
„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზუგდიდში ანზორ მელია პოლიტიკას ტოვებს, ამის შესახებ „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი. მელია სააგენტოსთან ამ ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ ის საკუთარ პროფესიას უბრუნდება.
„მე ექიმი ვარ და ექიმობას დავუბრუნდები. ამ ეტაპზე პოლიტიკას ვტოვებ, მაგრამ სამშობლოს, როცა დასჭირდება, მის გვერდით ყოველთვის ვიქნები“,- განაცხადა მელიამ.
კითხვაზე, რა შემთხვევაში დაბრუნდება პოლიტიკაში, მელია გვპასუხობს:
„თუ პრეზიდენტს რამე დაემართება, მეც მზად ვარ, თავი შევწირო პოლიტიკას. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი პრეზიდენტები. იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს მრავალპროფილურ საავადმყოფოში არ გადაიყვანენ, მზად ვარ, ვიშიმშილო. არ არის საჭირო პოლარიზაცია და ერთმანეთის გადაკიდება, ეს ყველამ უნდა გაიგოს“,- განაცხადა მელიამ.
შეგახსნებთ, ანზორ მელია თვითმმართველობის არჩევნებში ზუგდიდის მერობის კანდიდატი იყო, მან პირველ ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი დაამარცხა, თუმცა მეორე ტურში დამარცხდა.