
„პრაიმტაიმის“ მკითხველმა უკვე იცის, რომ წინა კვირაში მოსკოველ იულია ბოიცოვას მამის – გუჯა ფაციას მოძებნაში დავეხმარეთ.
ძალიან დიდი ემოციები მოჰყვა მამა-შვილის დაკავშირებას. ორივე ძალიან ბედნიერია, რომ 31 წლის შემდეგ როგორც იქნა, ერთმანეთი იპოვეს.
ასევე გახარებულია იულიას მეუღლე და ბატონი გუჯას შვილები, მეუღლე და ახლობლები. ახლა ისინი ერთმანეთთან შეხვედრას გეგმავენ და იმედი აქვთ, რომ ეს ძალიან მალე მოხდება.

მანამდე კი იულია ბოიცოვა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ახლა ქართული და მეგრული ენების შესწავლას აპირებს.
რა ენატრებოდა მას მამისგან და რა ოცნებების ასრულებას აპირებს, მასთან შეხვედრის შემდეგ?
– ვიპოვე მამა, რომელიც მთელი ცხოვრება მენატრებოდა და რომელიც არასდროს მინახავს, რომლის წყალობით დავიწყე ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში!
როგორ დავუკავშირდი მას? ძალიან მარტივად – თქვენი საშუალებით. მშობლებთან ურთიერთობას ძალზე ძლიერი ძალა აქვს, რაც გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებასა და მათ ბედზე…
ჩემს პოსტებში მე არაერთხელ ვწერდი, რომ მთელი ცხოვრება მფარველს ვეძებდი, მინდოდა უსაფრთხოდ მეგრძნო თავი. მე ვოცნებობდი, რომ მე მყოლოდა სრულფასოვანი ოჯახი და ეს მოხდა!
მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი ჯერჯერობით მხოლოდ ვიდეო კომუნიკაციის საშუალებით ვნახეთ, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენად მნიშვნელოვანია მამის სიყვარულის დანახვა, ცოდნა და შეგრძნება! აღმოჩნდა, რომ ბევრი ნათესავი მყავს.
ასევე აღმოჩნდა, რომ მყავს და და ძმა. ცხოვრებამ ახალი ჰორიზონტები გახსნა და ახლა მეგრული და ქართული ენები უნდა ვისწავლო და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ…

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მამაჩემის ენერგიის შეგრძნებამ თავდაჯერებულობა შემმატა და სხვაგვარად ვგრძნობ თავს…
ამდენმა სტიმულმა ჩემთვის ახალი ჰორიზონტები გახსნა. ძალიან მსურს მასთან მისვლა, ჩახუტება, მინდა, ყველას წავართვა და უბრალოდ, მასთან ვიყო მინიმუმ ერთი დღე-ღამის განმავლობაში… მსურს, ვიყო პატარა გოგო, ვიჯდე მამაჩემის მუხლებზე და მივიღო ის სიყვარული, რომელიც ძალიან მენატრებოდა ბავშვობაში.
მსურს, მასთან ერთად დავტკბე ჩამავალი მზის ყურებით, ვუყუროთ ლურჯ ზღვას და ერთად ვიოცნებოთ მშვენიერ მომავალზე… მსურს, მივიღო მისგან რჩევები, დარიგებები და ის ყველაფერი, რაც არ უთქვამს ჩემთვის, ვიდრე ერთად არ ვიყავით. ამ ყველაფრის მოსმენა მინდა…
მამაჩემის პოვნით უამრავი ახალი სტიმული მივიღე… ახლა საკუთარი მანქანა მინდა, რომ მასთან ერთად ვისეირნო იქ, სადაც მინდა, წავიყვანო სანაპიროზე. ახლა მე მჭირდება არა მხოლოდ დიდი სახლი ან მთელი სოფელი, არამედ მთელი ქალაქი, რადგან თუ ჩემს ყველა ნათესავსა და ჩემი ქმრის ოჯახებს შევკრებ, მაშინ 500 ადამიანი აუცილებლად მოიყრის თავს, ჩვენ კი მათ გარდა კიდევ მეგობრებიც გვყავს.
ახლა ძალიან მჭირდება ბევრი ფული, რადგან მინდა, ჩემ გარშემო ყველა გავახარო!
ახლა ჩემში კიდევ უფრო მეტი კრეატიულობა, წარმატება და კეთილდღეობა გაიხსნა, რადგან დანამდვილებით ვიცი, რომ მე უკვე მაქვს 2 ფრთა და შემიძლია ფრენა!
























