
მეგი თედეევი 32 წლისაა. 2 შვილის დედას 1 წლის წინ ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ამ ფაქტმა მისი ცხოვრება შეცვალა. მცირეხნიანი შოკის შემდეგ შიში გადალახა, საბრძოლველად განეწყო და სიკვდილი დაამარცხა კიდეც.
მეგი „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში თავისი ცხოვრების შესახებ გვიყვება:
– ჩემი ისტორია შარშან დაიწყო – 8 ივნისს დამისვეს ძუძუს კიბოს დიაგნოზი. ეს იყო საშინელება… წამის მეასედში თავში უამრავმა აზრმა გამიელვა, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ეს იმის ბრალი იყო, რომ არ მქონდა არანაირი ინფორმაცია და მეგონა, რომ ცხოვრება დასრულდა.

3 თვის განმავლობაში ხელიც არ გამინძრევია, რომ რაიმე პროცედურა ჩამეტარებინა, გამოჯანმრთელებისთვის. დიდი ხანი დამჭირდა, რომ გამეთვითცნობიერებინა. ამ 3 თვის განმავლობაში მხოლოდ დიაგნოზი გადავამოწმე რამდენჯერმე, მეტი არაფერი გამიკეთებია. დიაგნოზის მიუღებლობა დამემართა და ფაქტობრივად, ეს დრო დავკარგე. სწორედ ამ დროს მეგობარმა მითხრა, რომ არსებობდა ასეთი სივრცე – „ევროპა დონა“, რომელიც ონკოპაციენტებს ეხმარება სირთულეების დაძლევაში. ძალიან აქტიურად ჩავერთე, გვაქვს ხატვის, ქსოვის, ქარგვის გაკვეთილები, ვსაუბრობთ ერთმანეთთან და პირადად მე ძალიან ბევრი რამ გადამატანინა ამ ორგანიზაციამ, რომელსაც ანა მაზანაშვილი უდგას სათავეში. ერთი ოჯახის წევრებივით ვართ, ამ სივრცეს ისეთი მიზიდულობა აქვს, რომ აქედან არავინ მიდის, გამოჯანმრთელებული ადამიანებიც კი აქ რჩებიან. ახალ მოსულს ძალიან დამეხმარნენ ის ადამიანები, ვინც წლების წინ დაამარცხა კიბო. თითოეული მათგანის დამსახურებაა, ჩემი დღევანდელი მდგომარეობა.
– პირველად ვის გაუმხილეთ დიაგნოზი?
– მეგობრებთან დავრეკე და ვუთხარი, რაც მჭირდა. საოცრება ხდებოდა – მოცვივდნენ ჩემთან, იდგნენ და ტიროდნენ. მათ წინაშე რაღაც პასუხისმგებლობაც კი ვიგრძენი, რადგან ძალინ განიცდიდნენ და ისევ მე უნდა მეთქვა გამამხნევებელი სიტყვები. შემდეგ მათთან ერთად გადავწყვიტე, როგორ გამემხილა ოჯახისთვის.
8 ივნისს დამისვეს დიაგნოზი, 9-ში კი ჩემი უმცროსი შვილის, მაქსიმეს დაბადების დღე იყო. შინ რომ მივედი, ვთქვი: ტორტიც გვექნება, დაბადების დღეც, მაგრამ მე შინ ასეთი დიაგნოზით დავბრუნდი-მეთქი. დედისთვის თქმა ძალიან გამიჭირდა. ყველაზე მეტად მე და დედამ გამოვიარეთ ეს რთული გზა. დედა ძალიან შემართებით იყო, – ძალიან კარგად ვიცი, რომ კარგად იქნები, დედის გული გრძნობს და ვიცი, რომ არაფერი გემუქრებაო. ჩემი შვილებისთვისაც არ დამიმალავს. მაქსიმე ახლა 6 წლისაა და ამბობს ხოლმე – ნეტავ, მალე წავა კიბოო? ლიზი კი მეუბნება – ნეტავ მალე მოგშორდეს ეს კიბო, რომ კარგად იყო, ერთად შევჭამთ ბურგერებსო.

მოგეხსენებათ, ქიმიოთერაპიის შემდეგ იწყება თმის ცვენა. პირველი ქიმიის მერე თმაზე ხელი რომ ჩამოვისვი და ბღუჯად ჩამომყვა, გადავწყვიტე, თმა გადამეპარსა.
როცა მაქსიმემ უთმოდ მნახა მოისურვა, თანადგომა გამოეხატა და თავის გადაპარსვა მოინდომა. რამდენიმე დღის განმავლობაში ვცდილობდი, გადამერწმუნებინა, რადგან მისი ოქროსფერი თმა ძალიან მენანებოდა, მაგრამ ვერ ვაჯობე და წავიყვანე სალონში. თმა რომ გადაპარსეს, მერე წარბების გაპარსვაც მოინდომა და ამაზე უკვე ძალიან შევშფოთდი და ვერ დამიყოლია.
ბავშვები ჩართულები არიან ჩემი მკურნალობის პროცესში, ლიზი თან მახლდა ქიმიოთერაპიაზეც, წვლილი შეაქვთ ჩემი გამოჯანმრთელების პროცესში და ძალიან ამაყი ვარ მათით.
არ იფიქროთ, ამ ყველაფერს ტკივილით ვყვები, პირიქით, პოზიტიურად გიყვებით. ხშირად ვამბობ – კიბო ჩემი არსობისა-მეთქი, რადგან ამ დაავადებამ ძალიან შემცვალა, ბევრი რამ გადავაფასე და მივხვდი, რომ ცხოვრებაში ბედნიერება ის არ არის, რაც მანამდე მეგონა.
ახლა ყოველი გათენებული დღე მიხარია… სიკვდილთან შეხება ძალიან პატარას მქონდა – 26 წლის ვიყავი, როდესაც მეუღლე გარდაიცვალა, ჰიდროცეფალიის დიაგნოზით და ამან ძალიან დამანგრია, მომცელა და წამაქცია და როცა ჩემი დიაგნოზი გავიგე, ნამდვილად ვერ მივცემდი ჩემს თავს უფლებას, რომ ჩემი ახლობლებიც ასევე ცუდ მდგომარეობაში ჩამეყარა. ამიტომ საჭირო იყო ბრძოლა სიცოცხლისთვის და მე ეს ბრძოლა მოვიგე. მინდა გითხრათ, რომ კიბო არ არის განაჩენი.

დეკემბერში გავიკეთე ოპერაცია, შემდეგ დავიწყე ქიმიოთერაპია და 2 ივლისს ეს ქიმიოთერაპიის ეტაპი დავასრულე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა და ეს მოვლენა ზეიმით აღვნიშნე. მე მეზეიმებოდა და რადგან ამის სურვილი მქონდა, უარი არც მითქვამს, მის ასრულებაზე.
როცა სოციალურ ქსელში ფოტოები ავტვირთე, ძალიან ცოტა, მაგრამ ნეგატიური კომენტარებიც მოჰყვა – ეს გოგო ისე ზეიმობს, თითქოს ცხოვრების ბოლო დღეს ატარებსო. ბოლო დღეს კი არ ვატარებდი, სწორედ იმას ვზეიმობდი, რომ ხანგრძლივ ცხოვრებას გავატარებ ამის შემდეგ, ბევრად უფრო ჯანმრთელი, ბევრად გაწონასწორებული, გამარჯვებული და ბედნიერი.
ამ დღეს „ბოლო ზარი“ დავარქვი და იმით დაიწყო, რომ თეთრი პერანგი ჩავიცვი და კლინიკის პერსონალს ზედ ფერად-ფერადი წარწერები გავაკეთებინე. თოდუას კლინიკისგან ძალიან დიდი ხელშეწყობა მქონდა, რომ ეს დღესასწაული მომეწყო და ამისთვის დიდი მადლობა მათ. ეს ფერად-წარწერებიანი პერანგი კი ჩემს გარდერობში საპატიო ადგილს დაიკავებს და რაც მასზე გაკეთებულ წარწერებში მისურვეს, დარწმუნებული ვარ, ყველა ამისრულდება. კაბა ჩემმა მეგობარმა, დიზაინერმა ლაშა ჯოხაძემ მათხოვა, რომელიც ნუცა ბუზალაძეს შეუკერა კლიპისთვის. ისე მინდოდა, მეკაშკაშა ამ დღეს, რომ სწორედ ასეთი კაბა შეეფერებოდა.

ქიმიოთერაპიის 16 კურსი 2 ივლისს დავასრულე. ახლა რამდენიმე დღე დავისვენებ და მერე დავიწყებ სხივურ თერაპიას, შემდეგ გავაგრძელებ გარკვეული პრეპარატების მიღებას და 2022 წლის მარტში დავასრულებ მკურნალობის სრულ კურსს. ახლა, ასე რომ ვფიქრობ, თითქოს ეს დღე მეშორება, მაგრამ დრო უცებ გაირბენს და მე გავაგრძელებ ცხოვრებას უკვე ჯანმრთელი და ბედნიერი.

– ქიმია რომ დაასრულე, ახლა უკვე თმა დაიწყებს ამოსვლას… შერჩეული გაქვს ახალი ვარცხნილობა?
– ისე შევეჩვიე ასეთ „ვარცხნილობას“, რომ არ ვაპირებ შეცვლას, ჯერჯერობით. იმდენი ექსპერიმენტი მაქვს თმაზე ჩატარებული, ვერც კი წარმოიდგენთ – ვიჭრიდი, ვიღებავდი… მაგრამ მაინც ასე მირჩევნია. ამ თავს სხვა ძალა აქვს… ეს თავი თავის სათქმელს სხვანაირად გამოხატავს. მე რომ ჩუმად ვიყო, თავი თავისით „ლაპარაკობს“ და იყოს, ასე დავტოვებ.

– რას ურჩევთ ქალებს?
– დიაგნოზი რომ გავიგე, ცხოვრებას კი არ დავემდურე ან ღმერთს საყვედური კი არ ვუთხარი, პირიქით, ბრძოლის უნარით აღვივსე და მივხვდი, რომ თუ ვიბრძოლებდი სიცოცხლისთვის, აუცილებლად გადავრჩებოდი და ბედნიერი ვიქნებოდი.
ყველა ქალს ვურჩევ, რომ წელიწადში ერთხელ აუცილებლად ჩაიტარონ სკრინინგი და დარწმუნდნენ, რომ ჯანმრთელები არიან. ჯობია, დროულად აღმოაჩინონ თავის ორგანიზმში ცვლილება, რომ თავს მიხედონ და სიცოცხლე შეინარჩუნონ.
ნახეთ ვიდეო ↓






















