
შეხვედრების მეხუთე დღე – ევროპელი მედიატორის ჩართულობით ინტენსიური შეხვედრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გრძელდება. ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან აუდიენციას დღესაც მართავს.
კრისტიან დანიელსონი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში სავარაუდოდ კელი დეგნანთან ერთად მივა.
დოკუმენტში, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს, “ქართული ოცნების” წინადადებებია წარმოდგენილი, ოპოზიცია კი პასუხისმგებლობას მხოლოდ პარლამენტში შესვლაზე იღებს.
კრისტიან დანიელსონმა საქართველოდან გამგზავრება გადადო. დიპლომატი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური აქტორები ევროპელი პარტნიორების დახმარებით საბოლოო შეთანხმებას უახლოეს მომავალში მიაღწევენ. აქვე განმარტავს, რომ მედიაციის ეფექტიანობა პოლიტიკური მხარეების მიერ კონსტრუქციულობის გააზრების აუცილებლობას მოითხოვს.
მოლაპარაკების პროცესს ციხიდან გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე. ნიკა მელია წერს, რომ შარლ მიშელის მედიაციით დაწყებული პროცესი პოლიტიკური ჩიხიდან თავის დაღწევის შანსია.
კრისტიან დანიელსონის საქართველოში დარჩენას პოზიტიურ სიგნალს უწოდებს ოპოზიცია, რომელმაც შეხვედრები ევროპელ პოლიტიკოსთან დღეს დილიდან განაახლა.
მმართველი პარტიის ლიდერების თქმით, მოლაპარაკებები პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება. ლიდერების ამბობენ, რომ “ოცნება” მზადაა შეთანხმებას ხელი სამართლიანობის პრინციპის დაცვით მოაწეროს.
რა შედეგების მომტანი იქნება ევროპის უმაღლესი ჩართულობით მიმდინარე პროცესი თბილისში? ბრიუსელში მხარეებისგან კონკრეტულ შედეგებს ელიან.
ევროპარლამენტარები ქართულ პოლიტიკურ სპექტრს პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგომას, კომპრომისებზე წასვლას და შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებენ.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები რომ საგარეო ვექტორზეც აისახება, მარტივი ჭეშმარიტებაა ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლისთვის. ქართული დელეგაცია ბრიუსელში, საქართველო ევროკავშირის ასოცირების მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. მართალია სხდომას დამოუკიდებელი დღის წესრიგი აქვს, თუმცა ქართველი დიპლომატის აზრით, თბილისში პროცესების დასტაბილურება ბრიუსელში დელეგაციის ვიზიტს დადებით ფონს შეუქმნის.
მთავრობის მეთაური, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელსაც შეხვდება.
17 მარტს კი, ირაკლი ღარიბაშვილს ნატოს შტაბბინაში უმასპინძლებენ.
დაგეგმილია პრემიერისა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა და ერთობლივი განცხადებების გაკეთება.
მომდევნო ორი დღის განმავლობაში მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება. ევროკომისია, ევროპული საბჭო, ევროპარლამენტი და ნატო, სტრატეგიულ პარტნიორებთან მოლაპარაკებები აქტიური დღის წესრიგით გაიმართება. 16 მარტს ჩანიშნულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების მე-6 საბჭოს სხდომა, სადაც პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, ევროკავშირთან ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავების საკითხებიც განიხილება.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე შედიან. ქართულ დელეგაციასთან ერთად ბრიუსელში საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც გაემგზავრა.






















