
ფეხმძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია და რამდენიმე დღეში დატოვებს კლინიკას, – ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
„ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. ბოლო 20 საათი ცხელება არ ჰქონია. ვირუსის ზედა საზღვრებისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა არ ვლინდება.
ყოველდღიურად ხდება ნაყოფის მონიტორინგი და ეს შეესაბამება მის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას. აქედან გამომდინარე, დიდი იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე დღეში პაციენტი დატოვებს კლინიკას,“ – ამბობს რატიანი.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების საერთო ჯამში 108 შემთხვევა დადასტურდა.
- 31 მარტის მდგომარეობით გამოჯანმრთელდა 21 ადამიანი.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.






















