15:51 | 2020-05-31 ავტორი: Prime Time

Exclusive: პატრიარქს ლოცვებში აღარ იხსენიებენ?! – რა ხდება ჭყონდიდის ეპარქიაში

Exclusive: პატრიარქს ლოცვებში აღარ იხსენიებენ?! – რა ხდება ჭყონდიდის ეპარქიაში

სალხინოს ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარი მამა დანიელი ლოცვებში საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს ლოცვებში არ იხსენიებს.

 

ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ჭყონდიდის ეპარქიიდან, სოფელ სალხინოს მკვიდრი დაუკავშირდა.

 

 

ხათუნა თოდუა ამბობს, რომ სასულიერო პირი, მამა დანიელი პატრიარქს წირვა-ლოცვის დროს, არ იხსენიებს.

 

„12 წლის მრევლი ვარ სალხინოს დადიანების კარის ეკლესიაში, უფრო სწორად – ვიყავი. გაუგონარი რამ ხდება, მამა დანიელი პატრიარქს აღარ იხსენიებს წირვა-ლოცვის დროს.

 

რამდენიმე წლის წინ, ეკლესია მრევლით სავსე იყო. ახლა, განახევრდა და ეს სასულიერო პირების გამო, ხდება.

 

ჩვენი ეპარქია ხმაურით გამოირჩევა. ახლა, რასაც მამა დანიელი სჩადის, ამას ქრისტიანობასთან არაფერი აქვს საერთო. დადგენილ წესს არღვევენ და სექტანტებს დაემსგავსნენ.

 

მე პირადად, ეკლესიაში აღარ დავდივარ. ჩემს მსგავსად, ბევრმა ჩემმა სულიერმა და-ძმამ თქვა უარი.

 

იქნებ, ვინმეს ყურამდე მივიდეს და გამოიკვლიონ, აქ რა ხდება.

 

იმედია, ბალდაში მრევლს ეშველება, იქაც ხომ იგივე ხდებოდა. იქნებ მოხდეს სასწაული და ღვთის ნებით, ჩვენთანაც ნამდვილ ქრისტიანულ წირვა-ლოცვას ვეღირსოთ“ – ამბობს ხათუნა თოდუა.

 

„ძალოვანები იყვნენ მოსული“ - რატომ შეუჩერდა მამა ათენოგენეს მსახურების უფლება
2020-05-31„ძალოვანები იყვნენ მოსული“ - რატომ შეუჩერდა მამა ათენოგენეს მსახურების უფლება

 

„პრაიმტაიმს“ სოფელ სალხინოს კიდევ ერთი ადგილობრივი ესაუბრა. როგორც ნათელა კეკუტია ამბობს, მრევლი ეპარქიაში არსებული დაპირისპირებით ზარალდება. 

 

 

„მეუფე გრიგოლ კაციაც გაუგებრობაში მოჰყვა, რაც ჭყონდიდის ეპარქიაში განწესდა. თავიდან, მრევლი წირვებს არ ესწრებოდა, ახლა ნელ-ნელა კი, შემობრუნდნენ ტაძრისკენ…

 

მაგრამ დაპირისპირება შეიძლება? პირველ რიგში, ჩვენ, მრევლი ვზარალდებით. სინოდმა რით ვერ გადაწყვიტა ბოლოს და ბოლოს სადაა სიმართლე და სად ტყუილი?!“- ამბობს ტაძრის მრევლი ნათელა კეკუტია.

 

 

 

„პრაიმტაიმი“ მომხდარზე დეტალების გასარკვევად, საპატრიარქოს პრესცენტრს დაუკავშირდა. როგორც ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ თავად ჭყონდიდის ეპარქიის საქმეა და საზოგადოებას ეპარქიიდანვე უნდა უპასუხონ.

 

„ეს ინფორმაცია შიდა საეპარქიო საკითხია და მათ იციან ყველა დეტალი, რაც ხდება. ზოგადად, ყველა ვალდებულია, მსახურობის დროს, პატრიარქი მოიხსენიოს.თუ ამ წესს ვინმე არ ასრულებს, ეს დარღვევაა.” – განმარტავენ საპატრიარქოში.

 

„პრაიმტაიმი” შეეცადა მეუფე გრიგოლ კაციასთან დაკავშირებას, თუმცა როგორც ცნობილია, ის ჭყონდიდის რეზიდენციაში არ იმყოფება და კომენტარს ჟურნალისტებთან ჩამოსვლისთანავე გააკეთებს.

 

ხოლო, თავად ბრალდების ადრესატი, მამა დანიელი აცხადებს, რომ ის წირვა-ლოცვის დროს პატრიარქს იხსენიებს.

 

 

„ვიხსენიებ თუ არა პატრიარქს, მეუფე გრიგოლ კაციას ჰკითხეთ. დიახ, და ვიხსენიებ ილია მეორეს ლოცვებში, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, მაგრამ ვიხსენიებ“ – ამბობს სასულიერო პირი.

 

როგორც ჩანს პეტრე ცაავას ეპარქიის წინამძღოლობიდან გადაყენებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც მრევლი ისევ ყოფილი და ახლანდელი მეუფეების მომხრეებად და მოწინააღმდეგებადაა დაყოფილი და როდემდე გაგრძელდება ეს შიდა დაპირისპირება უცნობია.

 

ავტორი: თეა შონია

 

ავტორი: Prime Time

X