
„პრაიმტაიმი“ თურქეთის პარლამენტის წევრს, სახალხო რესპუბლიკური პარტიიდან ტრაპზონის დეპუტატს აჰმედ ქაიას ესაუბრა.
თურქი პოლიტიკოსი კორუფციულ სქემაზე საუბრობს, რომელიც თურქეთის გადამზიდავი კომპანიის მძღოლებს ეხება. ის აცხადებს რომ გასულ წელს, საქართველოში მათთვის უცნობმა პირმა მხოლოდ ერთი კომპანიისგან 400 000 დოლარზე მეტი ქრთამის სახით აიღო.
მისი თქმით, სოლიდური თანხის გადახდის სანაცვლოდ, ლაგოდეხიდან, წითელი ხიდიდან და ლარსის გამშვები პუნქტებიდან ქრთამის გადახდის შემდეგ, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე აგრძელებენ გზას.
„ბევრჯერ ვარ ნამყოფი საქართველოში. მიყვარს თქვენი ქვეყანა, თქვენი ხალხი და თქვენი კულტურა.
ინჟინრად ვმუშაობდი ქალაქ ქუთაისში. ოთხი თვე ვიყავი იქ. ძალიან კარგი მეგობრობა მქონდა ქართველებთან.
სამწუხაროა, რომ მესმის სატრანსპორტო კომპანიებისგან ისეთი შემთხვევების შესახებ, როგორიცაა საქართველოს საბაჟოებზე სავარაუდოდ, კორუფციული სქემები.
როდესაც თურქეთიდან სატვირთოები მიემგზავრებიან რუსეთში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში, მათ ქრთამის გადახდას სთხოვენ.
ხუთი დღის წინ, თურქული, ერთ-ერთი დიდი კომპანიის მეპატრონე დამიკავშირდა და ამ დიდი პრობლემების შესახებ მესაუბრა. საქმე ეხება, ლარსის, ლაგოდეხისა და წითელი ხიდის გამშვებ პუნქტებს.
თქვა, რომ ისინი დიდ სირთულეებს აწყდებიან. მისი თქმით, როდესაც კომპანიის მძღოლები საქართველოში შევიდნენ, უცნობმა პირმა ტელეფონით დაურეკა და ქრთამი მოსთხოვა, ეს თანხა 1000-დან 2000 დოლარამდე მერყეობს და დამოკიდებულია ტვირთის ზომაზე.
ქრთამის გადახდის შემთხვევაში, ლაგოდეხიდან და წითელი ხიდიდან გზას ადვილად აგრძელებენ. ხოლო უარის შემთხვევაში, საბაჟოზე რამდენიმე დღე აჩერებენ.
ეს პრობლემა ოთხ წელზე მეტია გრძელდება და ვინც ქრთამს იხდის, მართლაც შეზღუდვის და დაბრკოლების გარეშე, გადაადგილდება. ამას ის პირი უზრუნველყოფს, ვინც მძღოლებს დაურეკა და ქრთამი მოსთხოვა.
მხოლოდ ამ ერთი კომპანიის მეპატრონემ გასულ წელს, ამ ბანდას 460 ათასი დოლარი ქრთამის სახით გადაუხადა.
სიტუაცია ნამდვილად არ არის მდგრადი თურქული კომპანიებისთვის. გუშინ, საქართველოს ტრაპიზონის საკონსულოს ამ პრობლემაზე ვესაუბრე.
მისი თქმით, ისინი ბოლომდე მიჰყვებიან ამ საკითხს. თურქეთის ხელისუფლება საჭირო ინიციატივებით გამოვა.
მინდა, რომ ეს საკითხი მალევე გადაწყდეს, რათა ჩვენს მეზობლობასა და მეგობრობას ზიანი არ მიადგეს.
მას შემდეგ, რაც ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად აქტიურობა დავიწყე, ასობით თურქმა მძღოლმა დამირეკა და მადლობა გადამიხადა.
ჩვენ ვართ თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტია. ეს საკითხი დღის წესრიგში დავაყენეთ, რომ თურქეთის მთავრობა ახლა უფრო სერიოზულად მიჰყვეს ამ არასასიამოვნო ფაქტებს.
თურქეთის სატრანსპორტო კომპანიებს ხელისუფლების ინდიფერენტულობის გამო, აქვთ პრეტენზიები და ამბობენ, რომ წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა აღარ აქვთ და გაკოტრების პირას არიან.” – აცხადებს დეპუტატი.
საქართველოს შემოსავლების სამსახური თურქეთის დეპუტატს განცხადებით ეხმაურება. უწყება უარყოფს თურქეთის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებას.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
საბაჟო კონტროლი, მათ შორის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება ეფუძნება მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების გამოყენებას და ხორციელდება ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე შემუშავებული რისკის კრიტერიუმების საფუძვლებზე.
აქვე აღვნიშნავთ, რომ პანდემიის მიუხედავად, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ კომპანიებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს გადაადგილებისას რაიმე სახის პრობლემები არ შექმნიათ.
საქართველოს საბაჟო საზღვარზე მათი გადაადგილება 24-საათიან რეჟიმში, შესაბამისი პროტოკოლის დაცვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ამასთან, მიმდინარე წლის მარტი-მაისის პერიოდში თურქეთიდან საქართველოს გავლით ტრანზიტულად გაიარა 25 000-ზე მეტმა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ, რომელთაგან სპეციფიკურ საბაჟო კონტროლს დაექვემდებარა მხოლოდ 109 მანქანა, რაც მთლიანი ოდენობის 0,4 %-ია.
ამასთან, განვმარტავთ, რომ კონტროლს დაქვემდებარებული 109 მანქანიდან უმეტესმა ნაწილმა, საქართველოს ტერიტორია დატოვა 1-4 დღის განმავლობაში და არა 10-15 დღისა, როგორც ეს მეჯლისის დეპუტატის განცხადებაშია აღნიშნული.
შემოსავლების სამსახური აქტიურად არის ჩართული თურქეთის მხარესთან საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგის პროცესში და ყოველი ახალი რეგულაციის შესახებ ოპერატიულად ხდება ინფორმაციის გაზიარება.“ – ნათქვამია განცხადებაში.























