
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ თამაზ მეჭიაურის მძღოლი 23 წლის გიორგი ხუმარაშვილი და მასთან კონფლიქტში მყოფი ხევსურთსოფელის რწმუნებული ზურაბ ბექაური კლასელები არიან და თამაზ მეჭიაურთან ხუმარაშვილს სწორედ ბექაურმა დააწყებინა მძღოლად მუშაობა.
ამის შესახებ ერთ-ერთი ადგილობრივი საუბრობს. მისი თქმით, ზურაბ ბექსურს ასევე, ახლო ურთიერთობა ჰქონდა მეგობრის ოჯახთან და მათ ხშირად სტუმრობდა. გიორგი ხუმარაშვილმა თვითმკვლელობა სწორედ მორიგი სტუმრობის შემდეგ სცადა…
„გიორგი და ზურა ბექაური მეგობრობდნენ, ისინი კლასელები არიან. როცა გიორგი სამუშაოს ეძებდა, სწორედ ბექაურმა სთხოვა თამაზ მეჭიაურს მისი მძღოლად აყვანა. ზურა ხუმარაშვილების ოჯახს ხშირად სტუმრობდა. ახლო ურთიერთობა ჰქონდა, გიორგის ოჯახის წევრებთანაც.
იმ დღესაც ზურა მათ ოჯახში იყო, იქ რა საუბარი შედგა და რა მოხდა არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ მალევე გიორგიმ თვითმკვლელობა სცადა. დედა შვილის ამ მდგომარეობამდე მიყვანაში ზურა ბექაურს ადანაშაულებს და ამბობს, რომ შვილმა ეს გადაწყვეტილება კონფლიქტის გამო მიიღო.
ახლა, მთავარია გიორგი კომიდან გამოვიდეს და გადარჩეს. მერე გამოძიება ალბათ, დაადგენს რაც მოხდა და დამნაშავე აუცილებლად დაისჯება. გიორგი უწესიერესი ადამიანია და გული მტკივა.” – ამბობს ადგილობრივი.
„პრაიმტაიმი” თამაზ მეჭიაურს ესაუბრა, რომელმაც ჩვენი ინფორმაცია დაადასტურა და თქვა, რომ მან გიორგი ხუმარაშვილი სამსახურში სწორედ ზურა ბექაურის რეკომენდაციით მიიღო.
„გიორგი ხუმარაშვილი და ზურა ბექაური ჩემი ინფორმაციით, კლასელები არიან. ის სამსახურში სწორედ ბექაურის თხოვნით მივიღე. მომხდარის მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რაც გიორგის დედამ მითხრა. თავად გიორგის ჩემთვის არაფერი უთქვამს, თუ ჩემს შესახებ ინფორმაციებს სთხოვდნენ. რაღაცას ვიზამდი, აღვკვეთდი. ახსნა ძალიან მიჭირს…
ის ძალიან ერთგული, პატივსაცემი და კარგი ადამიანია. გუნდში ავტორიტეტით სარგებლობს და ახლა, ყველა ჩვენგანისთვის მთავარია, გადარჩეს. წელიწადნახევარია, რაც ჩემთან მუშაობს.
მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ექიმები ჯერ ვერაფერს ამბობენ. ვიცი, რომ ორშაბათს გააღვიძებენ და ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული.” – ამბობს თამაზ მეჭიაური.
შეგახსენებთ, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ გიორგი ხუმარაშვილის მდგომარეობა მძიმეა. ის კლინიკაში კატასტროფის ბრიგადამ შეიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.