20:13 | 2021-04-05 ავტორი: Prime Time

Exclusive! უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, მაგრამ… – ხვიჩა კვარაცხელიას მამა

Exclusive! უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, მაგრამ… – ხვიჩა კვარაცხელიას მამა

საქართველო ყოველთვის იყო ნიჭიერი ფეხბურთელების სამჭედლო. 13 მაისი ახლოვდება და ჯერ მარტო ის თბილისის „დინამო“ რად ღირს, რომ აღარაფერი ვთქვათ პაიჭაძის, მესხის, მეტრეველის, იამანიძის და იმ ძველი პლეადის ფეხბურთელებზე.

 

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაშიც არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი გვახსენდება. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ? ძმები არველაძეები, გიორგი ქინქლაძე, სხვადასხვა დროს, წლების მანძილზე ეროვნული ნაკრების კაპიტნები – კახა ცხადაძე, გიორგი ნემსაძე, კახა კალაძე და სხვები. ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და ვინძლო ვინმეც გამოგვრჩეს.

 

დღეს კი ყველას პირზე ხვიჩა კვარაცხელია აკერია და განა მარტო ქართველ გულშემატკივარს? უნიჭიერესმა ქართველმა ფეხბურთელმა სახელი ევროპის მასშტაბით გაითქვა და არაერთი უცხოური გამოცემა მასზე დითირამბებს არ იშურებს.

 

Khvicha Kvaratskhelia Dribbling Like Ousmane Dembele... - YouTube

 

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ხვიჩა კვარაცხელია დღევანდელი ფორმაციის ეროვნული ნაკრების ლოკომოტივი და ერთ-ერთი მთავარი გამწევი ძალაა. ეს მან მარტის სანაკრებო მატჩებშიც დაამტკიცა, როდესაც ესპანეთს და საბერძნეთს ერთი-მეორეზე ულამაზესი გოლები გაუტანა.

 

ახალგაზრდა ქართველი ტალანტი ამჟამად ყაზანის „რუბინის“ ღირსებას იცავს, თუმცა ნამდვილად არ არის შორს ის დრო, როდესაც ხვიჩა რუსეთის პრემიერლიგას დატოვებს და რომელიმე ევროპულ გრანდში გააგრძელებს კარიერას. მისდამი ინტერესს არაერთი ტოპ გუნდი გამოთქვამს.

 

პრაიმსპორტი“ ხვიჩას მამას, ახლო წარსულში გამოჩენილ ქართველ ფეხბურთელს, ვისაც ეროვნული ნაკრების მაისურიც არაერთხელ მოურგია დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ვფიქრობთ მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს.

 

Goal on Twitter: "HALF-TIME: Georgia 1-0 Spain Khvicha Kvaratskhelia with the only goal so far 🇬🇪… "

 

– ეროვნული ნაკრები ყველას საფიცარია. მისი წარმატება გვახარებს და მარცხი გვტკივა. ნაკრებზე ბევრს ვერ ვისაუბრებ, შეიძლება ჩემგან ცოტა უხერხულიც იყოს“, – გვითხრა საუბრის დასაწყისში ბადრი კვარაცხელიამ.

 

– და მაინც. ბატონო ბადრი რა განცდა დაგეუფლათ ხვიჩას გოლებზე?

 

– მას მარტო მე არ გავუხარებივარ. ხვიჩამ იმ გოლებით მთელი საქართველო გაახარა. რა თქმა უნდა, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, მაგრამ უფრო მეტად ის მახარებდა, რომ უამრავმა ქართველმა ქომაგმა გაიხარა.

 

– სანაკრებო პაუზის შემდეგაც, გუნდში დაბრუნებულმა გაიბრწყინა და თავის გუნდს მოაგებინა?

 

– მწვრთნელთან შეთანხმებით გადაწყვიტეს, რომ არ დაესვენა და ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ სოჭთან თამაშშიც მიეღო მონაწილეობა. ფეხბურთი გუნდური თამაშია და მარტო ფონს ვერ გახვალ. მართალია, გოლი ხვიჩამ გაიტანა, მაგრამ თამაში გუნდმა მოიგო. თან ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. „რუბინი“ ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის და ამ 3 ქულით მეხუთე ადგილზე დამკვიდრდნენ.

 

May be an image of 2 people

 

– ბატონო ბადრი, იმ აჟიოტაჟზე მინდა გკითხოთ, რაც ხვიჩას ირგვლივ არის ატეხილი. არაერთი ევროპული გრანდი გამოთქვამს მის მიმართ ინტერესს.

 

– დღეს ხვიჩა რუსეთში თამაშობს და ბოლომდე „რუბინისთვის“ იხარჯება. ამიტომაც, ახლა იმაზე საუბარი თუ რა იქნება მომავალ სეზონში არ ღირს და არც მიზანშეწონილია.

 

ხვიჩას მთავარი საფიქრალი ამ ეტაპზე სეზონის ჩამთავრება და იმ გუნდისთვის ბოლომდე დახარჯვაა, რომლის ღირსებასაც იცავს.

 

თქვენ კითხვას ასე ვუპასუხებდი. ყველაფერი მაისში ან ზაფხულში გაირკვევა. მანამდე მითქმა-მოთქმა და რაიმე ტრანსფერზე საუბრები არაფერს მოგვცემს.

 

ვრცელი ინტერვიუ იხილეთ ამ ბმულზე:

 

ბადრი კვარაცხელია: ყველაფერი ზაფხულში გაირკვევა, ეროვნული ნაკრები გვტკივა და გვიხარია

ავტორი: Prime Time

X