
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ბოჭორიშვილის კლინიკის დაცვის ორ თანამშრომელს კორონავირუსი 4 დღის წინ დაუდასტურდა.
როგორც ჩვენთან საუბარში წყარო აცხადებს, კლინიკის დაცვის სამსახურის ინფიცირებული თანამშრომლები კლინიკაში მკურნალობენ.
ხოლო მათთან კონტაქტში მყოფი სხვა თანამშრომლების ნაწილი თვითიზოლაციაშია, ნაწილი კი საკარანტინო რეჟიმში.
„ბოჭორიშვილის კლინიკის დაცვის ორ თანამშრომელს კორონავირუსი 4 დღის წინ დაუდასტურდა. ორივე მათგანი სამსახურიდან პირდაპირ სამკურნალოდ კლინიკაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც გეგმიური ტესტირების დროს ორივეს Covid-19 დაუდასტურდა.“ – ამბობს წყარო.
„პრაიმტაიმმა“ ამ ინფორმაციის გადამოწმება ბოჭორიშვილის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელთან სცადა.
როგორც მან საუბრის დასაწყისში განაცხადა, ის „პრაიმტაიმის“ აღნიშნულს არ ადასტურებდა და გვირჩია, რომ ჩვენს წყაროს დაედასტურებინა აღნიშნული ინფორმაცია.
თუმცა, ამავე საუბრისას აღნიშნა, რომ დაწესებულებაში, სადაც 850 ადამიანი მუშაობს, ერთი-ორის ინფიცირებით მედია არ უნდა დაინტერესდეს…
„ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ. მეგობრულად რომ გითხრათ, ქვეყანაში როცა 300-მდე შემთხვევა ფიქსირდება და სამსახურში, სადაც 850 ადამიანი მუშაობს, ერთი-ორი ადამიანი თუ დაინფიცირდა, მედია ამ შემთხვევებს არ უნდა გამოეკიდოს. თქვენი ინფორმაცია იმას დაადასტურებინეთ, ვინც გითხრათ.“ – აცხადებენ კლინიკაში.























