
„პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.
საქმე ეხება დავას, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსანს მისი მცირეწლოვანი შვილის დედასთან აქვს.
25 წლის ანასტასია შატალოვა ამბობს, რომ ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ცოლად მოყვანას პირდებოდა, თუმცა ბავშვის გაჩენის შემდეგ ექს-მაღალჩინოსანი პირველ მეუღლეს დაუბრუნდა, მას კი ახალშობილი წაართვა.
შატალოვა ამჟამად ბავშვის დაბრუნებისთვის იბრძვის. „პრაიმტაიმს“ მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლალი ბიბილეიშვილი ესაუბრა.
„მას ურთიერთობა ჰქონდა ჩემს კლიენტთან, რომელიც 27 წლით უმცროსია, შეეძინათ ბავშვი. პირდებოდა, რომ ცოლად უნდა მოეყვანა, თუმცა ამის ნაცვლად ხელმეორედ იქორწინა მის პირველ მეუღლეზე, რომელთანაც ასევე ორი შვილი ჰყავს.
თვენახევრის წინ ბავშვს გვარი მისცა, მანამდე დედის გვარზე იმყოფებოდა. ამის შემდეგ ეს გოგო საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. ერთ დღესაც ჩამოაკითხა და სთხოვა – ზუსტად 7 დღით წავიყვან ბავშვს, და-ძმას გავაცნობ და უკან ჩამოგიყვანო. ადამიანობას გეფიცები ერთ კვირაში მოგიყვანო. მეოთხე კვირა დაიწყო და ბავშვს არ უბრუნებს. იყო მუქარები მის მიმართ.
პოლიციაში შევიტანეთ განცხადება. გამოიწერა შემაკავებელი ორდერი და ამავე ორდერით დედას მიეცა თანხმობა, რომ მესამე პირის მეშვეობით მოინახულოს საკუთარი შვილი, რომელიც პრაქტიკულად ძუძუდან ააცალეს.

ამის შემდეგ ძლივს მოავახეხეთ, რომ ბავში დედას რამდენჯერმე მაინც ენახა, თუმცა სოციალური სამსახურის რეკომენდაციით ერთ-ერთი ვიზიტის დროს ზურაბ ბერიძის დაცვის სამსახურმა არ მოგვცა შესვლის უფლება, მოგვაყენეს შეურაცხყოფა, მათ შორის მეც, გვაგინეს უშვერი სიტყვებით, რის გამოც გამოვიძახეთ პოლიცია. მადლობა მინდა გადავუხადო ადგილზე მოსულ ეკიპაჟს, რომელიც აბსოლუტური გაგებით მოეკიდა დედის მდგომარეობას, თუმცა იქ უკვე ისეთი სიტუაცია იყო უკან გავბრუნდით.
სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი დროიებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, ანუ სანამ სასამართლო დავით გადაწყდებოდა ბავშვის მეურვეობის საკითხი, დედა დაბრუნებოდა ბავშვს, თუმცა მოსამართლის განჩინებაში ნახსენებია ვიღაც პიროვნება, ვინმე გიორგი ტუღუში, რომელიც ამ საქმეში საერთოდ არ ფიგურირებს და წერია – მხარეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზეო. ვინ არის ეს გიორგი ტუღუში? საიდან მოიტანა მოსამართლემ არ ვიცით და ვერც ვარკვევთ, რადგან დროებითი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება ერთჯერად აქტად მიიჩნევა და არ საჩივრდება, შესაბამისად, იმის უფლებაც კი არ გვაქვს გავარკვიოთ, რის საფუძველზე გვითხრა მოსამართლემ უარი. რა შუაშია „გიორგი ტუღუში“, როცა საჩივარი შეტანილია ჩემი კლიენტის სახელით.
გვაქვს ეჭვი, რომ ამას ტექნიკურ შეცდომას დააბრალებენ, თუმცა ამ ტექნიკური შეცდომით ჩვენ დავზარალდით. ასევე დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ზურაბ ბერიძემ გამოიყენა თავისი გავლენები მოსამართლესთან, რომელიც ასევე აჭარელია და ბერიძის სახელი მისი წარსული თანამდებობებიდან გამომდინარე კარგად არის ცნობილი“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ ადვოკატი ლალი ბიბილეიშვილი.
„პრაიმტაიმი“ ზურაბ ბერიძის პოზიციითაც დაინტერესდა. ის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ დედა ბავშვს უპრობლემოდ ნახულობს.
„როცა მოესურვება ნახულობს ბავშვს, სრულიად მშვიდად და წყნარად. არავინ არ უშლის. არანაირი მოტყუებით არ წამომიყვანია ბავშვი. რატომ არის ჩემთან? ეს არის სამოქალაქო დავის საკითხი, როგორც გადაწყვეტს სასამართლო ისე იქნება“, – გვითხრა ზურაბ ბერიძემ, რომელმაც დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და გვთხოვა, მხოლოდ ამ კომენტარით შემოვიფარგლოთ.
ვინ არის ზურაბ ბერიძე?
წინა ხელისუფლების დროს ზურაბ ბერიძე ბათუმის საგადასახადო ინსპექციას ხელმძღვანელობდა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ზურაბ ნოღაიდელთან დაახლოებულ პირად ითვლებოდა.
2008 წელს ის სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს. საუბარია საქმეზე, რითაც, გამოძიების ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტმა 1 471 322 ლარი იზიარალა.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბერიძე ბათუმის ვიცე-მერი გახდა, თუმცა 2015 წელს თანამდებობა დატოვა, 2019 წელს კი მისი უფროსი, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა მაღალჩინოსნები დიდი ოდენობით თანხების გაფლაგვის ბრალდებით დააკავეს.
რა ბიზნესს ფლობს ზურაბ ბერიძე?
ვიცე-მერის თანამდებობიდან გადადგომას წინ უსწრებდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალეობა – საქართველო“-ს მიერ 2015 წელს გამოქვეყნებული ანგარიში, სადაც ზურაბ ბერიძის სახელმა რამდენიმე კომპანიასთან კავშირში გაიჟღერა.
„რეესტრის მონაცემების თანახმად, ზურაბ ბერიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, 2014 წლის 27 აგვისტოს, საკუთარი სურვილის საფუძველზე, შპს „აჭარა ელიტაუდიტში“ დირექტორის პოზიცია დათმო, ასევე 50%-იანი წილი, მართვის უფლებით, დიმიტრი თედორაძეს გადასცა. 2014 წლის 6 ოქტომბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ზურაბ ბერიძემ მიუთითა, რომ 2013 წელს ამ შპს-ს დირექტორობიდან და 50%-იანი წილის ფლობიდან 104 748 ლარი მიიღო.
2014 წლის 14 ნოემბერს, შპს „აჭარა ელიტაუდიტთან“ პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიოს მენეჯმენტმა. შპს-მ, 2500 ლარის მიღების სანაცვლოდ, მაუწყებლის აუდიტორული შემოწმება ჩაატარა.
ზურაბ ბერიძე, პირადი განცხადების საფუძველზე, 2014 წლის 7 აგვისტოს, კიდევ ერთი კომპანიის, „ბათუმი ბიზნეს ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა, თუმცა „ბათუმი ბიზნეს ჯგუფში“ ის ამ დრომდე ფლობს 25%-იან წილს, რის შესახებაც თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის დარღვევაა. შესაბამისად, არც ის ჩანს, თუ რა შემოსავალი მიიღო ბერიძემ ამ პოზიციიდან და ზემოაღნიშნული წილის ფლობიდან.
ბათუმის მერის მოადგილეს არც შპს „სამეწარმეო და სამოქალაქო დავათა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი BT COMPANY“-ში 50%-იანი წილის ფლობის შესახებ აქვს მითითებული ქონებრივ დეკლარაციაში. ის ამავე კომპანიის დირექტორი იყო 2014 წლის 7 აგვისტომდე. ქონებრივ დეკლარაციაში ამ პოზიციიდან მიღებული შემოსავალიც არ ჩანს“, – ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭირვალეობის“ ანგარიშში.
























