
თქვენ რაც პოლიტიკა გგონიათ იმაზე გვერევა ზუსტად გული და იმის შესაცვლელვად ვართ მოსულები, – ასე ეხმაურება „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებებს, სადაც ამბობდა, რომ ელისაშვილი ორი მაჟორიტარის დაყენებას ითხოვდა და მთაწმინდის ოლქში სწორედ ლევან იოსელიანის წარდგენა სურდა.
ელისაშვილის თქმით, ლევან იოსელიანი 30 წელია მისი მეგობარია და პოლიტიკაში ქვეყნის წინსვლისთვის მოვიდნენ. ამის შესახებ ელისაშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა. მის ამ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„ბოკერია ისე გამწარებული იწყევლებოდა გუშინ ცოტა შემეცოდა კიდეც. რაო გიგა სტამბოლის ბაზარი რო გაქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში ყველა შენ დაკრულზე ვერ ააცეკვე და ორღობის დედაკაცივით წყევლა კრულვაზე გადახვედი ეს ამხელა “პოლიტიკოსი კაცი”?! წესიერ ხალხს გადააწყდი პოლიტიკაში, ვაჭრობა არ გამოგივიდა და მოგემტვრა კბილები? ვიცი ვერაფრით იჯერებთ შენ და შენი ამფსონები მარა მართლა ხალხის პრობლემები გვაწუხებს მე და ჩემ გუნდს და მართლა ამ ქვეყნის წინსვლისთვის ვართ პოლიტიკაში.
ასევე მართლა ფეხებზე გვკიდია შენი და შენნაირი ცეხავიკების დალაგებული რაღაც სქემები და გარიგებები. თქვენ რაც პოლიტიკა გგონიათ იმაზე გვერევა ზუსტად გული და იმის შესაცვლელვად ვართ მოსულები.
p.s. ლევან იოსელიანს კაცის კაცი რომ უძახე უნდა იცოდე რომ ჩემი ბავშვობის მეგობარია. 30 წელია ცხოვრებას მხარდამხარ მოვუყვებით და ჩემზე ბედნიერი კაცი არაა რომ ამ ჭუჭყიან პოლიტიკაში ლევანი გვერდით მიდგას და მაძლიერებს. შენი მექრთამე და ხალხის ფულის ქურდი მეგობრებისგან განსხვავებით ლევან იოსელიანი არის წესიერი, პრინციპული და პატრიოტი კაცი“, – წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
მანამდე, გიგა ბოკერიამ „მთავარი არხის“ ეთერში ელისაშვილზე განაცხადა:
„მოითხოვდა, ორი ადგილი მომეცით, შემოვდივარ შეთანხმებაშიო, იოსელიანი დააყენეთ მთაწმინდაზეო. ბუნებრივია, მარტო ჩვენთვის კი არა, ამ იოსელიანს არავინ იცნობს. ახლა უფრო გაიცნობენ. კაცის კაცის დაყენებას ითხოვდა“, – განაცხადა ბოკერიამ























