
„ყველა ადამიანს აქვს ოცნება, მაგრამ ოცნებაც რეალობასთან ახლოს უნდა იყოს. ჩემი ერთადერთი ოცნებაა, რომ ყველა ბავშვი ბედნიერი და თვალებგაბრწყინებული იყოს. მე ჩემს ირგვლივ მყოფი ბავშვებისთვის რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ“, – ასე იწყებს „პრაიმტაიმთან“ საუბარს 45 წლის ქვრივი, შორენა აბრამაშვილი, რომელმაც სხვისი შვილები საკუთარი შვილებივით შეიყვარა და უკვე წლებია მათ გამო შეუძლებელს აკეთებს.
შორენა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც 2014 წლის 29 მაისს მეუღლე გარდაეცვალა და მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა.
შორენა აბრამაშვილი: „მე და ჩემს მეუღლეს ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. დიდი სიყვარულით სავსე ოჯახი გვქონდა. ორი შვილი გავზარდეთ. 2014 წელს 29 მაისი იყო ჩემი ცხოვრების დიდი სიყვარული, ჩემი მეუღლე მოულოდნელად გარდაიცვალა და ამის შემდეგ მთელი ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. დავწექი და ვეღარ ავდექი, სამი თვე ლოგინად ჩავარდნილი ვიყავი და ჩემი შვილები მივლიდნენ. სრულიად უუნარო ვიყავი და ეს ყველაფერი ნერვიულობაზე დამემართა“.
– როგორ გამოხვედით მდგომარეობიდან?
– ერთ დღეს ვთქვი, რომ მე ჩემს შვილებს ვჭირდები-თქო და მათივე დახმარებით წამოვდექი ფეხზე. მინდოდა რამე გამეკეთებინა, რამე კარგი, რითაც მეც და სხვებიც ბედნიერები იქნებოდნენ. ვიფიქრე, რომ ბავშვი ამეყვანა და გამეზარდა, ვგრძნობდი რომ იყვნენ ბავშვები, რომლებსაც მე ვჭირდებოდი, რომლებსაც მე გავაბედნიერებდი. ეს ვთქვი ოჯახის წევრებთან და ჩემი შვილები დამეხმარნენ. გადავწყვიტეთ სახელმწიფო პროგრამებში ჩავრთულიყავი. მოვაგროვეთ საბუთები. დამირეკეს სოციალური სააგენტოდან და ასეთი რამ მითხრეს – შორენა გამოჩნდა ორი ბავშვი, დები არიან და თუ შეგიძლიათ ორივეს აყვანა?“, არც კი დავფიქრებულვარ დავთანხმდი. მომიყვანეს ორი საყვარელი გოგონა, 4წლის და 8 წლისები.
– როგორი იყო თქვენი პირველი შეხვედრა და როგორ გაგრძელდა თქვენი ურთიერთობა?
– ბავშვები რომ მომიყვანეს, ეზოში შემოვიდნენ თუ არა, მოცვივდნენ და ჩამეხუტნენ. ეს იყო სასწაული, მთლიანად გავთბი. თავიდანვე თბილად დაიწყო ურთიერთობა, უფროსი 8 წლის იყო და სკოლაში არც იყო ნამყოფი, პირველად დავაჭერინე კალამი, ვასწავლე წერა კითხვა. სკოლაში მივიყვანე, ყველაფერს ვაკეთებდი მათთვის რაც შემეძლო და რაც არ შემეძლო. პროფესიით ფილოლოგი ვარ და ესეც დამეხმარა მათ განათლებაში დავხმარებოდი.
– ბავშვების ოჯახთან თუ გაქვთ ურთიერთობა?
– რა თქმა უნდა, ბავშვების დედა ჩვენთან მოდის ხოლმე, ნახულობს თავის გოგოებს, აქამდე ხაშურში უწევდათ ჩამოსვლა. ახლა კი ბავშვების გამო მე და ჩემი ოჯახი თბილისში გადმოვედით, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ, მინდოდა აქ ევლოთ სკოლაშიც, სხვადასხვა წრეებზე, ასე უფრო ბედნიერები არიან, მე და ჩემი ოჯახი ყველაფერში ხელს ვუწყობთ, სოფელში არდადეგებზე ჩამყავს სუფთა ჰაერზე. მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, ბავშვები ჩემთვის ყველაფერი არიან, ამათი ერთი ჩახუტებით ბევრი წელი მემატება-თქო სულ ვამბობ, ახლა ერთი უკვე პატარა 10 წლისაა დიდი კი 14 -ის, საოცარი გოგოები არიან, კარგად სწავლობენ.
ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ჩემი თავი ჩემს შვილებს, შვილიშვილებს და ამ ორ პატარა შვილობილს მივუძღვენი. მაქვს ერთი ოცნება, რომ მქონდეს საშუალება, გავაკეთო რაიმე ცენტრი სადაც მოვლენ ბავშვები, რომლებსაც სითბო, სიყვარული აკლიათ, რომლებსაც მატერიალურად აკლიათ ბევრი რამ. მინდა მქონდეს ერთი ადგილი, სადაც ისინი ითამაშებენ, დახატავენ, გამოძერწავენ, იმღერებენ, იცეკვებენ, თავს იგრძნობენ ბედნიერად.
ავტორი: მარიამ ქველაძე






















