
საგარეო საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ ავიარეისებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
„როგორც ცნობილია პრემიერ-მინისტრთან არსებულ საკოორდინაციო საბჭოზე განისაზღვრა მიმდინარე წლის 10 აპრილის ჩათვლით ევროპის ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად განსახორციელებელი ავიარეისები, რომელთა ნაწილი უკვე შესრულდა.
კერძოდ, 23 მარტს განხორციელდა ბერლინი-თბილისის, 24 მარტს – ათენი-თბილისის, 26 მარტს კი ვენა-თბილისის რეისი.
საბჭოს მიერ განსაზღვრულ განრიგში შევიდა ცვლილება და განრიგს მიმდინარე წლის 3 აპრილს დაემატა თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულება, რომელსაც შეასრულებს კომპანია Georgian Airways.
განრიგის თანახმად 3 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებას შეასრულებს კომპანია LOT Polish Airlines.
აღნიშნულ რეისებზე ბილეთები გაიყიდება, ბერლინის შემთხვევაში კომპანია Georgian Airways-ის, ხოლო ვარშავის შემთხვევაში კომპანია LOT Polish Airlines-ის ვებ-გვერდებზე.
შეგახსენებთ ფრენების არსებულ განრიგს:
28 მარტი – ვარშავა-თბილისი – LOT Polish Airlines
31 მარტი – ამსტერდამი-თბილისი – Georgian Airways
3 აპრილი – ბერლინი-თბილისი – Georgian Airways
3 აპრილი – ვარშავა-თბილისი – LOT Polish Airlines
4 აპრილი -ლონდონი-თბილისი – Georgian Airways (კომპანიის გეგმიური რეისი)
7 აპრილი -ათენი-თბილისი – Georgian Airways
10 აპრილი -ლარნაკა-თბილისი – Georgian Airways
აღნიშნულ ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვა მოხდება თანმიმდევრობით, ავიარეისის შესრულების თარიღამდე 2 დღით ადრე, ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანია Georgian Airways -ის ვებ-გვერდზე, ხოლო პოლონეთის მიმართულებაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება კომპანია LOT Polish Airlines -ის ვებ გვერდზე.
ავიარეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით და თითოეულ ბორტზე განთავსდება 100 მგზავრი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, საბჭოს მიერ განსაზღვრულ ავიარეისებზე სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს“, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.






















