Prime Time

ევროპარლამენტში საქართველოზე მსჯელობენ – გზავნილები ბრუსელიდან

ევროპარლამენტში საქართველოზე მსჯელობენ – გზავნილები  ბრუსელიდან

ამ წუთებში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილება.

 

ანგარიშის ავტორია ევროპარლამენტარი ესტონეთიდან სვენ მიქსერი.

 

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის თქმით, კიდევ ერთი პოლიტპატიმარი – გიორგი რურუა, ჯერ ისევ ელოდება გათავისუფლებას↓↓↓

მივესალმები იმ ფაქტს, რომ პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ 15 მაისს. ეს არის მნიშვნელოვანი ასპექტი 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების შესასრულებლად. განსაკუთრებით მივესალმები პოლიტიკური პატიმრის – გიგი უგულავას გათავისუფლებას. ის მე მოვინახულე სამ-ნახევარი წლის წინ თბილისის ციხეში… მართალია, ზოგი გაათავისუფლეს, მაგრამ ერთი ცნობილი პოლიტპატიმარი – გიორგი რურუა – ისევ ელოდება გათავისუფლებას…

 

ევროპარლამენტარმა ჩეხეთიდან მარკეტა გრეგოროვმა სიტყვით გამოსვლისას, მარტის ხელშეკრულების განხორციელების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება↓

იმედს გამოვთქვამ და მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, რომ განახორციელონ დადებული შეპირებები, რაც იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი წინგადადგმული ადმინისტრაციული და სასამართლო რეფორმებისკენ

 

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორია. ევროპარლამენტარმა გიორგი რურუას წინააღმდეგ ↓

მსურს გიორგი რურუას სახელიც ვახსენო, რომელიც დამოუკიდებელი ბიზნესმენი და მედია მფლობელია. მე ვხედავ, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ძალიან ჰგავს ყალბს და ისინი უნდა მოიხსნას

 

ევროპარლამენტარმა ესტონეთიდან, მარინა კალიურანდი, პარტიებს კონსტრუქციული ნაბიჯების გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის ოპოზიციას, რომ განაგრძონ კონსტრუქციული კონსულტაციები წინასაარჩევნო თვეებში. მოვუწოდებ კოლეგებს პარლამენტის ორივე მხარეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, სამართლიანობა და კონსტრუქციონიზმი

 

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ საქართველოს წინ საპარლამენტო არჩევნები სახით დიდი გამოწვევა აქვს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა და მნიშვნელოვანია, ის თავისუფალ გარემოში და გამჭვირვალედ ჩატარდეს

 

ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა, რომელიც საქართველოს შესახებ ანგარიშის მომხსენებელია ყურადღება გაამახვილა შემდეგ საკითხებზე: 

 

„საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეეწყალებინა ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პოლიტიკური დაძაბულობების შემსუბუქებას გზას უხსნის..

 

სრულიად შესაძლებელია, რომ დროულად მოხერხდეს კონსტუტუციური ცვლილებები – კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებები განხორციელდეს გადავადების გარეშე..”

 

ევრპარლამენტარმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართელოს წარმატებულ ბრძოლას პანდემიის წინააღმდეგ, რომელმაც მისი თქმით, „საერთაშორისო და საშინაო“ აღიარება მოიპოვა.

 

ევროდეპუტატები ასევე კენჭს უყრიან ევროპარლამენტის რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის მიმართ, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პოლიტიკას ეხება და 2020 წლის ივნისში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის იყო შემუშავებული.

ავტორი: Prime Time

X